ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენასთან დაკავშირებულ პროცედურებზე გამოსვლებს პარლამენტში მცირე შელაპარაკება მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის, უმრავლესობის დეპუტატ შოთა ხაბარელსა და დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს შორის მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხაბარელმა უმრავლესობიდან გასული დეპუტატები მავნებლობაში დაადანაშაულა.
"ყველა ზღვარს გადაცდა აქ არსებული სიტუაცია. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა, რასაც ჩვენ ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროა მაგრამ, "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტს აკეთებენ და მავნებლობენ ჩვენგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გასული კოლეგები. ეს არის ყველაზე ცუდი. ჩვენ აქ ვართ რომ ვაკეთოთ საქმე. მოსულია ბანკის მმართველი და მას უნდა მოვუსმინოთ. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთი მავნებლობა არ გაგივათ არავითარ შემთხვევაში. თქვენ აღარაფერს აღარ იცავთ. ამათ ნუ დაემსგავსებით, ძალიან გთხოვთ. მათ ისედაც ავნეს ქვეყანას, დაანგრიეს, გააფუჭეს და თქვენც ნუ აუბამთ მხარს, ძალიან გთხოვთ", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
მის ამ გამოსვლას, უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება და კამათი მოჰყვა. დავით ჭიჭინაძემ შოთა ხაბარელს საპასუხო რეპლიკითაც მიმართა.
"ნუ გაბრაზდები ძალიან გთხოვ, ცივი წყალი ბევრია ონკანში, ყველგან. დიდხანს უნდა გაგრძელდეს ეს პროცედურა? დააპაუზეთ!" - აღნიშნა ჭიჭინაძემ.