ცნობილი ამერიკელი რეპერი ლილ უეინი დემნა გვასალიას კომპანია Vetements-ის ქურთუკით გამოჩნდა სცენაზე. ჯინსის ქურთუკზე ქართული წარწერებია - სოხუმი, ვაჟა, შოთა, გალაკტიონი. მკლავზე კი გალაკტიონის ლექსი „მე და ღამეა“ დაბეჭდილი.
გვასალიამ ქართული ტექსტებით ბოლო პერიოდში არაერთი სამოსი შექმნა. გასულ წელს საზოგადოებას პარიზში წარუდგინა კოლექცია, რომელიც საქართველოს მიუძღვნა.
„კოლექცია მივუძღვენი საქართველოს, ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა, გურამი 90-იან წლებში ვიზრდებოდით. ვეცადე, ჩვენებისას თვალი გამესწორებინა შიშისთვის და ტკივილისთვის,“ - განაცხადა დემნამ პარიზში გამართული ჩვენების შემდეგ.