რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ გავრცელდა ვიდეო, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზშია გადაღებული. ვიდეოში ირანელი მუსიკოსები სცენაზე სპარსულად საუბრობენ. პოსტის ავტორის მტკიცებით, ისინი საქართველოს ხელისუფლებას შეურაცხყოფას აყენებენ და ვიდეოსთან ერთად თარგმანის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს:
"ირანელი მომღერალი ფილარმონიაში (მოგახსენებთ რომ ტექსტი პირდაპირი თარგმანითაა მოწოდებული რაც გრამატიკულად გაუმართავია, მაგრამ გადავწყვიტეთ პირდაპირი თარგმანი შემოგვეთავაზებინა)
ესენი აქ ვერ მოწევენ მარიხუანას??? თუ მარიხუანას მოწევა მოგინდათ დედაჩემს არ უთხრათ ოღონდ და მე მაქვს. ყურანს ვფიცავ მაქვს.... ყველას აქვს და ჩვენ გვა&&ბენ.კაი ეხლა გადავიდეთ შემდეგ სიმღერაზე? რაა? თქვენ ახლა ურევთ უკვე იმიტომ რომ სისულელეები dj ფართისთვისაა და იმასაც ვიმღერებთ. (მიაწვდიან შევსებულ სიგარას) ახლა ამ მარიხუანაში სხვა არაფერი ქონდეთ შერეული?!ერთი კითხვა: ჯორჯესთანის (საქართველოს სახელის აგდებულად გამოთქმაა გორჯესთანის მაგივრად ამბობს ჯორჯესთან) კანონმდებლობა გვეუბნება რომ შეზღუდულად (გარკვეული პირობებით) მოწიეთო და ახლა მაგალითად აქვე მე რომ მოვწიო ქართველები .... (ყველა გაიგებს რომ --- უნდა მომჭამონ?) ჩვენ ამდენნი ვართ, მგონი მართლა უნდათ რომ მოგვჭამონ (იცინის). მე არ მოვწევ მხოლოდ დავიჭერ ხელში. შემდეგი სიმღერა დავიწყოთ მაგრამ შემდეგ სიმღერებისას აუცილებლად მოვწევ."
ვიდეოს სოციალურ ქსელებში ხმაური მოჰყვა, ირანელი მომღერლების მიერ „საქართველოს მთავრობის შეურაცხყოფას“ ქართველი მომხმარებლების ნაწილი აპროტესტებს და ირანის საელჩოსთან აქციაც კი დაგეგმეს, ნაწილს კი ტექსტის თარგმანის სიზუსტეში ეჭვი შეეპარა :
რეალურად, რას ამბობენ მომღერლები - AMBEBI.GE ირანისტ ნათია დუნდუას დაუკავშირდა, რომელიც მუსიკოსების დიალოგის ქართულ თარგმანს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ბუნდოვანი ტექსტის მიუხედავად, ისინი საქართველოს შეურაცხყოფას არ აყენებენ :
„ამათ აქ არ შეუძლიათ მარიხუანას მოწევა? თუ გინდათ მოწევა, დედაჩემს არ უთხრათ, მაგრამ მე მაქვს [მოსაწევი], გეფიცებით, მაქვს, ყველაფერი მაქვს ... კარგი, გადავიდეთ შემდეგ სიმღერაზე. რა? ახლა ურევთ და მასხარაობებს დიჯეის ფართის დროს ვიმღერებთ, ინშალაჰ. ბოდიში, რამე ხომ არ შეურიეთ ეხლა ამ მარიხუანაში? ერთი კითხვა: საქართველოს კანონმდებლობა გვეუბნება, რომ მეტად პრივატულად/ჩუმად მოწიეთო, მაგალითად, ახლა მე რომ აქ მოვწიო, უნდათ ... მგონი, მართლა უნდათ, რომ ეს ვქნა... მე არ მოვწევ, მხოლოდ ხელში მეჭირება, მაგრამ შემდეგ სიმღერაზე აუცილებლად მოვწევ.“
ვიდეოს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება ირანისტი, მთარგმნელი და მწერალი გიორგი ლობჟანიძეც :
„გადამევსო პირადი შეტყობინებების სივრცე ამ გამოშტერებული ამირ თათლუს ვიდეოთი! საინტერესოა, ვინ თარგმნა ის ტექსტი, რომელიც ამ ვიდეოს ტიტრებად ადევს? ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ სადაც ადამიანი ამბობს: მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო?, - ვიღაც თარგმნის: მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო?!
მე არავის ვიცავ, მითუმეტეს, განგრეულ ნარკომანს, რომელიც რას ბოდავს, თვითონაც ვეღარ იგებს. მაგრამ რამდენიმე პრინციპული შეკითხვა მაინც გამიჩნდა:
ვინ (კონკრეტულად რომელი პიროვნებები და ორგანიზაციები) უკეთებენ ირანელი მომღერლების კონცერტებს ორგანიზებას საქართველოში? ვინ აქირავებს ფილარმონიისა და სპორტის სასახლის შენობებს ირანელ მომღერლებზე, რა პირობებითა და რომელი კანონის საფუძველზე? და რაც მთავარია: ვის აძლევს ხელს ირან-საქართველოს დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობების დაძაბვა. რატომ ტეხენ ისტერიკას იმ თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე, რომელიც გონიერი და მიზანდასახული მთავრობების პირობებში შეიძლებოდა ცივილიზებულად, სულ სხვა დონეებზე გადაწყვეტილიყო და არა ასეთი ღრიანცელით, რომელსაც დროდადრო მართავენ პროფესიით პატრიოტები, სამშობლოს სიყვარული რომ მხოლოდ თავისი ექსკლუზიური უფლება ჰგონიათ, ყველგან კატები ელანდებათ და პრინციპულად არც გაემტყუნებათ დღევანდელი საქართველოს ძალიან ბნელ ოთახში!" - წერს ლობჟანიძე.