ავტორი:

"არაფერს აკეთებს, ქმრის ხარჯზე ცხოვრობს..." - როგორია "თენგოს თამუნას" რეალური ცხოვრება და რას ამბობს საკუთარ პერსონაჟზე

"არაფერს აკეთებს, ქმრის ხარჯზე ცხოვრობს..." - როგორია "თენგოს თამუნას" რეალური ცხოვრება და რას ამბობს საკუთარ პერსონაჟზე

ანა მჭედლიძე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" "თენგოს ცისარტყელას" - თამუნას როლს ასრულებს, რომელიც ქმრისგან უცენზურო მიმართვებს იტანს და მეუღლეს პრობლემებთან გამკლავებაში სიყვარულით ეხმარება. ვინ არის რეალურად "თამუნა", ამის გასარკვევად მსახიობს ვესაუბრეთ, რომელიც უკვე სერიალის ახალ სეზონზე მუშაობს...

- სერიალის ახალ სეზონზე მუშაობა განახლებული ენერგიით დავიწყეთ. ძალიან მაინტერესებს, მომავალ სერიებში მოვლენები როგორ განვითარდება...

- ჯერ კიდევ სტუდენტი იყავი, როცა სერიალში გამოჩნდი. ახლა შენც გაიზარდე და შენი პერსონაჟიც, თამუნაც შეიცვალა. შენს სამსახიობო ოსტატობას როგორ აფასებ, როცა ძველ და ახალ სერიებს უყურებ?

- მგონი, 4 წელია, რაც სერიალში ვმონაწილეობ, მაგრამ საკუთარი თავის პირდაპირ ეთერში ნახვა მაინც მიჭირს (მოგვიანებით "ვახვევ" და ისე ვუყურებ). გასული სეზონების სერიების ნახვისას ძალიან მეცინება: მაშინ უფრო პატარა ვიყავი. თან, ჩემი პერსონაჟიც უფრო სხვანაირი, საყვარელი იყო (იცინის)... საკუთარ თავზე ლაპარაკი უხერხულია - ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. რაც შემიძლია, ვაკეთებ.

- მნიშვნელოვან განსხვავებას ხედავ? საკუთარი თავი რამე შეცდომაში ხომ არ "დაგიჭერია"?

- როგორ არა! იდეალურად არასდროს არაფერია. რა თქმა უნდა, შეცდომა ძალიან ხშირად შემინიშნავს, მაგრამ არა უშავს - ეს სერიალია და შემდეგ სერიებში გამოსწორება შეიძლება.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობამ რა გასწავლა?

- კამერასთან მუშაობა. ნამდვილად გამიმართლა. ბევრი კომპლექსი მოვიხსენი: მოგეხსენებათ, თავდაპირველად ყველანი რაღაცნაირად შებოჭილები, დაძაბულები ვართ. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება და მეც ცოტათი "გავიხსენი". კამერასთან მუშაობა ახლა უკვე სასიამოვნოც კი არის.

- თამუნას როლი შენთვის პირველია?

- ეკრანზე - კი, პირველია. ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა.

- სერიალში როგორ მოხვდი?

- კასტინგზე მივედი. მეგობარიც მახლდა. კასტინგის გავლის მერე მადლობა გადამიხადეს და წამოვედით. ნახევარ საათში (გზაში ვიყავი) დამირეკეს - როლზე დამტკიცებული ხარო. მე და ჩემი მეგობარი სიხარულისგან ერთმანეთს ვასკდებოდით (იცინის)...

- შენი პერსონაჟის "ხაზის" ასე განვითარებას ელოდი?

- არა, რა თქმა უნდა, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მეოთხე წელი სრულდება, რაც სერიალში ვარ. ძალიან მიხარია.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემი სტილი თამუნასგან ძალიან განსხვავებულია - ის ქალურად იცვამს, "ქუსლებით" დადის. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ძირითადად, თავისუფლად, პრაქტიკულად ვიცვამ.

- სამოსის შერჩევასთან დაკავშირებით, ვინმეს რჩევას ბრმად მინდობიხარ? ჩაგიცვამს ის, რაც თავად არ მოგწონებია?

