„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა თიბისი გალერეაში "თიბისის" სტიპენდიანტებს შეხვდა და მათ განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ლექციას თბილისელი და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სტიპენდიანტები ესწრებოდნენ. "თიბისის" პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო. საქართველოს მთასა და ბარში მცხოვრები პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები თუ სპორტსმენები "თიბისიმ" იპოვა და მათ განვითარებისათვის ფინანსურად ეხმარება.
საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის ლექციაზე დამსწრე სტიპენდიანტებს AMBEBI.GE გაესაუბრა და მათი ინტერესების, ინიციატივებისა და გამოწვევების შესახებ გაიგო.
მე-11 კლასელი ლუკა კლდიაშვილს კომპიუტერულ მეცნიერებებში უკვე სერიოზული ნაბიჯები აქვს გადადგმული და ამ კუთხით ბევრ თანატოლსაც დახმარებია.
„დაინტერესებული ვარ პროგრამირებითა და კომპიუტერული მეცნიერებით. ეს სფერო ჩემთვის კრეატიულობისა და ულიმიტობის განცდის ადგილია. აქ თავისუფალი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ყოველთვის ვცდილობ შევქმნა რაღაც ახალი, რაც შემდგომში ადამიანებს დაეხმარება და ცხოვრებას გაუმარტივებს. ლეონარდო და ვინჩის კონკურსში ვმონაწილეობდი ჩემი შექმნილი ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც შეეძლო დაზიანებული აკუსტიკური სიგნალების აღდგენა. გარდა ამისა, სკოლაში შევქმენი კლუბი, სადაც მსურველებს ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას და ვასწავლიდი სხვადასხვა გზებს, თუ როგორ უნდა განევითარებინათ უნარები კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით“ - გვიამბობს ლუკა კლდიაშვილი.
მარიამ რეხვიაშვილი ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელია. მისთვის „თიბისის“ სტიპენდიანტის სტატუსი დიდი მოტივაციის მიმცემი გახდა:
„ჩემი ინიციატივით სკოლაში რამდენიმე პროექტი გაკეთდა. ერთ-ერთი იყო ორდღიანი ტრენინგი ფემინიზმზე, გენდერულ თანასწრობაზე, ოჯახურ ძალადობაზე, სხვადასხვა აქტივობებით. აქედან გამომდინარე, სკოლამ გამიწია რეკომენდაცია და გავხდი თიბისის სტიპენდიანტი“ - გვიხსნის მარიამი.
გვანცა აბესაძე - საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლიდან მისი პროექტის შესახებ გვიამბობს:
„საერთაშორისო გამომგონებლების კონკურსში წარდგენილი მქონდა პროექტი „ბადი“ - ბუნებრივად აქტიური საკვები დანამატი. საკვებ დანამატებს ხშირად გამოიყენებენ საკვების ხარისხის ასამაღლებლად, რაც ზრდის პროდუქტიულობას. ჩემი პროექტით ფინალისტებს შორის მოვხვდი, რამაც განაპირობა ჩემი სტიპენდიანტობაც.“
ანუკი შატაკიშვილი თბილისი ვეკუას სკოლიდან, მოთხრობებსა და რომანებს წერს.
„შარშან დავწერე პირველი რომანი, რომლითაც ერთ-ერთ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. ვიყავი კონკურსის ფინალისტი, რის შემდეგაც, ჩემმა სკოლამ რეკომენდაცია გამიწია. თიბისის სტიპენდიანტობა ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა ჩემთვის“ - აღნიშნავს ანუკი.
ლადო აფხაზავამ დეტალურად უამბო მსმენელებს მისი და მისი მოსწავლეების მიერ განხორციელებული ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი პროექტების შესახებ, გაიხსენა თუ რა გააკეთა ბავშვებთან ერთად სოფლის განვითარებისთვის და აუხსნა ახალგზარდებს, რომ მათი ნებისმიერი ინიციატივა ძალიან ბევრს ნიშნავს.
„თქვენ დრომ გამოგარჩიათ, გილოცავთ სტიპენდიანტობას, ეს არის დიდი აღიარება და დიდი პასუხისმგებლობა.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი გაკეთებული საქმეების სხვებისთვის გაზიარება. ამით ადამიანებს დავეხმარებით გზის გაკვლევაში. როგორც ერთი სანთლიდან შეიძლება ათასობით სანთლის ანთება, ასევე შეიძლება ჩვენი მაგალითით სხვა უამრავ თანატოლს მივცეთ მოტივაცია და მათი წარმატებების მონაწილე გავხდეთ“ - აღნიშნა პედაგოგმა მოსწავლეებთან საუბრისას.
მასწავლებლობის 10-წლიანი გამოცდილების, 375 პროექტის ავტორისა და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებლის კიდევ ერთი რჩევა მოსწავლეებისთვის ასეთია - არასოდეს დანებდნენ!
„ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი არის თავისუფლება, როდესაც იგრძნობთ, რომ ის შეგეზღუდათ, აუცილებლად უნდა იბრძოლოთ მის დასაბრუნებლად. ეს არა მარტო პირადად თქვენთვის, არამედ თქვენი გარშემომყოფებისთვის, თქვენი თანატოლებისა და თანამოქალაქეებისთვის უნდა გააკეთოთ“ - აღნიშნა ლექციაზე ლადო აფხაზავამ.
მასწავლებელმა „თიბისის“ სტიპენდიანტებს აუხსნა, რომ არ უნდა იცხოვრონ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ისაუბრა ქველმოქმედების მნიშვნელობაზე და სთხოვა, რომ ამ ასაკიდანვე შეეჩვიონ მცირედი თანხის გაღებას სხვებისთვის.
საუბრის ბოლოს, ლადო აფხაზავამ ბავშვებს „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აუხსნა მათ, რომ თავიანთ მასწავლებლებსაც მისცენ შანსი ამ ჯილდოზე წარსადგენად. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი გამორჩეული პედაგოგია, რომლებიც იმსახურებენ დაფასებასა და აღიარებას.
„თიბისის სტიპენდიანტები“ 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 200-მა სტიპენდიანტმა პირველი სტიპენდია უკვე მიიღო და მთელი წლის განმავლობაში ყოველწლიურად მიიღებს.
„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი“ - აცხადებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
სტიპენდიანტების პროექტის ფარგლებში, ბავშვების ხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მთელი წლის განმავლობაში იქნებიან ჩართული. დაიგეგმება ახალგზარდების ინტერესებზე მორგებული ისეთი ლექციები, შეხვედრები და ღონისძიებები, რომელთა მიზანიც სტიპენდიანტი ბავშვების ცოდნისა და გამოცდილების განვითარება იქნება.
R
ავტორი: თეკლე ჯანელიძე