ავტორი:

იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გაშიფრულია - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გაშიფრულია - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოავლინა - დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათშორისი დანაყოფისა და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 15 მარტს აღნიშნული სქემის ერთ-ერთი მონაწილე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ი.ი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების შემოტანა გადაწყვიტა.

განზრახვის განსახორციელებლად ი.ი.-მ და მისმა თანამზრახველებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადამზიდავი კომპანია შპს "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით, ნაცნობის სახელზე საქართველოში გამოაგზავნეს საფოსტო ამანათი, რომელშიც, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, დამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.ი. თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი, მათ შორის 7 კომპლექტი არის „გლოკი 19“-ის მოდელის პისტოლეტის, 9 კომპლექტი კი - „გლოკი 17 გან-4“-ის მოდელის პისტოლეტის ნაწილები.

თბილისში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან, სადაც დაკავებული დროებით ცხოვრობდა, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია „გლოკის“ 4 ბუდე, იარაღის ლულის საწმენდი 40 ჯაგრისი, ცეცხლსასროლი იარაღის 8 ტარი და 9 მჭიდი.

აგრეთვე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულს თანამზრახველებთან ერთად საქართველოში საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა სურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, უცხოელ კოლეგებთან ინტენსიური თანამშრომლობით აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს, აღნიშნულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადა ჭელიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