- არა, რადგან გამხდარი ვარ და ვიცი, რა მიხდება და რა - არა. გამხდარი ადამიანი მაინც სხვანაირია, სხვა პრობლემები აქვს (იცინის)... სამოსს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვუთმობ, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო.

- შენი პერსონაჟის ცხოვრებაში შაურმას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს...

- კი, ჩემი პერსონაჟის ცხოვრება სერიალში შაურმით დაიწყო (იცინის). შაურმა თავადაც ძალიან მიყვარს. ამ მხრივ, მე და თამუნას რაღაც საერთო გვაქვს.

- თუმცა, თამუნას გემოვნება შეიცვალა შაურმიდან პანაკოტამდე...

- (იცინის) უბრალოდ, პანაკოტა გასინჯული არ ჰქონდა. როცა გასინჯა, მოეწონა.

- საკვებთან დაკავშირებით, თავად როგორი გემოვნება გაქვს, გარდა იმისა, რომ შაურმა გიყვარს?

- ყველაფერს ვჭამ, რისი ჭამაც შეიძლება, ყველაფერი მიყვარს. გურმანი ვარ.

- კერძების მომზადებაც გიყვარს?

- არა. ამის გაკეთება არ მიწევს ხოლმე, თორემ თუ დამჭირდა, აუცილებლად მოვამზადებ. ამ მხრივ, ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს.

- გაგვაცანი შენი ოჯახის წევრები...

- მამაჩემი მთელი ცხოვრება ხმის რეჟისორი იყო, დედა დიასახლისია. იურისტი და და უსაყვარლესი დისშვილი მყავს.

- როგორც ვიცი, შენს პროფესიულ არჩევანზე დედამ ძლიერი ზეგავლენა მოახდინა, არა?

- დედა ბავშვობიდან მეუბნებოდა, რომ ეს საქმე გამომივიდოდა. ადამიანი აზრს რომ "ჩაგაწვეთებს", შენც სულ ამაზე გეფიქრება და ცხოვრება ავტომატურად დაგეგეგმება, ასე გამოვიდა, რა...

- სკოლის დამთავრებამდე, მსახიობის პროფესიასთან რაიმე კავშირი გქონია?

- არა, არანაირი.

- სასკოლო ღონისძიებებშიც არ მონაწილეობდი?

- ალბათ, 1-2 ასეთი შემთხვევა იყო, როცა 12-13 წლის გახლდით, სხვა არაფერი.

- არ გაგიჭირდა პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც - თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება, სწავლა?..

- რა თქმა უნდა, გამიჭირდა, მაგრამ ადამიანები ვართ და მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოგვივა, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს ეტაპობრივად ხდება: თავდაპირველად არაფერი იცი. სწავლის, გამოცდილების მიღების პროცესში "მოდის" ყველაფერი...

- რა გაძლევდა თავდაჯერებას, რომ სწორედ მსახიობის პროფესიაში მიაღწევდი წარმატებას?

- ჩემი აზრით, ბევრი მუშაობით ყველაფერი გამოვა.

- არის ვინმე, ვინც მსახიობად შენს ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა?

- როგორ არა! ბევრმა პედაგოგმა და მსახიობმა.

- "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღებ მოედანზე რა ხდება ხოლმე - სიცილის გამო, თენგოს და თამუნას ეპიზოდები ჩაშლილა?

- შოთიკოს (თენგოს როლის შემსრულებლის) ერთი გაცინება "გარდაცვალებაა" (იცინის). ხშირად მეცინება თენგოზეც, ლუნაზეც, ნუგოზეც. როცა ეს 3 პერსონაჟი ერთადაა, წარმოუდგენელი ტრიო იქმნება. თან, ისეთი დიაპაზონის ხმები აქვთ, სიცილის შეკავება რთულია. ძალიან ვხალისობ... საერთოდ, გადასაღებ მოედანზე სამუშაო განწყობაა. ყველა თავის საქმეს აკეთებს და გადაღების პროცესი მუდმივად კარგად მიმდინარეობს. აქ მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა..წაიკითხეთ სრულად

საქართველოში +18 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის

შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა