ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ ცრუ შეტყობინება კონკურენტებმა ან განაწყენებულმა მოთამაშეებმა განახორციელეს, - ამის შესახებ სასტუმრო "შერატონის" სამორინეს მენეჯერმა შოთა ამირანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ სასტუმრო "შერატონში" ბომბი იყო დამონტაჟებული. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.
"112-ში შესულა ზარი და ინფორმაცია, რომ ჩვენს სამორინეში ბომბია და ნახევარი საათის განმავლობაში უნდა აფეთქდეს. მთლიანი შენობის დაცლა მოგვთხოვეს, რასაც დავემორჩილეთ. კინოლოგები მუშაობდნენ. შეამოწმეს ყველა კუთხე, სადმე რამე არ იყოს. ჩვენი სამორინე იმდენად დაცულია, რომ ვვარაუდობ ცრუ განგაშია. ვეჭვობ რომელიმე ჩვენმა კონკურენტმა ან განაწყენებულმა მოთამაშემ დარეკა. მე უფრო კონკურენტზე ვფიქრობ. ზარი ვისგან განხოციელდა არ ვიცით. ფაქტია, შევიდა შეტყობინება და მოგვიწია სასტუმროსა და სამორინეს დაცლა. შაბათი საღამოა ყველაზე დატვირთული დღე კვირის, სწორედ ეს მაეჭვებს, რომ ეს გაკეთებულია იმ ხალხის მიერ ვინც კარგად ერკვევა", - განაცხადა ამირანაშვილმა.