ავტორი:

რა სამედიცინო მომსახურებას უფინანსებს სახელმწიფო თქვენს შვილებს 18 წლის ასაკამდე

რა სამედიცინო მომსახურებას უფინანსებს სახელმწიფო თქვენს შვილებს 18 წლის ასაკამდე

2017 წლის პირველი მაისიდან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მომსახურება ყველა მოქალაქისთვის განსხვავებული პრინციპით ფინანსდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის დაზღვევის საყოველთაო პროგრამა დაახლოებით 2 წლის წინ განაახლა, მისი ცალკეული პაკეტების მიმართ შეკითხვები მაინც არსებობს და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის დაზღვევაა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, კონკრეტულად, რა ტიპის სამედიცინო მომსახურება უფინანსდებათ ბავშვებს და რა პროცედურებია საჭირო დაფინანსების მისაღებად.

0-5 წლის ასაკის ბავშვებს სახელმწიფო შემდეგ სამედიცინო მომსახურებას უფინანსებს:

  • 100%-ით ფინანსდება ოჯახის ექიმის ან ექთნის მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ბინაზეც);
  • ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრები ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმების მომსახურება: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი და ქირურგი.
  • სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურებადია ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია; შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია; გულ-მკერდის რენტგენოგრაფია და ძვლების ტრენტენოგრაფია. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სახელმწიფო მას 80%-ით აფინანსებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 0-5 წლის ბავშვებში სრულად ფინანსდება კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც ექიმმა უნდა დანიშნოს: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;

ასევე ფინანსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები (გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა). ამასთან, 0-5 წლის ბავშვებს სრულად უფინანსდებათ სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა.

პროგრამის თანახმად, 0-5 წლის ბავშვებს სრულად უფინანსდებათ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. რაც შეეხება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა სრულად ფინანსდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ონკოქირურგიულ და კარდიოქირურგიულ ოპერაციებს. გეგმური ქირურქიული ოპერაციების წლიური ლიმიტი კი 15 000 ლარს შეადგენს. სხვა ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 80%-ია.

0-დან 5 წლამდე ასაკში ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიისა და სხივური თერაპიის დაფინანსების ლიმიტი კი 15 000 ლარია. პროგრამაში გათვალისწინებულია სამკურნალო საშუალებათა ხარჯები და მისი ლიმიტი 50 ლარია, შშმ ბავშვების შემთხვევაში კი 100 ლარი.

რაც შეეხება ინფექციური დაავადებების მართვას, აღნიშნულთან დაკავშირებული კრიტიკური მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია 100%-ით ფინანსდება, გარკვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ კი სახელმწიფოს თანაგადახდა 80%-ს შეადგენს.

რა სამედიცინო მომსახურება უფინანსდებათ 6-17 წლის ასაკის პირებს?

ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის თანახმად, 6-დან 17 წლამდე ასაკის პირებს გეგმური ამბულატორიული მომსახურება სრულად უფინანსდებათ. გასათვალისწინებელია, რომ გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით არის შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100%-ით ფინანსდება ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები.

ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის თანახმად, 6-დან 17 წლის ასაკის პირებს 70%-ით უფინანსდებათ ოჯახის ექიმის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგისა და ქირურგის მომსახურება. ამასთან, 100%-ით უფინანდებათ ექიმის დანიშნულებით ჩასატარებელი ინსტრუმენტული გამოკვლვები და ელექტროკარდიოგრაფია.

ჯანმრთელობის საყოველთაო პროგრამაში არსებული ჩამონათვალის თანახმად, 17 წლის ასაკამდე პირებს სახელმწიფოს მიერ 70%-ით უფინანსდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია, შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია, გულ-მკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია, ძვლების რენტგენოგრაფია. 70%-იანი თანადაფინანსება ეხება ღვიძლის ფუნქციურ სინჯებსა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ სინჯებსაც.

6-დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ, სრულიად უფასოდ ჩაიტარონ კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებსაც ექიმი დანიშნავს: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დროის განმსაზღვრელი გამოკვლევა.

ასევე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევებს, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა; სამედიცინო ცნობის, დასკვნისა და რეცეპტის გაცემას გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.

აღსანიშნავია, რომ 100%-ით ფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, თუმცა სტაციონარული მომსახურების დროს, ერთეულ შემთხვევაზე დაფინანსების ლიმიტი 15 000 ლარია. ასევე, სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ინტენსიურ თერაპიას და კრიტიკული მდგომარეობის მართვასაც (ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევების შესაბამისად. ამასთან, სხვადასხვა შემთხვევაში გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა 70%-ით ფინანსდება).

