მთაწმინდის პამთეონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს მშენებლებმა ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქზე" თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი წერს.
"მეგობრებო, საინტერესო ამბავი მაქვს - თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური მთაწმინდის პანთეონში აწარმოებს სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოებს. ამ სამუშაოების დროს აღმოჩენილია ძველი საფლავის ქვა. რასაკვირველია, მერიამ მოიწვია სპეციალისტები და დაწყებულია შესწავლა. ახლო მომავალში მოგაწვდით უფრო ვრცელ ინფორმაციას აღმოჩენასთან დაკავშირებით" - წერს თოქმაჯიშვილი.
საფლავის ქვაზე გარკვევით ჩანს წარწერა: "...იოსების ძის გრიგორიევისა, რომელიც დაიბადა ნოემბერში 1817 წელს..." - დანარჩენის წაკითხვა ჯერჯერობით შეუძლებელია.
როგორც ცნობილია, მთაწმინდაზე, ფერისცვალების ეკლესიის აგება უკავშირდება მღვდელ თომა გრიგორიევის სახელს.
1810 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის დავალებით ქაშვეთის მღვდელმა თომა გრიგორიევმა თბილისელთა შემოწირულობებით მთაწმინდაზე ააგო ფერიცვალების ეკლესია. 1859 წელს კვლავ მოსახლეობის ფინანსური დახმარებით თომა გრიგორიევის ვაჟმა იოსებმა დაიწყო წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ახალი და უფრო დიდი ტაძრის მშენებლობა, რომელიც მხოლოდ 1877 წელს დასრულდა. 1889 წელს დასრულდა ტაძრის კედლების მოხატვა.