ფეხი გადაჩეხილი, მკლავი მოტეხილი, თვალი ამოვარდნაზე, საშინელ მდგომარეობაში იყო, – ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" დღეს გარდაცვლილი პაციენტის ქეთევან ბიგვავას დამ, ფატიმა ბიგვავამ განუცხადა. ფატიმა ბიგვავას თქმით, მის დას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა და ოჯახმა ამის შესახებ პაციენტის ფსიქიატრიული ცენტრიდან კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში შეიტყო.
"როგორც გავიგეთ 17 მარტს მოხვდა კლინიკაში, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 19 მარტს გავიგეთ. გვითხრეს, რომ დაეცა და გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ისეთი დაზიანებები აქვს, წარმოუდგენელია, ეს დაცემის შედეგი ყოფილიყო. ფეხი გადაჩეხილი, მკლავი მოტეხილი, თვალი ამოვარდნაზე, საშინელ მდგომარეობაში იყო. ჩემი და დაახლოებით წელიწადნახევარი იმყოფებოდა ფსიქიატრიულში. ასეთი რამ ადრე არ შეგვინიშნავს. ასეთ დაზიანებას დაცემით ვერ მიიღებდა", - აცხადებს ფატიმა ბიგვავა.
მისი თქმით, არ გაჩერდებიან, ვიდრე არ გაირკვევა რეალურად რა მოხდა.
"ამას ასე არ დავტოვებთ, ხომ უნდა გავიგოთ ცემა იყო თუ დაეცა, ჩემს დას ვერ ვუშველეთ, მაგრამ შეიძლება სხვა პაციენტებს ვუშველოთ. ფსიქიატრიულ ცენტრში აცხადებენ, რომ ეპილეფსიური გულყრები ჰქონდა, ისინი ამით თავს იმართლებენ", -განაცხადა ფატიმა ბიგვავამ.
ქეთევან ბიგვავა, რომელიც ხონის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრიდან "ჰოსპიტალ სერვისის" კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს, დღეს გარდაიცვალა.