ავტორი:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა გაიზრდება - რა იგეგმება პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესების პარალელურად

საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა გაიზრდება - რა იგეგმება პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესების პარალელურად

ზონალურ-საათობრივი ტრანსპორტის ამოქმედების პარალელურად თბილისის მერია დედაქალაქში მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვაზე, „რამდენად მოსალოდნელია, რომ მოქალაქეების მიერ ავტომანქანების სახლში დაყენების და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის შემდეგ, მუნიციპალურ ტრანსპორტებში გადატვირთულობის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება“.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, 2019 წლის ბოლომდე დედაქალაქში მოძრავი ავტობუსების ჩანაცვლება მოხდება, ხოლო მომდევნო წლიდან ავტობუსების რაოდენობაც დაემატება.

„მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანი ქსელის განახლება მოახდინა და შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ გაიზრდება. 1-ელ ივლისამდე ყველა მხრიდან მიმავალი ტრანსპორტი განახლდება, რომელიც ლესელიძემდე მიდის. ახალი ავტობუსების ნაწილი შემოსულია და მარტის ბოლომდე იგეგმება მიწოდება. პირველ რიგში მოხდება ტრანსპორტის ჩანაცვლება ახლით და შემდეგ დაწესდება საფასური, როგორც ლესელიძეზე, ასევე სხვა უბნებში. 2019 წლის ბოლოდან დაიწყება მუშაობა შემდგომი არეალების დაფარვის მიზნით“, - განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკინგის პარალელურად თბილისში ერთწლიანი, 50-ლარიანი საპარკინგე საშვებიც შენარჩუნდება.

„ეს საშვები რჩება ძალაში და შეეხება იმ არეალებს, სადაც არ გავრცელდება ზონალურ-საათობრივი საფასური“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, 1-ელი ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება მხოლოდ ლესელიძესა და მიმდებარე ქუჩებს შეეხება, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებლებზე არ გავრცელდება.

გარდა ამისა, ვიცე-მერის ინფორმაციით, ფრანგული კომპანია „სისტრა“ მერიას კვლევას მარტის ბოლოს წარუდგენს, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადებისა და ახალი ხაზების შესახებ ინფორმაციაც იქნება.

ცნობისთვის, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება, ხოლო საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. თუმცა, საფასური არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს.

სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება და დასაქმებულებსაც პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ.

"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე" - ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს

თბილისში ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს