გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" წარმომადგენელი კატო კოტოლაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოზურგეთში მცხოვრები ოჯახის გაუსაძლისი ყოფის შესახებ წერს:
"არ ვიცი, ამ ხალხზე მოყოლა საიდან დავიწყო... ან ღირს თუ არა ყველაფრის მოყოლა. შემთხვევით გავიცანი დღეს, ცოლ-ქმარი, მაკა და ემზარი. სოფელ მაკვანეთში ცხოვრობენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ქმარი 47 წლისაა, თავში სიმსივნე აქვს და აუტანელ ტკივილებს ებრძვის, არ ესმის და გარესამყაროსთან თითქმის არ კონტაქტობს, მხოლოდ ოჯახის წევრებთან აქვს კომუნიკაცია, მათთვის გასაგები მიმიკებით და ჟესტების ენით. ეგეც ძალიან იშვიათად.
ცოლი - მაკა, სულ რაღაც 40 წლისაა, ჩემზე 7 წლით დიდი, და ალბათ 27 წლით უფროსს გავდა, ცხოვრებისგან ისეა დატანჯული. როგორც მითხრა აფხაზეთიდან არის დევნილი, ცნობილი კადრები რომაა, გემით რომ გამოყავთ ხალხი, აი, იმ გემის ერთ-ერთი მგზავრია.
როცა არც წვიმს და არც ქარია, მაკა და ემზარი სახლის წინ სხედან ასე... მთელი დღე. ყოველ ათ წუთში ერთხელ სთხოვს ეტლიდან ადგომას, ერთ წუთს ჩერდება და ჯდება ისევ. და მერე სიგარეტს უკიდებს. ჩემი იქ ყოფნისას იმდენჯერ განმეორდა პროცესი, ერთხელაც ვთხოვე სურათს გადაგიღებთ-მეთქი. რაღაცნაირი სევდიანი და თან მზრუნველობით სავსე კადრები იყო.
პატარა გულო ყავთ, 11 წლის, შეიძლება იცოდეთ კიდეც მისი ვიდეო, თუ არადა ლინკს კომენტარებში დავდებ. "სიკეთის ქალაქი", ემიგრანტები და ადგილობრივი ეკლესია ეხმარება პერიოდულად. ოჯახს მართლა ძალიან უჭირს, საკვები, ტანსაცმელი, ჭურჭელი... ბევრი რამ ჭირდებათ ყოველდღიურად. მცირე მუდმივი შემოსავალი კი აქვთ (მემგონი სოციალური დახმარების სახით), მაგრამ პამპერსებს და წამლებსაც კი არ ყოფნისო. ძალიან მძიმე ისტორიებს მომიყვა, იმდენჯერ აუცრემლიანდა თვალები, ისეთი დამღლელი და აუტანელი ყოველდღიურობა ჰქონია, ხალხის დამოკიდებულების გამოც, გული მომიკვდა... იქნებ რამე მოვიფიქრო, როგორ შეიძლება დავეხმარო".