ავტორი:

როგორ გამოიყურება ნატუკა გულისაშვილის ბინა - მსახიობს შინ საოცარი­ მიკროკლიმატი აქვს შექმნილი

როგორ გამოიყურება ნატუკა გულისაშვილის ბინა - მსახიობს შინ საოცარი­ მიკროკლიმატი აქვს შექმნილი

მსახიობი ნატუკა გულისაშვილი ფლორასა და ფაუნაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია. შინ საოცარი მიკროკლიმატი აქვს შექმნილი და ოჯახის წევრებთან ერთად გულმოდგინედ ზრუნავს პუდელ "დაფნაზე", თუთიყუშ "ბეჰემოთზე", თევზ "ჟოზეფინასა" და ულამაზეს მცენარეებზე. ფიქრობს, ამ ყველაფერს დაამატოს ქამელეონიც. მისი ოცნებაა საკუთარი სახლი, რომ იქ საოცრებები შექმნას. მასთან მობინადრე ფაუნისა და ფლორის თითოეული წარმომადგენელი ოჯახის საპატიო წევრია.

- მამა მეღვინე იყო. რუსეთშიც უწევდა სამსახური და ჩვენც ძველით ახალ წელს მოსკოვში ვხვდებოდით. ყოველი ჩასვლისას ჯერ ცნობილ ცხოველთა ბაზრობაზე მივდიოდით, შემდეგ - ზოოპარკში. შეუძლებელი იყო, რამე არ გვეყიდა, ჩამოვიყვანდით და ვუვლიდით. მამამ "ბუნების პრინცესა" დამარქვა. თითოეულ ხეზე მესაუბრებოდა, მეუბნებოდა, რომ ყოველი მცენარე დილას ჩვენთან ერთად იღვიძებს...

მამა საგარეჯოში, მანავის ღვინის ქარხანაში მუშაობდა. ხანდახან მეც იქ ვიყავი, მაგრამ სოფელში ყოფნა რომ მბეზრდებოდა, ვეუბნებოდი, თბილისში წამიყვანე-მეთქი. ერთხელაც მკითხა, რა გინდაო? ზღაპარი მინდა-მეთქი. ორ კვირაში მომიწყო ზღაპარი - ვოლიერები ააშენა, სადაც მყავდა ორი შველი, "ჯერო" და "მარდი", ფარშავანგი "კოკო" და ბევრი ფრინველი. იმ წელს მოსკოვიდან იაპონური ჯუჯა მამლებიც ჩამოვიყვანეთ. უბედნიერესი ვიყავი. იმ დროიდან სულ მქონდა ცხოველებთან ურთიერთობა. მიწასთან მუშაობაც მსიამოვნებს. აღარ მინდა კორპუსი. ჩემი ოცნებაა კერძო სახლი და ვიცი, რასაც მოვაწყობდი იქ. ცხოველები ისე მიყვარს, ქუჩიდანაც წამომიყვანია ძაღლები. ერთხელ ციყვი მოვიყვანე შინ.

- ეს როგორ მოხდა?

- სულ პაწაწინა იყო, თურმე ფუღუროდან ჩამოვარდნილა. კაცი ბაზართან იდგა და ხელში ეჭირა. წამოვიყვანე და პიპეტით გავზარდე. დიდხანს ჩვენი ოჯახის წევრი იყო. ცხოველები თუ ფრინველები, ვინც კი ჩვენთან მოდის, მაშინვე ოჯახის წევრები ხდებიან. ასეა ახლაც - გვყავს პუდელი. "დაფნა" ჩემმა შვილმა დაარქვა. სახელი მაშინ შეურჩია, როცა ნახა ფილმი "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან". ჩვენი დაფნა 5 წლის გაუთხოვარი ქალბატონია და ახლა უნდა გავათხოვოთ.

- როგორ უვლით პუდელს?

- ჩემი შვილი უცხოეთში კინოლოგ-ფსიქოლოგებს უკავშირდება... მყოლია ავღანური მწევარი, სეტერი, მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი. ქუჩიდან ორჯერ მეტისი მოვიყვანე. თითოეულს თავის ფსიქოლოგია აქვს და ინდივიდუალური მოვლა სჭირდება. პირველად მყავს პუდელი, რომელსაც ბეწვი არ სცვივა. მსუნაგია, ტკბილეული ძალიან უყვარს. 2017 წელს ეს ჯიში წლის ჭკვიან ძაღლად დასახელდა. როცა ძაღლი მოგყავთ, გასათვალისწინებელია ბინის ფართობი. კარგად უნდა დაფიქრდეთ, შეგიძლიათ თუ არა მოვლა. არ შეიძლება კავკასიური ნაგაზი ოროთახიან ბინაში გყავდეს.

- ძალიან ლამაზი თევზი გყავთ.

- "ჟოზეფინა" ახლა შემობრძანდა ჩვენს ოჯახში. ჩემმა შვილმა ესეც იმ ფილმიდან დაარქვა, ოღონდ, რადგან მამალია, ჟოზეს ვეძახით. ამ ჯიშს "პეტუშოკი" ჰქვია, უადვილესი მოსავლელია. ჰაერის ცირკულაცია არ სჭირდება, ოთახის ტემპერატურის წყალშია, ოღონდ ორ დღეში ერთხელ უნდა გამოუცვალო. ძალიან მინდოდა თევზები - საოცრად ამშვიდებს ნერვულ სისტემას. უნდა ვიცოდეთ, რამდენი საკვები ჩავუყაროთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პურის ჩაყრა. ახლა პატარა ქამელეონი გვინდა. თუ დავადგინეთ, საკვები სად ვუშოვოთ, მოვიყვანთ. ნახეთ სრულად

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს