დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსს, მოროდიორობის თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში დაცვის პოლიცია იცავდა. ეს იყო დიდუბის გამგეობის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, რომელიც დიღმის მასივის მე-4 მიკრო რაიონის, მე-5 კორპუსთან, გუშინ მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფება.
მისივე განმარტებით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და დაზიანებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია სრულად არის გაწმენდილი.
მოსახლეობა ორი სადარბაზოდან ევაკუირებულია, მათი ნაწილი ნათესავთან იმყოფებიან, ნაწილი კი სასტუმროში არიან გადაყვანილი. სასტუმროს ხარჯი სრულად ანაზღაურდება გამგეობის მხრიდან იქამდე, სანამ მათ ბინებში დაბრუნების შესაძლებლობა არ მიეცემათ“, - განაცხადა დიდუბის გამგებელმა.
რაც შეეხება 8 დაშავებულს, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, 2 უკვე გაწერეს სახლში, ხოლო 21 წლის ბიჭი, რომელიც დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ვინაიდან სხეულის 35% აქვს დამწვარი.
„მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმუშავებენ ექსპერტ-კრიმინალისტები და ისინი დაადგენენ, თუ რამდენად მყარი და ვარგისია კორპუსი საცხოვრებლად.
რაც შეეხება „ყაზტრანს გაზს“, კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ აფეთქება გამოიწვია კუსტარულად დამუშავებულმა დანადგარმა, თუმცა ამას ზუსტად გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.