რაც შეეხება გეგმურ ქირურგიულ ოპერაციებს, ისინი 6-17 წლის ასაკის პირებისთვის ძირითადად, 100%-ით ფინანსდება (მათ შორის, ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები), თუმცა წლიური ლიმიტი 15 000 ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში 6-17 წლის პირების დაფინანსებასაც მოიცავს. უფრო კონკრეტულად, ქიმიოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის მკურნალობის დაფინანსების წლიური ლიმიტი 12 000 ლარს შეადგენს. სხივური თერაპია კი 100%-ით ფინანსდება.

წლიური ლიმიტი დაწესებულია როგორც ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, ისე საკეისრო კვეთაზეც. კერძოდ, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თანხის წლიური ლიმიტი 500 ლარს შეადგენს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს.

პროგრამაში ასევე გათვალისწინებულა მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევებში სტაციონარული მომსახურება 70%-ით ფინანსდება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა 500/800 ლარიანი ლიმიტით, ხოლო სეფსისის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო 100%-ით ფარავს.

რაც შეეხება ინფექციური დაავადებების მართვას, რიგ შემთხვევებში სახელმწიფო მას 80%-ით აფინანსებს, ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებულ კრიტიკულ მდგომარეობებსა და ინტენსიურ თერაპიას 100%-ით აფინანსებს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ AMBEBI.GE-ს განუმარტა, გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, არის მიზნობრივი პროგრამებიც, რომლებიც როგორც ბავშვებისთვის, ისე ყველასთვის უფასოა. უფრო კონკრეტულად, ტუბერკულოზისა და აივ შიდსის პროგრამები.

"ასევე, გვაქვს დედათა და ბავშვთა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალშობილებისთვის სკრინინგის ღონისძიებები ისეთ იშვიათ დაავადებებზე ფინანსდება, როგორიც არის ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, ჰიპერფენილალანინემია და მუკოვისციდოზი. ასევე, გვაქვს ახალშობილების სმენის სკრინინგის კვლევა და ა.შ.

გვაქვს სპეციალური პროგრამა - ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება. 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი საჭიროების ბავშვი ონკოჰემატოლოგიური დაავადების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობით. ასევე, გვაქვს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც სრულიად უფასოდ, საჭიროების შემთხვევაში ხდება როგორც ჰემო, ასევე, პერიტონიული დიალიზით უზრუნველყოფა.

ორგანოგადანერგილების შემთხვევაში გვაქვს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა და თავად თრიკმლის ტრანსპლანტაციაც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება“, - განმარტა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ეკა ადამიას ინფორმაციით, იმ იშვიათი დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა მკურნალობა 17 წლის ასაკის ჩათვლით ფინანსდება, საკმაოდ დიდია.

„იშვიათი დაავადებების შემთხვევაში, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში უფასოა, ხოლო მედიკამენტების პროგრამა ცალკეა. დაფინანსებული ამბულატორიული მომსახურების ჩამონათვალში 33 იშვიათი დაავადება, სტაციონარული მომსახურების შემთხვევაში კი 46 იშვიათი. აღნიშნული დაავადებები შეიძლება, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურების შემთხვევები განმეორდეს და ამ დროსაც, ორივე სახელმწიფოს მიერ არის უზრუნველყოფილი.

გარკვეული იშვიათი დაავადებების მკურნალობა მედიკამენტებითაც არის უზრუნველყოფილი: ჰემოფილიის, ფენილკეტონურიის, ბრუტონის დაავადების, ზრდის ჰორმონის დეფიციტის დროს და ტერნერის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის ზრდის ჰორმონის უზრუნველყოფის შემთხვევაში, იუვენილური ართრიტისა და ასევე, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის დროს. 18 წლამდე პირები ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ იღებენ“, - განმარტა ეკა ადამიამ.

რა საბუთები უნდა წარადგინოთ სახელმწიფოსგან დაფინანსების მისაღებად და ვის უნდა მიმართოთ?

ეკა ადამიას განმარტებით, მედიკამენტების უფასოდ მიღების მსურველმა, იშვიათი დაავადებების შემთხვევაში (თუ მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროებაა) სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს ფორმა 100 და მას შემდეგ, რაც საჭირო მედიკამენტი განისაზღვრება, მისი უფასოდ მიღება აფთიაქებში იქნება შესაძლებელი.

„სხვა შემთხვევებში, მაგალითად, ამბულატორიასა და სტაციონარში მოთავსებულებს სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა არ დასჭირდებათ. მათ უბრალოდ, კლინიკას უნდა მიმართონ, ამ შემთხვევაში ანგარიშგებას კლინიკა აწარმოებს და პაციენტს არ უხდება დამატებითი აქტივობების განხორციელება, რომ დაფინანსება მიიღოს“, - აღნიშნა ადამიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