"რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან: "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი" - იუწყებოდა პრესა 2013 წელს.
მაშინ ჩვენთან საუბარში რომან კრიხელმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად გაეხარდებოდა, ნახატს თუ ქართველი შეიძენდა. 2015 წელს ნახატი "სამყაროს ყველაზე მშვენიერი ქალი", იგივე "თანამედროვე მონა ლიზა" 4 500 000 დოლარად ყატარში გაიყიდა...
ამჯერად გამოცემა Huffpost Arts აქვეყნებს სტატიას, სადაც რომან კრიხელი მსოფლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება. დაგვაინტერესა ამჯერად რა შემოქმედებითი სიახლეებია ამერიკაში მოღვაწე ხელოვანის ცხოვრებაში. Ambebi.ge რომან კრიხელს სასაუბროდ ნიუ-იორკში დაუკავშირდა:
- უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თქვენი ნახატი "სამყაროს ყველაზე მშვენიერი ქალი" დაშა ჟუკოვათი მოხიბლულმა შექმენით...
- დიახ, დაშა ჟუკოვათი ძალიან მოვიხიბლე, მაგრამ სურათი ერთი ვინმე კონკრეტული ადამიანის არ არის - სინთეზია... მასზე მოდელი გოგონაც არის ასახული.
- ამბობენ, რომ ნახატზე ასახულ ქალს მკვეთრად რუსული სახე აქვს...
- მხოლოდ რუსული არა, უკრაინულიც არის...
- ვინ უწოდა სურათს "თანამედროვე მონა ლიზა"?
- მე არ მიწოდებია, ჩემმა აგენტმა უწოდა ასე!
- ამ წოდებამაც ხომ არ იქონია გავლენა, რომ ნახატი ხუთ მილიონზე ძვირად გაიყიდა?
- ალბათ იქონია... იმის შემდეგ ნახატი კიდევ გაიყიდა და სავარაუდოდ, ბევრად ძვირად.
- თქვენი ნამუშევრების მიმართ დიდი ინტერესია... გამოფენას არ გეგმავთ საქართველოში?
- ამჯერად გამოფენისთვის ვემზადები, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება. შემოთავაზება მაქვს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, მაგრამ ჯერჯერობით სპონსორს ვეძებთ... 2011 წელს სამხატვრო აკადემიის მოწვევით საქართველოში ვიყავი ჩამოსული. საქართველოს ჩემთვის გამორჩეული ნახატი დავუტოვე საჩუქრად...
- ამერიკაში საზოგადოება, როგორც ქართველ მხატვარს, ასე გიცნობთ?
- დიახ, როგორც არის... საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, საქართველო ყოველთვის ნახსენებია!
- ადრე ჩვენთან ინტერვიუში ახსენეთ, რომ გაგეხარდებოდათ ნახატს თუ ქართველი ბიძინა ივანიშვილი შეიძენდა... იყო მისი მხრიდან სურვილი?
- პირადად მე ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხება არ მქონია და ნახატის შეძენის სურვილი ჰქონდა თუ არა, არც ეს ვიცი. ჩემი აგენტი შვეიცარიაში რომ იმყოფებოდა, იქ შეხვდა და იგი პირადად გაიცნო. მომიყვა, რომ იქ ნახატებს იძენდა და ძველი ოსტატების ნამუშევრებით ძალიან დაინტერესებული ჩანდაო.
- თქვენს ნახატებში ქართული მოტივები რამდენად არის?
- დიახ, არის. ჩემი საყვარელი თემაა ხევსურეთის კოშკები, ხედები... ბევრი მაქვს ამ მოტივებზე შექმნილი ნახატები და კიდევ ვაპირებ დავხატო! ძალიან დიდი სურვილი მაქვს საქართველოში გაიმართოს ჩემი ნახატების გამოფენა, მაგრამ 50 ნამუშევრის გამოგზავნა ურთულესია და ვნახოთ, ტექნიკური საკითხები როგორ მოგვარდება...