მე ვარ თვითმხილველი, რომელმაც დავინახე, როგორ იდგა კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე რუსი ოკუპანტი ხურვალეთის ერთ-ერთი მცხოვრებლის ეზოში, სახეზე ნიღბები ეკეთათ,- ამის შესახებ სოფელ ხურვალეთში, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„ახალგაზრდები ჩემთან სოფელში აპირებდნენ მოსვლას და დაბადების დღის გადახდას. მიკავშირდებიან ხოლმე ახალგაზრდები იმისთვის, რომ მოხუცები გაამხიარულონ. დარეკილი ჰქონდათ, მოვდივართო. ჩემ სახლთან რამდენიმე მანქანამ როცა გაიარა, ვფიქრე, მოვიდნენ და ახალაგებულ კოშკურას ათვალიერებენ-მეთქი. ამ კოშკურასთან 200 მეტრში ვცხოვრობ. დავინახე რამდენიმე ოკუპანტი და შევწუხდი, აფხაზეთის ომი გადავიტანე და საშინელებაა ჩემთვის რუსი ოკუპანტის ნახვა. მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული ვნახე, სოციალურ ქსელში დავწერე, მიშველეთ, რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ ხურვალეთის ტერიტორიაზე-მეთქი“, - აცხადებს სალია.