ავტორი:

რომელ ორგანოებს უქმნის საფრთხეს ტყვიით დაბინძურება და რატომ არის განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის?

რომელ ორგანოებს უქმნის საფრთხეს ტყვიით დაბინძურება და რატომ არის განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ტყვია 10-დან ერთ-ერთ იმ ქიმიურ ნივთიერებად განსაზღვრა, რომელიც ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საქართველოში შემოწმებული 200 ადამიანიდან 75%-ზე მეტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, მათი უმეტესობა ბავშვია.

ტყვია ბუნებრივი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც დედამიწის ქერქშია აღმოჩენილი. მისმა ფართო გამოყენებამ გარემოს მასშტაბური დაბინძურება გამოიწვია, რაც თავის მხრივ ადამიანისა და ზოგადად, საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ადამიანის ორგანიზმის რა ნაწილში კონცენტრირდება ტყვია ყველაზე მეტად და რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო ბავშვების ჯანმრთელობისთვის.

ძვლებში არსებული ტყვია ორსულობის პერიოდში სისხლში გამოიყოფა და ნაყოფს აზიანებს. ჯერჯერობით არ არის დადგენილი ტყვიის ოდენობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნებოდა.

ტყვიით გარემოს დაბინძურების დიდი წილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე, გადადნობაზე, საწარმოო და გადამამუშავებელ აქტივობებზე, ზოგიერთ ქვეყნებში კი ტყვიის შემცველი საღებავების, ბენზინისა და საავიაციო საწვავის ხანგრძლივ მოხმარებაზე მოდის.

გლობალურად ტყვიის მოხმარების ¾ ავტომობილების ტყვია-მჟავის შემცველი აკუმულატორების წარმოებისთვის გამოიყენება, თუმცა ამ ნივთიერებას სხვა ბევრი პროდუქციის შემადგენლობაშიც შეხვდებით.

აღნიშნული ნივთიერების წინაშე ყველაზე მოწყვლადები და დაუცველები ბავშვები არიან, რომელთა შემთხვევაში ტყვია ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებას უქმნის საფრთეს. ნივთიერება გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდასრულთა ჯანმრთელობასაც აზიანებს და მაღალ არტერიულ წნევასა და თირკმელების დაზიანებას იწვევს. ორსული ქალების შემთხვევაში ტყვიის მაღალი შემცველობა ორსულობის შეწყვეტას, მკვდრადშობადობას, ნაადრევ მშობიარობასა და მცირე წონის მქონე ბავშვის გაჩენას იწვევს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომწამვლელი ნივთიერებისგან ყველაზე დაუცველები ბავშვები არიან, რადგან ისინი უფროსებთან შედარებით 4-5-ჯერ მეტ ტყვიას იღებენ. უფრო მეტიც, ბავშვების ამოუწურავი ცნობისმოყვარეობისა და მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ჩვევის წყალობით, რაც ყველაფრის პირში ჩადებას გულისხმობს, მათ ორგანიზმში მტვრის, ქვიშისა და საღებავის სახით გაცილებით მეტი ტყვია ხვდება.

ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ნივთიერება პირდაპირ ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას ესხმის თავს, რაც კომაში ჩავარდნას, კონვულსიასა და სიკვდილსაც კი იწვევს. ბავშვებს, რომლებიც ტყვიით მოწამვლისას გადარჩებიან, შესაძლოა ქცევითი აშლილობა დარჩეთ.

ბავშვების შემთხვევაში, ტყვიით მოწამვლას ტვინის განვითარების შეფერხება შეუძლია, რაც IQ-ს დაქვეითებაში, ქცევის ცვლილებაში გამოიხატება, მაგალითად ამ დროს ბავშვი ნაკლებად ყურადღებიანი და მეტად ანტისოციალურია, ამასთანავე მცირდება შემეცნებითი მიღწევებიც.

ორგანიზმში ტყვიის მოხვედრას ანემიის, ჰიპერტენზიის, ღვიძლის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია.

ტოქსიკოლოგის რეკომენდაცია

მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგის, ინგა ღვინერიას თქმით, ასეთ დროს, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია სწორი კვება, იმ პროდუქტების მიღება, სადაც ტყვია ნაკლებად არის.

"როდესაც ბავშვს ტყვია ნორმაზე მეტი აღმოაჩნდება, მან უნდა მიიღოს კალციუმით, რკინით, ცილებით მდიდარი საკვები. არ შეიძლება ცხიმიანი საკვების მიღება, რადგან ცხიმი ტყვიას ორგანიზმში დიდხანს აკავებს. სამწუხაროდ, ტყვია ისეთ ფონს ქმნის, რომ მერე სხვა დაავადებები ადვილად ვითარდება.

ვერ იტყვით, რომ ტყვიამ მოკლა ამდენი ადამიანი, მაგრამ სადაც ჰაერი, წყალი და საკვები დაბინძურებულია, იქ ავთვისებიან სიმსივნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასპირატორული დაავადებებს უქმნის ფონს. მსოფლიოში აღიარებულია, რომ ტყვია მავნე მეტალების ათეულში შედის, რომლებიც გარემოს ძირითად დამაბინძურებლად ითვლება" - ამბობს ღვინერია.

კვლევითი ორგანიზაცია IHME-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს ორგანიზმში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის გამო 540 000 ადამიანი დაიღუპა. მავნე ნივთიერებისგან ყველაზე მეტად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები ზარალდებიან.

ავტორები: სალომე აბულაშვილი; ლევან ტაბატაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი