პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით ის ვერ დაამტკიცეს.
დეპუტატმა ლევან კობერიძემ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო. როგორც ირაკლი კობახიძემ კობერიძის პასუხად აღნიშნა, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.