ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, მოითხოვენ რეფერალური საავადმყოფოს იმ ექიმების პასუხიმგებლობას, რომლებიც გარდაცვლილ მელანო ფუტკარაძეს მკურნალობდნენ. ოჯახის წევრების თქმით, გოგონას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და ექიმებმა რეაგირება დააგვიანეს.
მელანო ფუტკარაძე 21 მარტს კლინიკა "მედცენტრში" ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობის გამო, სეპტიური შოკის ფონზე. ახლობლების ინფორმაციით, იქამდე მელანო ფუტკარაძე რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა ის ექიმებმა სახლში მალე გაწერეს და რეაგირება დაგვიანდა.
"ექიმებს დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს ლიცენზია, მათ ახალგაზრდა გოგო მოგვიკლეს და გვინდა, რომ მელანოს შემთხვევა უკანასკნელი იყოს!" - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ ზაურ დარჩიძემ.
მელანო ფუტკარაძეს ხვალ დაკრძალავენ. ახლობლების თქმით, პროტესტის ნიშნად გოგონას ცხედარს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთით დაასვენებენ.
28 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით აწარმოებს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მელანო ფუტკარაძის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.