თოქ-შოუ "პროფილი" ლალა ცინდელიანის შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
"ვეხმაურებით 14 მარტის "პროფილის" გარშემო ატეხილ არაჯანსაღ აჟიოტაჟს და ვპასუხობთ ყველას, ვისაც რაიმე სახის შეკითხვა გაუჩნდა გადაცემის სტუმართან დაკავშირებით.
1. აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ქალბატონის, ლალა ცინდელიანის პრობლემების შესახებ მივიღეთ წერილი, სადაც მისი ახლობელი 7-შვილიანი დედის დახმარებას გვთხოვდა.
2. სოციალურ ქსელში მანამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახული იყო, როგორ ითხოვს მოწყალებას ლალა ცინდელიანის არასრულწლოვანი შვილი, რათა სმენადაქვეითებულ დედას ყურის აპარატი უყიდოს.
3. გადაცემის მიზანი იყო მაყურებლისთვის მოეთხრო დევნილი ქალბატონის რთული წარსულის და უმძიმესი აწმყოს შესახებ.
4. 14 მარტის "პროფილში" არც ერთხელ არ იყო ნახსენები, რომ 7-შვილიან ქალბატონს სახლი არ აქვს. ჩვენი მიზანი იყო, ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი სმენადაქვეითებული დედის და მცირეწლოვანი ბავშების დახმარება. უცნაურია, რატომ გვედება ბრალი იმაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.
5. რაც შეეხება ბინას, ლალა ცინდელიანს 2018 წელს სახელმწიფომ მართლაც გადასცა. როგორც ლალა ცინდელიანი აცხადებს, ბინა საცხოვრებლად უვარგისია, არის ავარიული კორპუსი და არ მიეწოდება სასმელი წყალი. ამიტომ 7 მცირეწლოვანი შვილით ის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ბინაში არ ცხოვრობს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, გადაცემის მიზანი მაყურებლისთვის უმძიმესი წარსულისა და აწმყოს მქონე ქალბატონის ისტორიის მოყოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს საცხოვრებლად უვარგისი ბინა გადაეცა, გადაცემის წამყვანს, არც ერთხელ არ უხსენებია, რომ ოჯახს ბინა არ ჰქონდა. კარგი იქნება თუ შესაბამისი უწყება დევილი ოჯახისთვის ბინის გადაცემის შემდეგ, გადაამოწმებს, რატომ არ ცხოვრობს ეს ოჯახი ნაჩუქარ ბინაში. ფაქტია, რომ მრავალშვილიანი, სმენადაქვეითებული ქალბატონი, რომელსაც არ აქვს სამსახური და სტაბილური შემოსავალი, ბინაში კომუნიკაციის პრობლემების მოგვარებას, რათა ის საცხოვრებლად ვარგისი გამხდარიყო, ვერ შეძლებდა" - ნათქვამია "პროფილის" განცხადებაში.
ლალა ცინდელიანის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე გასულ სიუჟეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, 7-შვილიან დედას, ლალა ცინდელიანს სამინისტრომ ვაზიანში ორი ბინა გადასცა, თუმცა იგი გარკვეული პრობლემების გამო იქ გადასვლას ვერ ახერხებს.
"სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ასახული იყო, რომ 7 შვილის დედას მართლაც უმძიმეს პირობებში უწევდა ცხოვრება. ამ შემთხვევაზე მართლაც ძალიან შემტკივა გული. ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა ამ ოჯახისთვის, სრულად ვერ უგვარებს პრობლემებს, მაგრამ ამ ოჯახს სახელმწიფომ გადასცა ორი საცხოვრებელი ამ ბოლო პერიოდში. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ვერ ახერხებს იქ კომუნიკაციის მოგვარებას, რათა საცხოვრებლად გადავიდეს. ეს არის ერთ ოთახიანი და სამოთახიანი ბინები. მას ეს ბინები ერთი წლის წინ გადაეცა. ისე არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ გულქვა ადამიანები ვართ და არ გვადარდებს ადამიანის ბედი. იქნებ თითოეულ თქვენგაზე უფრო მეტი აღქმა მქონდეს ტკივილისა და ადამიანის გაჭირვების, რადგან ნახევარი ცხოვრება პაციენტების მკურნალობაში მაქვს გატარებული", - განაცხადა მინისტრმა.