ავტორი:

"ქი­მი­ო­თე­რა­პიის შემ­დეგ, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მოშ­ლი­ლი და და­სუს­ტე­ბუ­ლი დავდიოდი..." - რას ყვებოდა საკუთარ ცხოვრებასა და დაავადებაზე თამარ ბაბილუა

"ქი­მი­ო­თე­რა­პიის შემ­დეგ, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მოშ­ლი­ლი და და­სუს­ტე­ბუ­ლი დავდიოდი..." - რას ყვებოდა საკუთარ ცხოვრებასა და დაავადებაზე თამარ ბაბილუა

31 წლის ასაკში, სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ მუსიკოსი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა.

მუსიკასთან კავშირი ბაბიმ ადრეული ასაკიდან დაიწყო - 3 წლიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, 6 წლის ასაკში სწავლა ფოთის ხორავას სახელობის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო.

ბაბი სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებში, იყო 36 რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი. წერდა სიმღერებს, ქმნიდა მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობდა არტისტებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და მუსიკალურ ბენდებთან, როგორც პიანისტი და კომპოზიტორი. 2013 წლიდან იყო „ბასტი-ბუბუს” ვოკალის პედაგოგი. 2014 წლიდან კი ბენდ „ნიუტონის” პიანისტი და ვოკალისტი გახლდათ.

2015 წელს ბაბის სიმსივნე აღმოაჩნდა, თუმცა, მძიმე დაავადების მიუხედავად შემოქმედებითი პაუზა არ ჰქონია - მეტიც 2016 წლის 29 მარტს, პირველი ოპერაციის შემდეგ დაამყარა საქართველოს რეკორდი - 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.

თამარ ბაბილუა ჯგუფ "ნიუტონთან" ერთად სხვადასხვა მუსიკალური შოუების მონაწილე იყო, მათ შორის "მხოლოდ ქართულის" და "საქართველოს ვარსკვლავის". ამ უკანასკნელში, ერთ-ერთი კონკურსანტის - გიორგი ფრუიძის საფინალო ტურის სიმღერა "მე მჯერა", სწორედ თამარ ბაბილუამ შექმნა. სიმღერაში არის ტექსტი: "მე მჯერა, რომ აზრი არ აქვს ომს, მე მჯერა, რომ გული გაუძლებს დროს..."

ეს ფაქტობრივად ბაბის ერთ-ერთი ბოლო სიმღერა აღმოჩნდა...

2018 წელს, მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" მიმდინარეობის დროს, AMBEBI.GE-მ ბაბისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. თამარ ბაბილუას, როგორც ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტსა და კლავიშისტს ჯგუფის წევრებთან ერთად, მთელი კონცერტის მანძილზე სცენაზე ყოფნა უწევდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ბაბისთან AMBEBI.GE-ს არქივიდან:

- როგორ აღმოჩნდა "ნიუტონი" "მხოლოდ ქართულში"?

- სანამ ჯგუფში მოვიდოდი, მანამდე, ბიჭები რაღაც პროექტებში გამოდიოდნენ, მათ შორის, "ჯეოსტარშიც"... ქალბატონ მარინა ბერიძესთან თანამშრომლობდნენ. ბევრ საღამოსა და ღონისძიებაზე გამოვსულვართ და ახლაც ასე აღმოვჩნდით აქ.

- ჯგუფის სოლისტი და კლავიშისტი ხართ. "მხოლოდ ქართულში" მუშაობა, კონკურსანტებთან სცენაზე ყოფნა თქვენთვის რას ნიშნავს?

- პროექტს მაღალი კლასის ჟიური, მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე ჰყავს, ასევე პედაგოგები, ვინც ბავშვებთან მუშაობენ. მიმაჩნია, რომ ზვიად ბოლქვაძე მსოფლიო დონის მუსიკოსია, მესამე პროექტია, რაც მასთან ერთად ვმუშაობთ. ჩემთვისაც დიდი გამოცდილებაა! ქართულ მუსიკას ვაკეთებთ, თუმცა აქაც ერთი ამბავი შეგვექმნა, ვიღაცეებს ვერსიები არ მოსწონთ. კონკურსანტებს კი, ჯერჯერობით ვფიქრობ, კარგად არც აქვთ გაცნობიერებული, რასთან აქვთ საქმე. ჩემთვის ქართული მუსიკის აჟღერება ამ ვერსიებით და ამ ფორმით მისაღებია.

