„კაბუ“ გუშინ საღამოს გაათავისუფლეს. ჯერჯერობით, საფრანგეთში რჩება, რადგან ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ მეუღლემ, ანუკი გიორგელაშვილმა განუცხადა.
როგორც გიორგელაშვილი აცხადებს, გათავისუფლების შემდეგ თავად მეუღლეს ესაუბრა. მისივე განმარტებით, საქმეში აბუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვთ.
„ჩამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე ვერ მოდის და საფრანგეთში, სასამართლოს მოლოდინში რჩება. აბსოლუტურად არანაირი მტიკცებულება არ აქვთ. სასამართლო გაიმართება თუ არა, მაშინვე შეეძლება წამოსვლა. „კაბუს“ გუშინ ვესაუბრეთ, გამოვიდა და გაგვახარა, ეს ამბავი გაგვაგებინა“, - განაცხადა გიორგელაშვილმა.
კახა აბუაშვილის გათავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ჯერ არ გათავისუფლებულა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა ჯერ შეწყვეტილი არ არის.
შეგახსენებთ, "კაბუ" ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს.
მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი. იგი სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა.