როგორც რეპროდუქტოლოგები ამბობენ, მხოლოდ ჯანმრთელი ქალის ორგანიზმს შეუძლია დაფეხმძიემება და გამრავლება, ხოლო თუკი ქალი არ ფეხმძიმდება, მაშინ მას ჯანმრთელობის კუთხით გარკვეული პრობლემები აქვს. არის ასეთი მდგომარეობაც, როცა ბიოლოგიურად ორგანიზმს არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ უშვილოა. ასტროლოგებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ, ამასთან, შესაძლებლობაც, უშვილო, ჯანმრთელი წყვილის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალონ - ისინი მშობლები გახდნენ. როგორ ახერხებენ ისინი მიზეზების დადგენას და ადამიანების დახმარებას. რა რეკომენდაციების გაცემა შუძლიათ ამ კუთხით, ამაზე ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გვესაუბრება.
- როდესაც ამ საქმეში ასტროლოგიის როლზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელ ორგანიზმზე არაა საუბარი. ადამიანი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი უნდა იყოს. ასტროლოგების გადმოსახედიდან, დაფეხმძიმება, პირველ რიგში, ქვეცნობიერიდან მოდის, ქვეცნობიერიდან უნდა დაუშვას ეს ქალმა, რომ მას უნდა ჰყავდეს შვილი, მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება ფეხმძიმობის შანსი. ბევრი "ქეისი" მქონია, როდესაც ქალს დაფეხმძიმების პრობლემა ჰქონდა და ბიოლოგიურად არანაირი პრობლემა არ ყოფილა. აქ ბევრ რამეს ფსიქოლოგიური წნეხი განსაზღვრავს. ასეთ დროს ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:
ქალის შემთხვევაში მისი ურთიერთობა დედასთან და დედის ურთიერთობა მასთან. ამიტომ, თუკი დედას შვილის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა, სხვა საქმეებით იყო დაკავებული და არა უმეტესად შვილით, ან იყო მკაცრი და ბევრი წნეხი აჰკიდა შვილს - ამიტომ, შვილს დედობის შიში უჩნდება, თვითონაც იგივე არ გაიმეოროს. მეორე მიზეზი: ეს გენეტიკაა, ანუ ქალების ხაზით გენეტიკაში შიში მოდის, რაც ქალების უმეტესობაში გაუცნობიერებელი ამბავია.
- რას გულისხმობ?
- შესაძლოა, რამდენიმე თაობაში ქალებს, შვილის გაჩენასთან დაკავშირებით, დიდი პრობლემა ჰქონდათ. ვიღაცას ავადმყოფი ბავშვი ჰყავდა და გაჩენაზე ამის გამო უარი თქვა - პიროვნულად ვერ განვითარდა. ასე რომ, ყველაფერი ხომ ქვეცნობიერში იდება. მან ჩათვალა, რომ გახდეს დედა, მისთვის უბედურ ქალს ნიშნავს. მოკლედ, ეს მისი გენეტიკური ხაზიდან მოდის. ამიტომ, ვიღაცამ გვარში უნდა გააცნობიეროს, რომ მათი გენეტიკა არასწორი ფორმით მიდის. თაობები ერთმანეთს შინაგან შიშებს გადასცემენ და შემდგომ ქვეცნობიერად ამ შიშებით ცხოვრობენ. ამის გაცნობიერებაა საჭირო. ადამიანმა შიშს თვალი უნდა გაუსწოროს. დაფეხმძიმებისას ეს შიში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ქალი ფსიქოლოგიურად კეტავს შესაძლებლობას, - „მე მზად ვარ, ვიყო დედა“. შესაბამისად ეს პრობლემა ჰოროსკოპში ინდივიდუალურად ჩანს. თუ დედის ფაქტორია, მან უნდა გაიაზროს, რომ დედას ისე უყვარდა როგორც შეეძლო, ის ისეთია და სხვანაირი ვერ იქნებოდა. ასევე ის, რომ ის ადამიანი თუ ამ ინკარნაციაში, სამყარომ მის დედად მოავლინა, რაღაცას ნიშნავს. თუ შვილი ამას გაიაზრებს, პრობლემა იხსნება. მესამე მიზეზიც არის - ეს კარმული ფაქტორია და წინა 2 მიზეზი მესამეს ეფუძნება. დაფეხმძიმების პრობლემა წინა ინკარნაციული შეცდომების გამო ხდება, რომელიც ადამიანმა გასულ ცხოვრებაში დაუშვა - შეიძლება არ უნდოდა, შვილი ჰყოლოდა და უარი თქვა საკუთარ შვილზე, ან გააშვილა, - ბევრი ფაქტორია. ამიტომ, ამ ინკარნაციაში როდესაც მოდის, შესაძლებლია, აირჩიოს ის გვარი და გენეტიკა, როგორიც ჰქონდათ ქალებს, მის წინაპებს 6-7 თაობის მანძილზე. მან, ამ მეთოდით, დედობასთან დაკავშირებული საკუთარი კარმაც უნდა გადაამუშავოს, რაც წინა ინკარნაციაში ვერ შეძლო და იმ კუთხით გენეტიკის ფაქტორი ერთიანდება. მოკლედ, ისიც კანონზომიერებაა, რატომ მოდის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტულ გვარში, გენეტიკაში. საკუთარი გამოცდილება ამ კონკრეტულ ოჯახში დაბადებით უნდა გაიაზროს, თუმცა ყველა ვერ იაზრებს, ადამიანები უმეტესად ავტოპილოტით ცხოვრობენ. ცუდია, ცხოვრებას ავტომატურად რომ მიჰყვები. ცხოვრობენ ისე, როგორც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, არაფერს ცვლიან...
- შეუძლიათ რაიმეს შეცვლა?
- რა თქმა უნდა, რასაც ზოგი ახერხებს, ზოგი - ვერა. ეს უკვე ინდივიდუალურია. შესაბამისად ამას ასტროლოგი ადგენს, რატომ აქვს ადამიანს პრობლემა და საიდან მოდის ის, როგორ შეიძლება მისი მოგვარება.
- უშვილო წყვილისთვის რა დახმარების გაწევა შეუძლია ასტროლოგს?
- შეგვიძლია, დავადგინოთ, რა არის უშვილობის მიზეზი. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ქალს ჰგონია, თუ ბავშვს გააჩენს, კარიერის აწყობას ვეღარ შეძლებს. ეს უმეტესად კარიერისტ ქალებს ემართებათ - ორივე უნდათ - ბავშვიც და კარიერაც. რთულად წარმოუდგენიათ ორივე ერთად. ამიტომ, საჭიროა, რაღაცას ცოტა ხნით შეეშვან. ასეთივე ტიპის ასპექტია - „მეუღლის სახით უკვე მყავს დიდი ბავშვი“. მეუღლე იმდენად მნიშვნელოვანი პერსონაა მისთვის, რომ ქალს ეშინია, თუ დაფეხმძიმდება, ბავშვს გააჩენს, მეუღლეს ყურადღება მოაკლდება, ეს გაუცნობიერებლი შიშია. რასაც ბევრი ქალი ან ვერ აღიარებს, ან ვერ აცნობიერებს. რეალურად ასეა, ამ შემთხვევაშიც გააზრებაა საჭირო და იმის გაცნობიერება, რომ ზრდასრული ადამიანისთვის მეუღლე „დედა“ არ უნდა იყოს, მაგრამ ესეც წინა თაობებიდან მოდის, - დედა, ბებია ასე ექცეოდნენ საკუთარ ქმრებს. ფაქტობრივად, მეუღლის სახით თითოეულს დიდი ბავშვი ჰყავდა. ამ გენეტიკური კოდით გამოწვეული პრობლემა უნდა გავიაზროთ. გააზრების შემდეგ, ყველა პრობლემა გვარდება.
- რომელიმე "ქეისს" ხომ ვერ განვიხილავთ?
- არის ერთი მნიშვნელოვანი "ქეისი", - ქალბატონი უშვილო იყო, მაგრამ ფიზიოლოგიურად პრობლემა არ ჰქონდა. პირველ ქორწინებაში არ უნდოდა ბავშვის გაჩენა, მაგრამ მერე მოუნდა, მაგრამ ვერ ფეხმძიმდებოდა. ჩვენ ვნახეთ მისი გენეტიკური ხაზი და აღმოჩნდა, რომ ქალების ხაზით გარკვეული პრობლემები იყო მასთან ჩადებული, მის დიდ ბებიას (საიდანაც ახსოვს თავისი გენეტიკა) პრობლემები ჰქონდა, - ავადმყოფი შვილი ჰყავდა, რომელსაც ჯანმრთელი და-ძმისგან შორს, გამიჯნულად ამყოფებდა. მოგვიანებით ის ბავშვი გარდაიცვალა...
ამ ქალსაც მისი დედობისგან გაქცევის მომენტიც ჰქონდა. თუმცა შვილები გააჩინა, მაგრამ თვითონ არ ზრდიდა მათ, რასაც იმით ამართლებდა, რომ ბავშვებს კარგი განათლება სჭირდებათ, ამიტომ, ბევრი უნდა ვიმუშავოო. მუშაობდა, ფიზიკურად არ იყო ბავშვეთან და სამყარომ პირველი მესიჯი მისცა - ერთ-ერთი შვილი დაეწვა, მაგრამ გადარჩა, ამ ადამიანმა გააგრძელა თავისი პოზიცია - აქტიური საქმიანობა. სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა და მესამე შვილი შეეძინა, მაგრამ უკვე გარკვეული პრობლემებით. ამით სამყარომ აჩვენა, რომ შვილებზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ფიზიკურად უნდა იყოს მათ გვედით.
- ბევრი ქალი მიდის საზღვარგარეთ, რათა საკუთარი შრომით აქ შვილები უზრუნველყოს...
- შურაცხყოფას ვერავის მივაყენებ, მაგრამ არის პროგრამები, რომლებიც პირდაპირ მიგვითეთებს იმაზე, რომ შენი მთავარი მისიაა, იყო კარგი დედა და გყავდეს შვილები. მაგრამ ამ შვილებთან უნდა გქონდეს ფიზიკური და ემოციური კონტაქტი. ამიტომ დედობის ტვირთისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავის არიდება. ამას გაცნობიერება სჭირდება. ადამიანს შესწევს უნარი არასწორი გენეტიკური მეხსიერება შეცვალოს და გადასცეს მომდევნო თაობებს, იყოს დედა, არ ნიშნავს ჰქონდეს ბორკილები. როგორც კი ამას ფსიქოლოგიურად გააცნობიერებს, დაუშვებს იმას, რომ მე უნდა ვიყო დედა და ამით როგორც პიროვნება და როგორც ქალი არ წავიშლები, მას დარწმუნებული ვარ, შვილი ეყოლება. ტყუილად არაფერი ხდება. თუ ადამიანს გვიან ეძლევა შვილი, ვიმეორებ, იმიტომ, რომ წინა ინკარნაციაში მან შეცდომები დაუშვა. ამიტომ, შემდეგ სამყარო აჩვენებს, რას ნიშნავს შვილი, თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, რადგანაც ყველა ჰოროსკოპი არის ინდივიდუალური და ყველა ჩვენგანის ისტორიაც ასეთივეა.