სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა ან სტვენითი სუნთქვა - ასეთია სიმპტომები, რომლებთან გამკლავებაც ასთმით დაავადებულ ადამიანებს კვირაში რამდენჯერმე, უარეს შემთხვევაში კი დღეში რამდენჯერმე უწევთ. მსოფლიოს მასშტაბით, დაავადების ამგვარ წნეხს საკუთარ თავზე დაახლოებით 340 მილიონი ადამიანი განიცდის.
სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებში ოთხიდან ერთ ბავშვს ასთმური შეტევები ან ასთმის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება. თუმცა, ასთმასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, დასრულდეს თუ მკურნალობის ის ახალი მეთოდი გაამართლებს, რომლის შემუშავებაშიც ქართველი სპეციალისტები არიან ჩართულნი გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.
სპეციალისტები საბერძნეთიდან, ინგლისიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან და პოლონეთიდან, ორ ქართულ ჯგუფთან ერთად ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში მიკრობული ბალანსის აღდგენას მასში ბაქტერიოფაგების გაზრდილი რაოდენობის შეყვანის გზით ცდილობენ. როგორ დაეხმარება ეს ასთმით დაავადებულ ადამიანებს, ამაზე AMBEBI.GE-ს ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების განყოფილების გამგე ნინა ჭანიშვილი ესაუბრა.
- როგორც გაირკვა, ასთმის მქონე ბავშვებში მიკრობული ბალანსი დარღვეულია. ეს დარღვევა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბავშვებს აკლიათ ბაქტერიოფაგების რაოდენობა ზედა სასუნთქი გზების ეკოლოგიურ ნიშაში. ჩვენ გვინდა, რომ გამოვყოთ ეს ბაქტერიოფაგები და შემდეგ ისინი ხელოვნურად შევიყვანოთ დაავადებული ბავშვების ზედა სასუნთქ გზებში.
ასთმის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ სასუნთქ გზებში დარღვეულია ბალანსი. შესაბამისად, ჩვენ გვგონია, რომ შესაძლებელია აღვადგინოთ ეს ბალანსი და ბალანსის აღდგენის შედეგად, რა თქმა უნდა, ასთმური გამოვლინებები შემცირდება ან მთლიანად აღმოიფხვრება“ - აღნიშნა ნინა ჭანიშვილმა.
არსებული ჰიპოთეზის დამტკიცებას, რომელიც იმუნოლოგებისგან მომდინარეობს და მანჩესტერის უნივერსიტეტში გენეტიკური ანალიზის შედეგად არის დადასტურებული, მეცნიერები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 4 წლის განმავლობში შეეცდებიან. თუმცა, ვიდრე საბოლოო მედიკამენტი დღის სინათლეს იხილავს, სასინჯარე და კლინიკური ცდების გავლა მოუწევს.
„პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ ეს ბაქტერიოფაგები, მათი გენეტიკური თვისებები, შემდეგ უნდა გამოვცადოთ ეს ბაქტერიოფაგები ქსოვილოვან კულტურაზე - ეს არის ე.წ ინვიტრო ანუ სინჯარაში ჩასატარებელი ცდები. თუ ექსპერიმენტებში იმუნოლოგიური პარამეტრები გამოსწორდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გადავიდეთ კლინიკურ გამოცდებზე.
კლინიკური გამოცდისთვის, რა თქმა უნდა, მსურველები უნდა მოიძებნონ, უნდა შედგეს ძირითადი ჯგუფი და ასევე საკონტროლო ჯგუფი, რომ შევადაროთ სტანდარტული მკურნალობისა და ბაქტერიოფაგებით მკურნალობის შედეგები. ჩვენ გვგონია, რომ პაციენტი შეიძლება, სრულიად გამოჯანმრთელდეს და ასთმური შეტევები აღარ ჰქონდეს“ - აღნიშნა სპეციალისტმა.
იმ შემთხვევაში თუ ჰიპოთეზამ ყველა შესაძლო შემოწმება წარმატებით გაიარა და მედიკამენტის დამზადების ეტაპამდე მივიდა, ის სავარაუდოდ, მომხმარებლისთვის ინჰალატორის ან სპრეის სახით იქნება მიწოდებული. თუმცა, საინტერესოა, რაში მდგომარეობს აღნიშნული მიდგომის უნიკალურობა, თუ ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტები საქართველოს ბაზარზეც კი უკვე რამდენიმე ათეული წელია წარმოდგენილია.
"პირველ რიგში სიახლე ის არის, რომ ბაქტერიოფაგები, რომლებიც უნდა ვიხმაროთ, ზედა სასუნთქი გზების ეკოლოგიური ნიშის შესაბამისი იქნება. ორიგინალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიყენებთ იმას, რაც ბუნებაში არსებობს და ვაბრუნებთ უკან ბუნებაში მომატებული რაოდენობით. ანუ ეს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ბიოლოგიური მიდგომაა.
ჩვენ არ მოვიხმართ არც ანტიბიოტიკებს და არც ჰორმონალურ პრეპარატებს და სწორედ ამით არის ჩვენი მიდგომა უკეთესი და ამით არის უნიკალური, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებაში არსებულ ბუნებრივ ელემენტებს, ისევ დავაბრუნებთ უკვე გაზრდილი რაოდენობით იმ ეკოლოგიურ ნიშაში, სადაც მისი ნაკლებობაა“ - განმარტა ნინა ჭანიშვილმა.
იმ შემთხვევაში თუ ქართველი მეცნიერები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად წარმატებას მიაღწევენ, მილიონობით ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და მათ აღარ მოუწევთ იმ შიშის ქვეშ ცხოვრება, რასაც ასთმური შეტევა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი ჰქვია.