სიმღერა, რომელსაც დღეს თიკა ჯამბურია მარტო ასრულებს, ადრე დუეტი იყო, რომელსაც თიკა უცნობთან ერთად მღეროდა. "გავუსწროთ დროს" ყველა მუსიკალურ ჩარტში პირველ ადგილზე იყო. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილია, ტექსტის - პოეტი რატი ამაღლობელი.
როგორც თიკა ჯამბურია ამბობს, მისი ძველი და ცნობილი სიმღერის ახალ ვერსიაზე, რომელიც სოფო ტოროშელიძემ შექმნა, ვიდეორგოლიც გადაიღო. ახალი ვერსია გათანამედროვებულია, შემოდის ელექტრონული მუსიკის ელემენტები, ჟღერს საყვირი...
თუ რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ამ ძველი ჰიტის გაახლება და რატომ -უცნობის გარეშე, ამაზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ასე საუბრობს:
- ჩემი და უცნობის დუეტი "გავუსწროთ დროს" ახლა უკვე სხვაგვარად ჟღერს, სხვა ვერსიაა. გარდა იმისა, რომ მასზე კლიპის გადაღებას ვაპირებ, "ლაივშესრულებასაც" მოისმენს მაყურებელი გადაცემა "აკუსტიკაში". ჩემს ბენდთან ერთად შევასრულებ.
ცოტა ხნის წინ, პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ მითხრა, რომ სიმღერა "გავუსწროთ დროს" ყველას ძალიან უყვარდა, პოპულარული იყო, შენს ადგილას მის ახალ ვერსიას გავაკეთებდიო. მიუხედავად იმისა, რომ ძველ სიმღერებში მას ახლაც სიამოვნებით უსმენენ, იდეა მომეწონა და სოფო ტოროშელიძეს დავუკავშირდი. სოფომ მითხრა, - მეც მინდოდა, შენთვის იგივე მეთქვა, რომ ახალი ვარიანტი ჩაგეწერაო... მოკლედ, ჩანაფიქრი გამოვიდა, რადგანაც ყველა შევთანხმდით და ერთობლივად გავაკეთეთ.
ხოლო თუ როდის და როგორ ჩაიწერა დუეტი, მომღერალი ამას ასე იხსენებს: "სავრაუდოდ, 2003 წელი იყო, საპროდიუსერო კომპანია "არტ-იმედი" არსებობდა, რომელმაც რიყეზე მოაწყო კონცერტი "პეპელა" - სცენაზე ულამაზესი პეპელა იყო გაკეთებული, რომელზეც ქართველი მომღერლები, გამოვდიოდით... მე და უცნობიც გამოვედით და ეს დუეტი შვასრულეთ. მაშინ 12 წლის ვიყავი და ჩემი პროდიუსერი ნატო დუმბაძე იყო.
ეს სიმღერა თავიდან ნატომ შემირჩია, ჯემალ სეფიაშვილთან მივიდა და თვითონვე გადაწყვიტა, რომ უცნობთან ერთად, დუეტში მემღერა. რა თქმა უნდა, გამიხარდა. უცნობი, მაშინ პოპულარობის პიკზე იყო, დათანხმდა შეთავაზებას, იდეა მასაც მოეწონა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო".
- რატომ დათანხმდა უცნობი ეს სიმღერა შენთან ერთად შეესრულებინა?
- მაშინ მეც პოპულარობის პიკზე ვიყავი, დუეტიც არ ჰქონდა და თან, სიმღერა არ იყო ცუდი. როცა ვიმღერე და მოისმინა, ძალიან მოეწონა. მერე ერთად ჩავწერეთ, რამდენიმე დღე ვწერდით, რადგანაც იდეალური გვინდოდა, ყოფილიყო და ასეთიც გამოვიდა, ჩაწერას ჯემალ სეფიაშვილიც ესწრებოდა. მშვიდად და წყნარად ვმუშაობდით. მერე ვიდეოს გადაღებასაც ვაპირებდით, მაგრამ იმ კონცერტის ვიდეო ისეთი პოპულარული გახდა, ისე "დატრიალდა", რომ ამან ვფიქრობ, ცოტა დაგვამუხრუჭა და დარჩა ის საკონცერტო შესრულება. სიმღერა მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილას იყო. მიყვარს ის ჩანაწერი, სადაც ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი კაბა მეცვა, რომელმაც სიმღერასთან ერთად, თავისებურად იმ ვიდეორგოლის პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა - ყურადღებას ნამდვილად იქცევდა. თეონა თავართქილაძის მიერ შექმნილი კაბა იყო, რომელსაც ცოცხალი ყვავილები ჰქონდა მიკრული. მახსოვს, დიდი მანქანით მოიტანეს სცენამდე, რომ ყვავილები არ დაზიანებულიყო და არ ჩამოცვენოდა. იმ მწვანე კაბით სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავივით გამოვედი. უბრალოდ, ახლა სოლო ვერსიაა, რომელშიც მარტო მე ვმღერი.
