ზუგდიდელმა ქალბატონმა, დალი ძიგუამ საკუთარი აგარაკი მოხუცებს დაუთმო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე ფაცაციამ დაწერა. მის პოსტს უამრავი გაზიარება და დადებითი კომენტარიც მოჰყვა.
"სასწაულები ხდება წამებში...მეგობრებო მინდა გახაროთ ერთი სასიამოვნო ამბავი, ერთი სურვილი ჩავიფიქრე ამ საახალწლოდ. მეგონა, რომ არ ამიხდებოდა, ჩემი ოცნება კი უკეთილშობილესმა, უერთგულესმა, თავის ქალაქზე და თანაქალაქელებზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქალბატონმა Dali Dzigua-ამ ამიხდინა. ქალბატონს რომელსაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე და იმ ადამიანებზე ვისაც ჩვენი, თქვენი თანადგომა სჭირდებათ. ქალბატონი დალი მზადაა თავის აგარაკი "კომბინატში" დაუთმოს მოხუცთა სახლს, ქალბატონი დალი არის სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი. ჩვენი უბნის "კომბინატის" ბრილიანტი.. " - წერია სალომე ფაცაციას პოსტში.
Ambebi.ge დალი ძიგუას დაუკავშირდა:
"ეს აგარაკი ათი წლის წინ ოჯახმა ჩვენთვის მოვიწყეთ, მაშინ არ გვიფიქრია, რომ ეს მოხუცთა თავშესაფარი იქნებოდა... თუმცა ამ სამადლო საქმის გაკეთების სურვილი გვაქვს. სახლი ნახევრად დაკეტილი იყო, ჩემი შვილი თბილისში ცხოვრობს. მხოლოდ ზაფხულობით მივდიოდით აგარაკზე, როცა ის შვილთან ერთად ჩადიოდა. სამი დღის წინ მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით. ერთ-ერთმა, სალომე ფაცაციამ თქვა, რომ მოხუცთა თავშესაფრის მოწყობა სურდა, თუმცა ფართი არ ჰქონდა და შენობის ხელახლა აშენებას ვერ ახერხებდა. რა თქმა უნდა, ჩემი სახლი შევთავაზე, მე თვითონ ბინებში ვცხოვრობ. მეუღლეც თანახმაა. ალბათ ვიღაცისთვის ეს გასაკვირია, მაგრამ მე ვინც მიცნობს, ეს ამბავი არ გაუკვირდებათ. ვცდილობ, ქველმოქმედი ვიყო. პატარა ბიზნესიც გვაქვს და არ გვიჭირს. რაც მთავარია, შვილი ცოცხალი და ჯანმრთელი მყავს. სამი წლის წინ ავარიაში მოყვა, 40 დღე კომაში იყო, მას მერე და მანამდეც სასიკეთო საქმეების კეთებას ვცდილობ", - ამბობს დალი ძიგუა.
ზუგდიდში მოხუცთა თავშესაფრის აშენება წლებია "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელს სალომე ფაცაციას სურს. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, მუნიციპალიტეტში ამის საჭიროებაა.
"ხუთი წელია მინდა, რომ სათნოების სახლი მოვაწყო. ჩემთან ერთად ამ საქმის განხორციელებაში ჩართულია სოციალური კაფე "მეგობარის" ხელმძღვანელი ედო ფარცვანია. მეგობარმა ფართი შემოგვთავაზა, თუმცა ახლა ფორმალური საკითხები უნდა მოვაგვაროთ. ეს იქნება დახურული სივრცე, მათთვის ვინც მარტოა. ჩემი ოცნება იყო მოხუცებს ჰქონოდათ მშვიდი და თბილი გარემო და ეს ოცნება ჩემმა მეგობარმა ამიხდინა. ასე შვილის ყოლის შემდეგ არაფერი გამხარებია", - თქვა ფაცაციამ.