ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სცენაზე დგას და მღერის, ახლა არა სიმღერაზე, არამედ სრულიად განსხვავებულ თემაზე გვესაუბრება - მომღერალმა მამუკა ონაშვილმა ცოტა ხნის წინ ხატვა დაიწყო. ხატავს ზეთისა და აკრილის საღებავებით და გატაცებულია ამ საქმით...
"როდესაც ცარიელ ტილოსთან ვრჩები, ტილო „მესაუბრება“, "მეუბნება", აქ ეს წავა, იქ ის უნდა გააკეთო, მაშინვე ფერებსაც ვხედავ. ხანდახან ყვავილების ხატვა მინდა, ხან პორტრეტის, ნათლად ვხედავ, სად რა უნდა განლაგდეს, რა ფერი იყოს, ჩრდილი საიდან უნდა... იმ წუთში რასაც ვხატავ, ზუსტად იმ განწყობასა და ხასიათზე ვარ", - გვეუბნება მომღერალი, რომელიც პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.
უკვე წლებია, თავისი ძირითადი საქმიანობით, როგორც ადრე, ისე აქტიურად აღარ ჩანს, მაგრამ ამბობს, რომ მომღერლობისთვის თავის დანებებას ნამდვილად არ აპირებს. კითხვაზე, რატომ არ ჩანდა, გვპასუხობს:
"არ ვჩანდი იმიტომ, რომ რამდენიმე წელი საქართველოში არ ვიყავი, ვმუშაობდი მოსკოვში და არა მარტო იქ. იყო სხვადასხვა ღონისძიება, კონცერტი, ვიყავი წამყვანიც, მომღერალიც... მაგრამ ნოსტალგიამ შემაწუხა და საქართველოში დავბრუნდი.
აქ კიდევ შოუბიზნესში, ჩვენს სფეროში თითქმის არაფერი ხდება, მაგრამ რაღაც ღონისძიებებში მაინც ვმონაწილეობ. არის კომერციული დაკვეთები... ახალი პროგრამის გაკეთებას ვაპირებ, რომლითაც მომდევნო წლიდან უფრო მასშტაბურად წარვდგები მაყურებლის წინაშე.
- "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ბოლო დროს, ნელ-ნელა აჩენდით ნახატებს, როგორც გაირკვა, ხატვა დაგიწყიათ და ნამუშევრებიც დაგიგროვებიათ... ხელოვნებათმცოდნე არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ჟანრობრივი მრავალფეროვნებაა - არის კუბიზმი, ნატურალიზმი, პეიზაჟები, პორტრეტები. მოგვიყევით ამის შესახებ...
- საქართველოში რომ ჩამოვედი, დრო მქონდა და ამ მიმართულებით რაღაცების გაკეთება მომინდა, სახლში ძველი საღებავები, გუაშებიც აღმოვაჩინე. მინდა, იცოდეთ, რომ თვითნასწავლი ვარ. უბრალოდ, ბავშვობაში რაღაცას ჩემთვის ვხატავდი, მაგრამ ამ საქმისთვის ხელი სერიოზულად არასდროს მომიკიდია...
მოკლედ, ავიღე ქაღალდი, ის გუაშები და ხატვა დავიწყე, მერე ვინც ნახა, ცუდად არ შემიფასეს - კარგი ჩანაფიქრებია, ფერებიც არ არის ცუდი, შენი ხედვა გაქვს და არ გაჩერდეო. ეს საქმე ჩემთვის უკვე ნარკოტიკივითაა - ჩამითრია, შემიყოლია ამ ყველაფერმა, ერთ ნამუშევარს რომ დავასრულებდი, დღე არ იყო გასული და მეორე მინდოდა, დამეწყო. სურვილს აჩენს, რომ მიჰყვე და სულ აკეთო.
მერე გუაშს თავი დავანებე და პროფესიულ ტილოზე მომინდა გადასვლა, რომ ზეთით მეხატა. ზეთი უკვე სულ სხვა რამ არის - სხვა ფერები, სხვა მიდგომა, ტექნიკა. ეს ნამუშევრებიც ნახეს სპეციალისტებმა, მხატვრებმა, მათაც მითხრეს - შენი ხედვა გაქვს, შენი ფერებიო. მოკლედ, არის პორტრეტები, ბუნება, ყვავილები, თაიგულები, კუბიზმი და სხვადასხვანაირი რამ...
მეკითხებიან - საიდან მოდის ეს ყველაფერიო, - ტილოს რომ შევხედავ, ხომ ვამბობ, თვითონ „მელაპარაკება“, - რა უნდა დავხატო. მე ასე ვარ - რაღაცებს ჩემებურად ვხედავ. ძალიან სასიამოვნო პროცესია, უპირველესად მამშვიდებს და უკვე ვეღარ ვჩერდები.
- და უკვე გამოფენისთვისაც ემზადებით...
- საერთოდ არ ვაპირებდი, ვფიქრობდი, ნახატები ჩემთვის მექნება-მეთქი, მაგრამ ვინც ნახატებს ნახულობდა - ჩემები, ახლობლები, უცნობები - მოსწონდათ, ასევე, როგორც აღნიშნეთ, „ფეისბუქზეც“ ნელ-ნელა ვტვირთავდი. მოკლედ, საზოგადოების რჩევით გადაწყდა, ჩემი ნამუშევრები გამომეფინა. თუმცა, ახლა ცოტას კი ვღელავ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პრეტენზია არ მაქვს - ხომ ვთქვი, თვითნასწავლი მხატვარი ვარ...
რამდენიმე გაიყიდა და ახლა გამოფენისთვის დავიბრუნე, ვითხოვე... რამდენიმე ნახატი საზღვარგარეთ არის გასული, მათ ვერ ვიბრუნებ.
გამოფენა 30-31 მარტს მექნება. ამ საქმეში მეგობრები ყველანაირად გვერდით უანგაროდ დამიდგნენ. ჩემი ნამუშვრები ტაქტიკური ცენტრის კაფე „კაფენტოში“ გამოიფინება, რომელიც ბოჭორმის 12 ა ნომერში მდებარეობს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კობა ბერიძეს და ზაზა გოგავას. დაინტერესებულ ადამიანებს ვეპატიჟები, მოვიდნენ და იხილონ ჩემი ნამუშევრები.
- ხატვის დროს მუსიკის მოსმენა თქვენთვის აუცილებელია?
- რა თქმა უნდა, თუმცა ხან მუსიკით, ხან უმუსიკოდ, ხანაც სიჩუმეში ჯობია მუშაობა. იმ დროს სხვაგან ვარ საერთოდ - მხოლოდ ტილოში. ერთი ნამუშევარი 5 დღეც მიხატავს, 10 და 15-იც. ხან ზეთის გაშრობას ველოდები, ხან - რას და ხან - რას, ფერი ფერზე ხომ უნდა დაჯდეს, რომ არ აირიოს. მოკლედ, ტექნიკა სხვადასხვაა და სწორედ მაგას მივყვები, რომ ნახატი არ გავაფუჭო.
ოღონდ, ნამუშევრებს სახელს ვერ ვარქმევ - არ არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ხედავს. ასე რომ, მნახველს იმის უფლებას ვაძლევ, რომ თვითონ რაც უნდა, ის დაინახოს და რა სახელიც უნდა, დაარქვას.
- მიუხედავად ამისა, სიმღერისთვის თავი არ დაგინებებიათ, ხომ?
- სიმღერისთვის თავი არ დამინებებია და არც დავანებებ - ეს ჩემი საქმეა, რომელიც შესისხლხორცებული მაქვს. მხატვრობა ჩემი ცხოვრების ერთი ახალი ეტაპია, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, რომელსაც ასევე თავს არ დავანებებ და ბოლომდე გავაგრძელებ. რაც გსიამოვნებს, ის აუცილებლად უნდა აკეთო. უფალმა რითიც დაგაჯილდოვა, არ უნდა დაკარგო.
ჩემს გამოფენაზე ყველას სასიამოვნო განწყობა დახვდება, მნახველებს ველი სულით და გულით. უბრალოდ, ვნერვიულობ იმაზე, როგორ აღიქვამენ - რომ შეხედავენ, მინდა, მოეწონოთ.
- მომღერალ მამუკა ონაშვილის მიერ დახატული სამყარო მე მომწონს...
- ყველა აკეთებს იმას, რასაც ხედავს და რისი დანახვაც შეუძლია. თვითონ სამყარო ისეთი ლამაზია და ისეთი ლამაზი ფერები აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, აბსტრაქტულად ასახავ თუ არა მას, მთავარია, რომ ყველაფერი გადმოსცე ლამაზად, შესაბამისი ფერებით...