- ახალი ვერსიის ჩაწერისას უცნობს რატომ არ შესთავაზე - ისევ ერთად გემღერათ?
- მინდოდა, დუეტში ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დავკავშირებოდი, ვერაფრით მოვახერხე, მის შვილსაც ვუთხარი, მაგრამ ჩვენი კონტაქტი ვერ შედგა.
- ამ სიმღერის პოპულარობაში მასაც ხომ მიუძღვის წვლილი, რომ მოისმენს, პრეტენზია არ გაუჩნდება?
- ამის შესახებ, ჯემალ სეფიაშვილსაც ვკითხე და ნატო დუმბაძესაც. პრობლემა არ იქნებაო და გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი, როგორც მოვიქეცი. ხომ გითხარით, კლიპის გადაღებაც მინდა, სადაც მე არ გამოვჩნდები, სხვა მინდა, ვათამაშო. სიმღერა Youtube-ზე უკვე დევს და მსმენელმა კარგად მიიღო.
ვინც მოისმინა, მოსწონს. საყვირზე ილია შიოლაშვილი უკრავს, არანჟირება ნიკა მარგველაშვილს ეკუთვნის.
- აღნიშნე, - მაშინ პოპულარობის პიკში ვიყავიო. ახლა რატომ არ სარგებლობ ისეთივე პოპულარობით?
- ძნელია ამდენი წელი ასეთი პოპულარობა შეინარჩუნო, ასეთ პიკს მგონი, ამერიკაშიც ვერ ინარჩუნებენ მუსიკოსები. პოპულარობის რაღაც ეტაპს რომ მიაღწევ, მერე ნელ-ნელა დაბლა ჩამოდიხარ. თუმცა მაინც მიხარია, რომ ხალხს ვახსოვარ, რაღაცებს ვაკეთებ, ვცდილობ, არ ვჩერდები. დღეს ჩვენს სფეროში კონკურენციაც არ არის ისე, როგორც ადრე და მომღერალიც სტიმულს კარგავ. ამასთან, შემოსავალიც არ არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს.
- ამ ეტაპზე კონკრეტულად რით ხარ დაკავებული - რას საქმიანობ?
- როგორც მომღერალი, ხომ ვამბობ, სულ ვმუშაობ, ვმღერი დიმა კობეშავიძესთან, გამოვდივართ კორპორატიულ საღამოებზე. გვაქვს კონცერტები. ასევე ვცდილობ, ვისწავლო, სპეციალური პროგრამები, რომლითაც სიმღერაზე ვიმუშავებ, ძალიან მაინტერესებს. მინდა, თვითონ შევქმნა ის, ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობ.
- შენი შვილის ასაკში უკვე ცნობილი პატარა მომღერალი იყავი. შენს გოგონას აქვს მუსიკალური მონაცემები? არ გინდა, ისეთივე "მუსიკალური" ბავშვობა ჰქონდეს, როგორიც შენ გქონდა?
- ნინა 8 წლის ხდება მაისში. ჩემგან ცოტა განსხვავებულია. მორცხვია, სცენა დიდად არ უყვარს და ამიტომ არც ვაძალებ. დადის "მზიურში", სკოლაში, კარგად სწავლობს, მეც ვცდილობ, რომ რაც მოსწონს და უყვარს, იმაში ხელი მეტად შევუწყო. ბოლო დროს მუსიკაზე სიარული მოინდომა. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ჩემი ოცნება იყო, - პიანისტი ვყოფილიყავი, რაღაც არ გამომივიდა, ნინას თავისით გაუჩნდა სურვილი მუსიკოსი იყოს, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა...