დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მკურნალობაში ჩართულ ექიმებს გამოვკითხავთ, - ამის შესახებ სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსმა კახაბერ ხიპრაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, 28 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან და კლინიკა "მედცენტრიდან" 28 წლის მელანო ფუტკარაძის მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღების პროცედურები მიმდინარეობს.
როგორც კახაბერ ხიპრაძემ განაცხადა, გარდაცვლილ მელანო ფუტკარაძის მიმართ გაწეულ სამედიცინო საქმიანობას პროფესიული განვითარების საბჭო შეაფასებს.
"აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მომართვის საფუძველზე, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ საქმის შესწავლა დაიწყო. დოკუმენტაციებს გავეცნობით და ამის შემდეგ დავიწყებთ ექიმებთან უშუალო გასაუბრებას. საბოლოო დასკვნისთვის დოკუმენტაციები სპეციალისტებს გადაეგზავნება და გაწეულ სამედიცინო მომსახურებას პროფესიული განვითარების საბჭო შეაფასებს", - განაცხადა კახაბერ ხიპრაძემ.
ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკა „მედცენტრსა" და „რეფერალურ საავადმყოფოში" დღეს შევიდნენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტისთვის ჩატარებული მომსახურების შესწავლასთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.
რაც შეეხება კლინიკებს, ამ დროისათვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
„სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან მოვიდა პასუხი, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდება პაციენტისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კლინიკებიდან დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ამოიღო და გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით აწარმოებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მელანო ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რამდენიმე დღის წინ მუცლის მწვავე ტკივილით მიმართა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ექიმების რეკომენდაციით მეორე დღეს კლინიკიდან სახლში გაწერეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მელანო ფუტკარაძე მეორე დღეს კლინიკა "მედცენტრში" ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მკურნალმა ექიმმა ეკა ფუტკარაძემ 23 მარტს უფლებამოსილება თავად შეიჩერა.