„მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ურბანული მწერალი“ - ასე აფასებს ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე მამას. მისი თქმით, გურამ ფანჯიკიძე, თანამედროვე ლიტერატურის საქართველოში სტილის ერთ-ერთი მთავარი ჩამომყალიბებელი იყო.
თანამედროვე წერის სტილის გარდა, მწერლის ყველაზე სკანდალური და პოპულარული რომანი სუჟეტითაც გამოირჩევა. „სპირალი“ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში ნადმვილი ბესტსელერი გახდა. მაშინ, როდესაც წიგნების შესაძენად ანგარიშსწორება ტალონებით ხდებოდა, 60 000-იანმა ტირაჟმა არაერთი მკითხველის გული მოიგო და სრულად გაიყიდა.
1990 წელს „სპირალის“ მიხედვით გამოვიდა ფილმიც, რომელმაც რეჟისორ გიული ჭოხონელიძეს დიდი წარმატება მოუტანა.
„ეს წიგნი, მაშინ სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, დღეს კი ჩვენი ახლო რეალობაც შეიძლება იყოს.“ - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.
იმ დროისთვის პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი დაძაბული სიუჟეტითა და დეტექტივის ელემენტებით მალევე გახდა მკითხველისათვის საყვარელი ნაწარმოები. თუმცა, როგორც ნათია ფანჯიკიძე იხსენებს, მამამისიც ხშირად აღნიშნავდა ამას და თავადაც ეთანხმება იმ აზრს, რომ „სპირალში“ მეტად ფასეული არის ის, თუ როგორ განიცდის ადამიანი სხვის სხეულში ჩაბუდებას.
„ახლა როდესაც სხეულის ორგანოების ტრანსპლანტაცია ხშირია, ძალიან რთული და საინტერესო განცდები აქვთ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურის წინაც და შემდეგაც ძალიან ბევრს შრომობენ ფსიქოლოგები.“ - ნათია ფანჯიკიძე.
რომანის სიუჟეტის თანახმად, მომაკვდავი აკადემიკოსის ტვინს უნერგავენ ახალგაზრდას, რომელიც კრიმინალი აღმოჩნდება. ვინ იქნება ოპერაციის შემდეგ ეს ადამიანი - მოხუცი აკადემიკოსი, ახალგაზრდა კრიმინალი, თუ ვიღაც ახალი პიროვნება? ტვინი დაიმორჩილებს სხეულს, თუ სხეული ტვინს? და საერთოდ, ძალიან ხომ არ ვერევით ბუნების საქმეებში? ხომ არ გვავიწყდება, რომ ჩვენ თვითონ ბუნების შვილები ვართ და შემქმნელი ზედმეტ თავხედობას არ გვაპატიებს?
ამ კითხვებზე პასუხის ძიება ქართველ მკითხველს ახლა უკვე „სპირალის“ ახალი გამოცემის ფურცლებზე შეუძლია. გამომცემლობა „პალიტრა L” პროექტს „იკითხე ქართული“ გურამ ფანჯიკიძის „სპირალით“ აგრძელებს. წიგნის შეძენა პრესის გავრცელების წერტილებსა და ბიბლუსის მაღაზიებშია შესაძლებელი.