ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.
პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე ვითარებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ. წერილში, რომელშიც პატიმრებმა ციხიდან გამოგზავნეს, დეტალურადაა აღწერილი რა პირობებში უწევთ მათ ყოფნა. უფრო კონკრეტულად, ისინი სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში სათვალთვალო კამერების არსებობაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.
"ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე ყოველდღიურად, უკლებლივ მთელი დაწესებულების ყველა საცხოვრებელ საკანში გვითიშავენ წყალს ღამის 3 საათზე და გვირთავენ დილის 07:30 საათზე. წყლის გათიშვის პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ჩვენ ამ საათების მანძილზე ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც იწვევს ჩვენი ჯანმრთელობის მოსპობასა და განადგურებას.
ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე დღემდე ჰაერის გამწოვი საშუალება მუდმივად ითიშება ღამის 3 საათზე და ირთვება დილის 07:30 საათზე.
ჩვენ მიმართ ხორციელდება მუდმივი გამოწვევა და აგრესია. ყველა გზით ცდილობენ, გამოგვიყვანონ მდგომარეობიდან და დაგვიმატონ სასჯელი. უკანონოდ გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებსა და პაემნებს ოჯახთან. ასევე უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში" - წერენ პატიმრები.
გავრცელებულ წერილში ბათუმის ციხის პატიმრები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავარ პროკურატურას და სხვა შესაბამის უწყებებს შველასა და რეაგირებას სთხოვენ.
დაშავებული პატიმრების მოსანახულებლად აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ცოტნე ანანიძე იმყოფებოდა.
"სამივე პატიმარი მოვინახულე, მათ აქვთ თვითდაზიანებები ხელის არეში. ამჟამად ისინი სხვადასხვა საკნებში იმყოფებიან. სამივე ძაფებით იყო გადაბმული. ერთს, რომელიც ადვოკატს შეხვდა, მავთულითაც ჰქონდა დაზიანება მიყენებული. მიზეზად დაასახელეს წყლისა და ვენტილაციის პრობლემა, ასევე სიტყვიერი შელაპარაკება ციხის ერთ-ერთ თანამშრომელთან", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.