დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ხელის მტევნებზე კანის გადანერგვა ჩაუტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
ქაშიბაძის თქმით, პაციენტი დამწვრობის შოკიდან გამოსულია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტის მდგომარეობა ცვლილების გარეშეა, ისე, როგორც გუშინ ღამით იყო. ის სტაბილურობას ინარჩუნებს. გონზე თავიდანვე, პირველივე წუთიდან იყო, მხოლოდ დამწვრობის შოკი ჰქონდა. ახლა დამწვრობის შოკიდან გამოსულია, გონზეა და ადეკვატურია. ამჟამად რჩება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ ჩაუტარდება ქირურგიული ჩარევა, მტევნებზე კანის გადანერგვა. შემდგომ, სავარაუდოდ ერთ კვირაში, ის გადაყვანილი იქნება პალატაში“, - განუცხადა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსს“.
ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. ის მაშინ დაშავდა, როდესაც დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა.