ავტორი:

"ყველაზე მძიმე იყო, როცა თამაშის შემდეგ მამის ზარს ველოდი, მაგრამ არავინ მირეკავდა" - ცნობილი მორაგბე ოჯახსა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე

"ყველაზე მძიმე იყო, როცა თამაშის შემდეგ მამის ზარს ველოდი, მაგრამ არავინ მირეკავდა" - ცნობილი მორაგბე ოჯახსა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე

შალვა სუთიაშვილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრია. 11 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს და ანგულემში თამაშობს. გასული წლის ოქტომბერში პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ, "მიდი ოლიმპიკმა", ქართველი მორკინალი, სუთიაშვილი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, PROD2-ის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. შალვა გოგი სუთიაშვილის შვილია, რომელიც თბილისის "ლოკომოტივის" იმ თაობის მორაგბეთა გუნდის წევრი იყო, რომლებმაც საბჭოთა კავშირის თასი მოიგეს. გოგი სუთიაშვილი გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა.მამის გარდაცვალების შემდეგ, შალვამ ეროვნულ ნაკრებთან რამდენჯერმე ითამაშა. თუმცა როგორც თავად ამბობს, თამაშებზე ყველაზე მნიშვნელოვანი აკლია: მამა ტრიბუნაზე და კრიტიკა თამაშის შემდეგ.

- ყოველთვის მესმოდა, რომ მყავდა უძლიერესი მამა. უმაგრესი ადამიანი. ყოველთვის ვიყავი გოგის შვილი და შალვა სუთიაშვილის შვილიშვილი. მას ძალიან ბევრი ადამიანი იცნობდა და პატივს სცემდა. ჩემი დიდი პაპა, გოლა სუთიაშვილი, რომელიც სოფელ დიღმის მამასახლისი იყო, ქაქუცას შეფიცულებთან კავშირის გამო გადაასახლეს ციმბირში და გზაში დაიღუპა. გოგი სუთიაშვილი 12 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. 12 წლის ბიჭმა, მამის საფლავზე დედას პირობა მისცა, რომ ოჯახში პატარა ძმებს უმამობას არ აგრძნობინებდა და სიტყვაც შეასრულა. ორივე ძმას უპატრონა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძმა წარმატებული ადამიანი იყო (კობა სუთიაშვილი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში, თავისუფალ ჭიდაობაში და დიმიტრი სუთიაშვილი, რომელიც მაღალ თანამდებობას იკავებდა). გოგის სიცოცხლის ბოლომდე მათთვის ყურადღება არ მოუკლია. სამწუხაროდ, ორივე ძმა მამაზე ადრე გარდაიცვალა, ეს უდიდესი ტკივილი იყო მისთვის.

როგორც გვიყვებოდნენ, მამაჩემს ბავშვობა თითქმის არ ჰქონია. როგორც "დიდი ადამიანი", ისე ზრუნავდა ოჯახზე. ჩვენთვის საუკეთესო მამა იყო, რომელიც სულ მუშაობდა. რაც თავი მახსოვს, სულ სამი სამსახური ჰქონდა. სწორი კოდი ჩაგვიდო ცხოვრებაში, რაც სამომავლოდ გამოვიყენეთ. 2003 წელს დედა გარდაიცვალა და ამის მერე მამა ორივე მშობლის როლს ასრულებდა. ალბათ გოგი სუთიაშვილი უნდა იყო, რომ ეს შეძლო, რაც მთავარია, სწორად და ღირსეულად. მიკვირს, როგორ ახერხებდა, მაგრამ ის ყველაფერს ასწრებდა.

- ის, რომ წარმატებული მორაგბე ხართ, მამის დამსახურებაა?

- 90-იან წლებში, როცა უკვე მამა ვეტერანი მორაგბე იყო, ხშირად დავყვებოდი თამაშზე. ვხედავდი, როგორ პატივს სცემდნენ მას. ხშირად მოდიოდნენ ჩვენს ოჯახში მისი თანაგუნდელები. დიდი რაგბის ერთი ოჯახი ვიყავით და ეს იყო ჩვენთვის მთავარი. ვხედავდი, მამასთვის როგორი ძვირფასი იყო ეს ოჯახი და ამ დამოკიდებულებამ ჩემზეც იქონია გავლენა.

- როგორი გულშემატკივარი იყო გოგი სუთიაშვილი?

- დიდი კრიტიკოსი იყო მამაჩემი. არასდროს იყო კმაყოფილი ჩემი თამაშით. ალბათ ამანაც განაპირობა, ყოველთვის განვითარებაზე რომ ვფიქრობდი. ვიზრდებოდი როგორც გოგი სუთიაშვილის ბიჭი: "გოგი სუთიაშვილის ბიჭია", სახლის მისამართსაც სტუმრებს ასე უხსნიდნენ: "გოგი სუთიაშვილის სახლი იკითხე" და ა.შ. ამიტომ, მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი პიროვნება. არავის სჯეროდა ჩემი წარმატების, რადგან ძალიან სუსტი ვიყავი - არასპორტული. 17 წლიდან დავიწყე სერიოზულად ვარჯიში. მამა ყოველთვის ხელს მიწყობდა. რაც შეეხება თამაშს, ყოველთვის მანიშნებდა, რომ არაფერი გამიკეთებია ისეთი, თვითკმაყოფილება რომ მეგრძნო. რაღაც მომენტში ეს კომპლექსს მიქმნიდა, მაგრამ შემდეგ ვაანალიზებდი და მივხვდი, რომ როცა შეცდომაზე ფიქრობ, ყოველთვის წინსვლა გელის.

- მოგებული თამაშების შემდეგაც გაკრიტიკებდათ?

- კი, ყოველთვის. ქართველებს დიდად არ გვიყვარს კრიტიკა, მაგრამ ნამდვილი გულშემატკივრობა სწორი კრიტიკაა და არა - ცილისწამება. რაც საფრანგეთში წავედი, ბოლო 11 წელი ყოველთვის უყურებდა ჩემს თამაშს. ჩემმა მეუღლემაც იცოდა, რომ თამაშის შემდეგ პირველად მამაჩემისთვის უნდა დამერეკა და კრიტიკის ქარცეცხლი გადამეტანა. გაანალიზებული ჰქონდა მთელი თამაში.

- მამის გარდაცვალებიდან 12 დღეში საფრანგეთში ითამაშე. როგორი იყო ის მატჩი გოგი სუთიაშვილის შვილისთვის?

- ცხოვრებაში ბევრი ცუდი მომენტი მქონდა. გარდამეცვალა დედა, დისშვილი. ძვირფასი ადამიანები დავკარგე, მაგრამ რაგბი მეხმარებოდა ყოველთვის, ფეხზე რომ დავმდგარიყავი. რატომღაც მწვრთნელები ყოველთვის მენდობოდნენ და ასეთი ცუდი დღეების მიუხედავად, ძალიან მალე გავყავდი მოედანზე. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა ჩემი ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელმაც კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულება მამისა და ოჯახის მიმართ და მითხრა, რომ საქართველოში რამდენიც დამჭირდებოდა, იმდენ ხანს დავრჩენილიყავი...წაიკითხეთ სრულად

მთავარი ფოტო: ლევან ვერძეული

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