ავტორი:

"ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო" - მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობებზე

"ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო" - მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობებზე

ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე საუბრისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებლობით იყო ჩადენილი და მასში მონაწილე ყველა პირი დროულად დააკავეს.

„ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა, მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ ახლა, ასეთ სიტუაციაში ეს არ შეიძლება. გირგვლიანის შემთხვევაში გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, დაიჭირეს და ციხეში აღმოჩნდნენ. სატელეფონო ანძების მეშვეობით იპოვეს ყველა, ვინც მონაწილეობდა. იქ ამას ვერ გააყალბებდი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაუნახევრა დამნაშავეებს სასჯელი, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს ადამიანები იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები და 2008 წლის ომის შემდეგ ბევრ სამხედროს გაუნახევრდა სასჯელი.

რაც შეეხება ბუტა რობაქიძის მკვლელობას, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ამერიკაში ყოველთვიურად ხდება.

„რობაქიძის ისტორიას რაც შეეხება, ასეთი რაღაც ამერიკაში ყოველთვიურად ხდება. ძალიან ბევრგან ხდება პოლიციის მიერ იარაღის ჩადება, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. საქართველოში, სადაც იყო გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი, რას ვთხოვთ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სახელმწიფო რა იყო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არც გირგვლიანის და არც რობაქიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და „დიდი ღორობაა პრეზიდენტისთვის ამის დაბრალება“.

„ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. ამაზე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ვინც არ უნდა ილაპარაკოს... დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ორივე ფაქტის თაობაზე გვიან გახდა მისთვის ცნობილი.

„გვიან გავიგე. რატომ უნდა გამეგო უფრო ადრე?! სისხლის სამართლის საქმე არ არის პრეზიდენტის ფუნქცია. ეს ივანიშვილს ჰგონია, რომ ქვეყნის მართვის ფუნქციაა დღე და ღამე პროკურორებთან ჯდომა, პოლიციელების დაბარება და სასამართლო საქმის გარჩევა, ჩაგდება თუ ჩამოგდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან

"გადავწყვიტე, ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას" - რა გეგმები აქვს დავით ზურაბიშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შემდეგ

მთავრობის განცხადება ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს გავლით, სომხეთში სამხედრო მანქანების გადასაყვანად ემზადება