რომ გითხრათ, ქართული მუსიკის დიდი მოყვარული ვარ-მეთქი, ასე არაა, მაგრამ პატივს ვცემ. ვუსმენ კლასიკას, თუმცა მივესალმები ყველა სიახლეს.

სამ დღეში ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაზეც ადამიანები ერთ-ორი თვე მაინც მუშაობენ. თავად ზვიად ბოლქვაძეს სამუშაოდ მხოლოდ ერთი დღე აქვს. მერე ყველანი ერთად განვიხილავთ და კონკურსანტებთან ერთად რეპეტიციებს გავდივართ.

- ბაბი, ამჟამად როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- სამი წელია, საქმე მაქვს სიმსივნესთან. 2015 წელს აღმოვაჩინეთ, ოპერაცია გავიკეთე და ქიმიის კურსიც ჩავიტარე. მერე იყო პაუზა, კონტროლის ქვეშ ვიყავი, თუმცა სიმსივნე სხვა ორგანოზეც გაჩნდა... ოპერაცია და "ქიმიები" ისევ დამჭირდა. იქიდან 8 თვის თავზე, მუცლის ღრუში კიდევ აღმოჩნდა რაღაცები და ახლა ქიმიოთერაპიას გავდივარ. 3-4 კურსი მჭირდება. მერე უკვე რაღაცეები კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე გაირკვევა. თუ ქიმიოთერაპიამ მეტასტაზები ვერ მოაშთო, ოპერაცია საქართველოში არ კეთდება...

- ამ პერიოდში ასეთი სერიოზული დატვირთვით მუშაობა შეიძლება?

- არ შეიძლება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ამ რთულ სიტუაციაში ჩემთვის გამამხნევებელი ეფექტი აქვს. რომ დავწვე, მართლა კოშმარი იქნება. განტვირთვას საქმით ვახდენ.

დაავადებისთვის მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად რამდენად ძლიერი ხარ. დიდი იმედი მაქვს, რომ საწყისი ეტაპია და ვუშველით! თუმცა, ქიმიოთერაპია საშინელებაა. ამ პროცედურის შემდეგ რეპეტიციებზე მაინც დავდიოდი, მთლიანად მოშლილი და დასუსტებული.

- გყავთ პატარა გოგონა... ბავშვის აღზრდაში ვინ გეხმარებათ?

- ჩემს შვილს ფოთში დედა უვლის. აქ მარტო ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, თუმცა ბავშვი მეოთხე კლასში გადადის და მერე გადმოვიყვან ჩემთან.

- გინესის რეკორდი, ფორტეპიანოზე განუწყვეტელი 25-საათიანი დაკვრის შემდეგ მოხსენით. რა მოგიტანათ ამ ყველაფერმა?

- არაფერი, გარდა იმისა, რომ გინესის რეკორდსმენი გავხდი. როდესაც ეს რეკორდი ჩავიფიქრე, 2014 წელი იყო, მაშინ ჩემი დაავადების შესახებ არაფერი ვიცოდი... რაღაცები გავგზავნე, ვემზადებოდი, 11 თვე ველოდებოდი, სანამ განიხილავდნენ. იმ პერიოდში, 2015 წელს დაავადება აღმომაჩნდა.

რეკორდი 22 საათზე და 10 წუთზე ერთ-ერთ გერმანელ გოგონას ჰქონდა მოხსნილი და სანამ რაღაცები გაირკვა, ვიღაც ინდოელმა მამაკაცმა 27 საათით მოხსნა, ამდენს ჩემი ჯანმრთელობის გამო ვერ შევძლებდი, ამიტომ 25 საათი ავიღე. საათში მხოლოდ 3 წუთი მქონდა შესვენება, როდესაც წყლის დალევის და საპირფარეშოში გასვლის საშუალება მეძლეოდა. ისე გადავწყვიტე, რომ სამ საათში ერთხელ, 9-10 წუთს ვისვენებდი. დანარჩენი, სამი საათი გაუჩერებლად ვუკრავდი.

- რისთვის გააკეთეთ ეს?

- მინდოდა, ჩემი სახლი მქონოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა გარდა იმისა, რომ საქართველომ გაიგო ეს ამბავი, გინესის რეკორდსმენი გავხდი...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს