ოკუპირებულ აფხაზეთში, გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 12 მარტს სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა - ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.
ადგილობრივების თქმით, სინამდვილეში კვარაცხელია, რუსმა სამხედროებმა დააკავეს, რომლებთანაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგად რუსებმა მანქანა გამოიძახეს, ახალგაზრდა ჩასვეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზის მიმართულებით წაიყვანეს.
გალელების თქმითვე, ირაკლი კვარაცხელიას ისინი უზარაშვილის გვარით იცნობდნენ, კვარაცხელია კი მისი დედის გვარია. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველი ახალგაზრდა რუსმა სამხედროებმა ნაბაკევსა და ბარღებს შორის არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ბუნკერში ჰყავდათ დატყვევებული...
ადგილობრივი, რომელიც ირაკლი უზარაშვილის დაკავების ფაქტს შეესწრო ამბობს, რომ მასსა და სამხედროებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
"იქვე ვცხოვრობ და დავინახე როგორ დააკავეს ეს ბიჭი, ნაბაკევში, სოფლის შუაგულში რუსმა სამხედროებმა. სავარაუდოდ, ზუგდიდში უნდოდა გადმოსვლა. სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, რის შემდეგაც მანქანა მოვიდა... დააკავეს და მანქანაში კი არ ჩასვეს - ჩააგდეს. შემდეგ როგორც გაირკვა, ნაბაკევში არსებულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს... მერე თქვეს, რომ ექიმი სჭირდებოდათ, რადგან დაკავებული ცუდად გამხდარა. მიუყვანეს კიდევ ექთნები, მაგრამ უმძიმესი მდგომარეობა ჰქონია და ვერაფრით უშველეს...
მერე ითქვა, რომ სოფელ აჩიგვარადან ყოფილა. დედ-მამისეულ სახლში მარტო ცხოვრობდა და ზუგდიდში ხანდახან გადადიოდა, სავარაუდოდ, ბინის ამბების გასარკვევად...
დარწმუნებული ვართ, დაკავებული თავს არ და ვერ მოიკლავდა, ისევე, როგორც დარწმუნებული ვართ, რომ ცემაში შემოაკვდათ. პირველი შემთხვევაა, თუ რა? ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე დაკავებულებს ძალიან ხშირად, უფრო სწორად, თითქმის ყოველთვის ფიზიკურად უსწორდებიან. ჩვენ მათგან ფიზიკური ძალადობა არ გვიკვირს. ასე, თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ თითო-თითოდ გვხოცავენ და ფიზიკურად გვისწორდებიან..." - ამბობს თვითმხილველი.
როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, რეზო ქობალია აცხადებს, გარდაცვლილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჩიგვარაში მარტო ცხოვრობდა.
“ნაბაკევი-თაგილონის ე.წ. საზღვარზე, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, მდინარე ენგურის პერიმეტრზე დააკავეს. დევნილად რეგისტრირებულია სენაკში, იქაური გოგო ჰყავდა მეუღლედ, თუმცა, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ერთი შვილი ჰყავთ, 9 წლის გოგონა... ირაკლი აჩიგვარაში ცხოვრობდა, მშობლების სახლში და ხანდახან ზუგდიდში გადმოდიოდა საყოფაცხოვრებო რაღაცებზე და ამჯერადაც ამას აპირებდა... დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავს. არც და-ძმა ჰყავს..." - ამბობს ქობალია.
სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ კვირა ღამეს, 10 მარტს, დაკავებულისთვის თაგილონიდან მიიყვანეს ექიმი ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო... არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები ეტყობა.
ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლის თქმით, გადმოსვენებაზე საუბარი არც კი დაწყებულა, რადგან რუსული მხარე კავშირზე არ გამოდის.
სახელმწიფო უწყებების განცხადებით, ყველა არსებული ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა მიმდინარეობს.
მთავარი ფოტო: dimadeddima.wordpress.com