ავტორი:

"იქ არის მსოფლიოს ყველაზე დიდი აკვაპარკი, მაიას პირამიდები, მელ გიბსონის კაფე..." – ქართველი მხატვრის შთაბეჭდილებები "პალმა ჯუმეირადან"

"იქ არის მსოფლიოს ყველაზე დიდი აკვაპარკი, მაიას პირამიდები, მელ გიბსონის კაფე..." – ქართველი მხატვრის შთაბეჭდილებები "პალმა ჯუმეირადან"

ცოტა ხნის წინ მკითხველს ქართველი ემიგრანტის ოთარ ზალდასტანიშვილის შესახებ ვუამბეთ, რომელმაც მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული "პალმა ჯუმეირას" კონსტრუქციის დაპროექტება შეძლო. სწორედ მისი მეშვეობით მოხერხდა ყურეში ნიადაგის დამაგრება, რათა მიწა ზღვას არ წაეღო. სამწუხაროდ, ოთარ ზალდასტანიშვილი ამ კუნძულის ნახვას ვერ მოესწრო... "პალმა ჯუმეირაზე" იმყოფებოდა ქართველი მხატვარ-დიზაინერი დემურ კეზუა, რომელიც თავის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

- როდესაც მივფრინავდი და "პალმა ჯუმეირას" ზევიდან გადავხედე, ძალიან აღვფრთოვანდი. ზემოდან დანახვისას მართლაც გეუფლება შეგრძნება, რომ მსოფლიოს მერვე საოცრებას უყურებ... საოცრად მასშტაბურია და ვერაფრით იფიქრებ, თუ ადამიანებს ასეთი რამის შექმნა შეუძლიათ. რამდენად დიდი ფინანსური რესურსი და შრომაა ჩადებული, ამას ალბათ ენით ვერ აღწერ. იქ ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავის ვილაა და არა მხოლოდ მათი. საერთოდ, დუბაიში მდიდარ ადამიანებში ერთმანეთისთვის ვილების ჩუქება ძალიან მიღებულია. აზერბაიჯანშიც რომ ვმუშაობდი, ცნობილი ადამიანის ქორწილში ვიყავი და მას მეგობრებმა ვილები აჩუქეს... "პალმა ჯუმეირაზე" შეიძლება ზოგიერთი ვილა არ იყოს ძალიან ძვირი, მაგრამ შემდეგ შენახვა და გადასახადები ძალიან ძვირი ჯდება. შეიძლება ითქვას, რომ შენივე ვილაში ქირით ცხოვრობ.

მდიდრული ვილები "პალმა ჯუმეირაზე"
პალმა ჯუმეირა - ხელოვნური კუნძულები დუბაიში

- "პალმა ჯუმეირაზე" რისი ნახვა გაინტერესებდათ ყველაზე მეტად?

- ძირითადად რის სანახავადაც ჩავედი, ეს არის იქ განთქმული სასტუმრო "ატლანტისი", სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი აკვაპარკია. უზარმაზარი ტერიტორია აქვს, მთელი სანაპირო, სადაც მაიას პირამიდებია ულამაზესად გაკეთებული. მთავარი პირამიდიდან წყალი ჩამოედინება, ამ წყალს მოუყვები და მოცურავ... სასტუმროში ღამის გათევა არც მიფიქრია, რადგან როგორც გავიგე არის ნომრები, სადაც ერთი ღამის გათევა 10 ათასი დოლარი ჯდება. ზოგიერთი ზონებია, სადაც ვერ შედიხარ, მაგრამ თავისუფალი ზონებიცაა, სადაც შეგიძლია შეხვიდე და ჩვეულებრივ მოგემსახურებიან. "ატლანტისში" მანქანით ვერ მიხვალ, გარკვეული მანძილის შემდეგ სასტუმრომდე უფასო ავტობუსებით შეგიძლია ისარგებლო. სასტუმროს ტერიტორიაზე, რაც თვალში მომხვდა, ეკოლოგიურად სუფთა, ელექტრონული მანქანებია. ამ სასტუმროშია მელ გიბსონის ბარი, რომელიც ლამაზი, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივი ბარია... მთლიანად სასტუმრო საუკეთესო დიზაინით გამოირჩევა. როგორც მხატვარს განსაკუთრებულად მომეწონა ქანდაკებები. ძალიან კარგი გემოვნებით შერჩეული დელფინების და ცხოველების ქანდაკებები იდგა... მომეწონა ინტერიერი, ერთ ოთახში ძალიან ბევრი, ათასობით ფერადი ქოლგა იყო დაკიდებული. ყველაფერს ეტყობა, რომ სასტუმროს დიზაინზე კარგმა მხატვარმა იმუშავა.

სასტუმრო "ატლანტისი" დუბაიში, "პალმა ჯუმეირას" კუნძულებზე

- ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე როგორი ბუნებაა?

- კარგად გამწვანებული პალმებით და სხვა მცენარეებით... იქ მთელი დღე დავრჩი და ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ ყველაფერი კარგად დამეთვალიერებინა. გულწრფელად გითხრათ, ზემოდან გადახედვა იმდენად შთამბეჭდავია, ის შეგრძნება უფრო მეტად მენატრება, ვიდრე კუნძულზე ყოფნა. ტურებიც არის, სადაც პარაშუტით ზემოდან ეშვები, მაგრამ უსაფრთხოების ნორმებს მკაცრად იცავენ, წონაზეა შეზღუდვა და მეც ამიტომ არ მომეცა საშუალება პარაშუტით დავშვებულიყავი. ამბობენ, რომ პარაშუტით კუნძულზე დაშვებისას საოცარ ემოციებს იღებ. სამწუხაროდ, დუბაიში და ამ მხარეში ქართველები ნაკლებად არიან დამკვიდრებული. რუსებს იქ ტელევიზია და რადიოც აქვთ, ძალიან აქტიურად არიან ჩართული ბიზნესში აზერბაიჯანელებიც და ჩვენ რადგან არანაირი ნიშა არ გვაქვს, აქედანაც ჩანს, რომ არ გვაქვს ვაჭრობისკენ მიდრეკილება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი