ავტორი:

"მეორე დღეს მთელი ლოს-ანჯელესი გვცნობდა" - წლების წინანდელი ამბავი "ოსკარის" დაჯილდოებიდან, სადაც ანსამბლი "რუსთავი" გამოვიდა

"მეორე დღეს მთელი ლოს-ანჯელესი გვცნობდა" - წლების წინანდელი ამბავი "ოსკარის" დაჯილდოებიდან, სადაც ანსამბლი "რუსთავი" გამოვიდა

"დარბაზი ნელ-ნელა გაივსო ხალხით, დადგა შანელის სუნი, ბრილიანტებში აბრჭყვიალდა მთელი დარბაზი. კონცერტი სახელწოდებით: "ჯილდოები ხალხის რჩეულებს", რომლის პირდაპირი ტრანსლაცია ამერიკასა და მთელ ევროპაში მიმდინარეობდა. მსახიობებს ჯილდოებს 1990 წლის "მის ამერიკა" ქერელ გისტი გადასცემდა. ეს ულამაზესი "მისი" მულატია, მაღალი, ნამდვილი შავი ბრილიანტი, მისი სილამაზის აღწერას მე ვერ შევძლებ, რადგან ამისთვის არც ნიჭი მეყოფა და არც ნერვები..." - ეს არის ამონარიდი წიგნიდან "ანსამბლი "რუსთავი" ორმოცი წლისაა", რომლის ავტორი ანზორ ერქომაიშვილია.

ანსამბლი "რუსთავი" წელს 50 წლის გახდა. ამ წლების განმავლობაში მას სწორედ ანზორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ანსამბლს უკვე ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილი ჰყავს. ნატროშვილი ანსამბლ "რუსთავში" 30 წელია საქმიანობს. ის ანსამბლ "მართვეს" აღზრდილია. დამთავრებული აქვს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

ცოტამ თუ იცის, რომ დაახლოებით 30 წლის წინ ანსამბლი "რუსთავი" ჰოლივუდში, "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიაზე იყო მიწვეული. როდესაც ანზორ ერქომაიშვილს ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით, გვითხრა, რომ აღნიშნულზე უნიკალური მოგონებები შესულია წლების წინ გამოცემულ წიგნში "ანსამბლი "რუსთავი" ორმოცი წლისაა" და მხოლოდ ის მოგონება სურს, რომ პრესაში გავრცელდეს.

ამონარიდი წიგნიდან:

"...11 მარტს "ჰოლივუდში" კონცერტში მონაწილეობის მისაღებად დილიდანვე წაგვიყვანეს. "ჰოლივუდი" არის პატარა ქალაქი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ამაზე ქვემოთ, ახლა მივყვეთ ფაქტებს. კონცერტი უდიდეს საკონცერტო დარბაზში შედგა, რომელსაც გადასაღებ პავილიონად იყენებენ.… კონცერტის რეპეტიცია დილის 11 საათზე დაიწყო... კაცები შავ სმოკინგებში იყვნენ გამოწყობილი, ქალებს რა ეცვათ, ამის აღწერა ნამდვილად შეუძლებელია.

ჩვენი ჩოხოსანი ბიჭების გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მსოფლიოს "ვარსკვლავები" ტაშის გრიალით შეეგებენ ქართველ ჩოხოსნებს, რომლებმაც მსოფლიოს უმაღლეს ცივილიზაციაში განსაკუთრებული კოლორიტი შეიტანეს. კინაღამ წაგვლეკა ფოტორეპორტიორებისა და ჟურნალისტების ტალღამ, რომლებმაც გამოჩენილ კინოვარსკვლავებთან ერთად ჩვენი გადაღებაც დაიწყეს. მერე ამ რეპორტიორებმა მოინდომეს კონცერტზე შესვლა, მაგრამ პოლიციამ არ გაუშვა და იყო ერთი ამბავი.

კონცერტის დაწყებამდე ვნახეთ დარბაზი, რომელიც უკვე საკონცერტოდ გაემზადებინათ. მაყურებელი გაწყობილ სუფრასთან იჯდა და ისე უყურებდა შოუს. მაგიდაზე გადაეფარებინათ სხვადასხვა ფერის სუფრები, რომლებზეც სხვადასხვა ფერის ყვავილები ელაგა. ყვავილებში ვარდები სჭარბობდა. სუფრაზე ეწყო იშვიათი ჭურჭელი და ზედ ათასნაირი ტკბილეული და სასმელი ელაგა. ყოველივე ეს ისეთ ფერებში იყო გადაწყვეტილი და ისე მდიდრულად გამოიყურებოდა, მაყურებელს თვალს მოსჭრიდა.

ამ ფაქტმა გამახსენა ერთი ამბავი საქართველოში, ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, როცა ქეიფის სცენას იღებდნენ, ფილმის დირექტორმა გოჭსა და ქათმებს ნავთი გადაასხა, მოშიებულ მსახიობებს რომ არ შეეჭამათ, ვინაიდან გადაღება მეორე დღესაც უნდა გაგრძელებულიყო.

დარბაზი ნელ-ნელა გაივსო ხალხით, დადგა შანელის სუნი, ბრილიანტებში აბრჭყვიალდა მთელი დარბაზი. კონცერტის სახელწოდება იყო "ჯილდოები ხალხის რჩეულებს", მისი პირდაპირი ტრანსლაცია ამერიკასა და მთელ ევროპაში მიმდინარეობდა (გარდა სსრ კავშირისა)...

მსახიობებს ჯილდოებს 1990 წლის ამერიკის სილამაზის პრიზის მფლობელი "მის ამერიკა" ქერელ გისტი გადასცემდა. ეს ულამაზესი "მისი" მულატია, მაღალი, ტანკენარი, ნამდვილი შავი ბრილიანტი, მისი სილამაზის აღწერას მე ვერ შევძლებ, რადგან ამისთვის არც ნიჭი მეყოფა და არც ნერვები. ვიტყვი მხოლოდ, რომ უცბად ვერდის ოპერა "აიდა" გამახსენდა. მისი მთავარი გმირი აიდა სწორედ ისეთი წარმომედგინა, როგორიცაა ქერელ გისტი.

სათითაოდ გამოდიოდნენ მსახიობები და სანამ ჯილდოს მიიღებდნენ, უზარმაზარ ეკრანებსა და მონიტორებზე აჩვენებდნენ ფრაგმენტებს მათი კინოფილმებიდან. მერე ისინი ყვებოდნენ სურიოზულ ამბებს თავიანთი ცხოვრებიდან და იყო ერთი სიცილ-ხარხარი.

მსოფლიოში სახელგანთქმული "ვარსკვლავების" გრძელი სიიდან აქ იყვნენ: მერილ სტრიპი, ლუთერ ვანდროსი, ვალერი ბერტინელი, არსენიო ჰოლდი არმი აჩერდი, ფრედ სევიჯი, სალლი კელმანი, ჯემი ლიი კურტისი, ანტონი ფალსო, როზან ბარი, ალან რაჩენსი, კენი როჯერსი, ბობი ბრაუნი, პაულა აბდული, კომიკი – ბილ ქობსი, 14 წლის ნეილ პატრიკ ჰარისი (მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პრიზის მფლობელი), 13 წლის ტელევარსკვლავი, მსახიობი და წამყვანი ფრედ სევიჯი, რომელსაც სხვებთან ერთად საღამოც მიჰყავდა, თან გასაოცარი ოსტატობით. კინო-ტელევარსკვლავთა სიას რომ გაეცნო, ფრიდონ სულაბერიძემ მითხრა: ეს რა ვარსკვლავებია, ნახევარის გვარი პირველად მესმისო. რა ვქნათ, ჩემო ფრიდონ, ჩვენთან ამათ ფილმებს არ აჩვენებენ-მეთქი, ვუპასუხე და გამახსენდა ფრაგმენტი ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან".

სცენაზე გამოვიდა რუსი ემიგრანტი სმირნოვი, რომელმაც ახსნა თუ როგორ ესმის მას თავისუფლება და დასძინა, "სამშობლო მივატოვე იმიტომ, რომ ყველაფერს თავისუფლება ვარჩიეო".

ჩვენი ბიჭები გამოვიდნენ თუ არა სცენაზე და გაისმა ქართულად "თავისუფლება", დარბაზში ერთსულოვანი ტაში მოსწყდა. სიმღერას დიდი მოწონება ხვდა წილად. მეორე დღეს პრესა აღნიშნავდა, რომ ეს ნომერი მთელს შოუში საუკეთესო იყოო. მოკლედ კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მეორე დღეს პირადად ჩვენ მთელი ლოს-ანჯელესი გვცნობდა. პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი და ჩვენი სიმღერის, "თავისუფლების" სოლისტი ჯონ შნაიდერი ჩვენს კონცერტზე დავპატიჟეთ. კონცერტის შემდეგ იგი აღფრთოვანებული ამოვიდა სცენაზე და თქვა, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და გაიცნობს იმ ხალხს, რომელმაც ეს შესანიშნავი კულტურა შექმნა.

მეორე დღისთვის შნაიდერმა მთელი ანსამბლი დაპატიჟა სადილად. ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა მასთან სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს და ერთხელ კიდევ შეასრულეს სიმღერა "თავისუფლების" ფინალი.

მთავარ ფოტოზე: ჯონ შნაიდერი ანსამბლ "რუსთავის" წევრებთან ერთად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