2019 წელს, საგურამოში, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას გახსნის. ამის შესახებ 19 თებერვალს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დამფუძნებელი საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიის „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ წარმომადგენლები, ფინური განათლების კონსორციუმი “Polar Partners”-დან მოწვეული სტუმრები, ფინეთის ელჩი საქართველოში - არია მაკონენი, ასევე, მომავალი მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.
„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, აიეტ კუკავამ დამსწრე საზოგადოებას ფინური სკოლის მიზნებსა და სასწავლო პროგრამაზე უამბო. მან ხაზი გაუსვა სკოლის ადგილმდებარეობასაც და განმარტა რომ სკოლის საგურამოში განთავსება უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ეკო გარემოს შექმნას.
“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მიზანია ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. სკოლის აკადემიური პროგრამის შექმნის და მშენებლობის მიმართულებით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პარტნიორია ფინური საგანმანათლებლო ჯგუფი „Polar Partners”, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე. ფინურ კონსორციუმთან ჩვენს კომპანიას გაფორმებული აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, Polar Partners უზრუნველყობს სრული სასწავლო პროგრამის შემუშავებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ფინური საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.“ - განაცხადა აიეტ კუკავამ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, ფინეთი ლიდერია დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ ცოდნისა და სასკოლო უნარ-ჩვევების მაჩვენებლების მიხედვით. ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი მოსწავლეებისთვის ინდივიდუალიზმის განვითარება და რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა.
ფინური სასკოლო მეთოდი უზრუნველყოფს ბავშვის სკოლის ასაკიდანვე ინტერესის სფეროების და პროფესიული მისწრაფებების გამოვლენას პედაგოგის მიერ სპეციალიზებული ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, სკოლის კურსდამთავრებულმა ყოველთვის იცის რა უნდა, რადგან ის პრაქტიკულ მომავალზეა ორიენტირებული. ყველა ბავშვისთვის განათლების და განვითარების ინდივიდუალური გეგმაა შედგენილი, რაც გამორიცხავს ბავშვის ე.წ. “ჩამორჩენას” ამა თუ იმ აკადემიურ საგანში.
ფინური განათლების მოდელში წამყვანი როლი მასწავლებელს ენიჭება. ფინური სკოლის მასწავლებელი უნდა ფლობდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხს. მაღალი კვალიფიკაცია საშუალებას აძლევს მათ გამოიყენონ მეტი თავისუფლება გაკვეთილების პროცესში, რაც ამყარებს საზოგადოების ნდობას განათლების სისტემის მიმართ. მათ შეუძლიათ ჩაატარონ მათემატიკის გაკვეთილები ღია სივრცეში საკლასო ოთახის გარეთ ან გააერთიანონ რამდენიმე საგანი და ჩაატარონ ის ერთი გაკვეთილის ფორმატში. მსგავსი მეთოდი განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის ანალიტიკურ აზროვნებას.
საგურამოს ფინური საერთაშორისო სკოლის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ გადამზადებას ფინური მოდელის მიხედვით, განათლების კონსორციუმი „Polar Partners” უზრუნველყოფს. ტრეინინგებს და გადამზადებას ფინელი ექსპერტები და პედაგოგიკის ტრენერები ატარებენ.
განათლების კონსორციუმი „Polar Partners” შედგება სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებისგან: განათლების ექსპერტებისგან, პედაგოგიკის ტრენერებისგან, არქიტექტორებისგან, IT სპეციალისტებისგან, მშენებლებისა და დიზაინერებისგან, რომლებიც მუშაობენ “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” თანამშრომლებთან ერთად იმისათვის რომ ფინური სკოლის პროექტი წარმატებით განხორციელდეს.
„სკოლის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე ფინელი ექსპერტები და პედაგოგიკის ტრენერები იზრუნებენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მათი გადამზადება, რაც გაგრძელდება მუდმივად. მასწავლებლების უმეტესობა ქართველია“ - განაცხადა „Polar Partners” -ის დამფუძნებელმა და პროექტის მენეჯერმა, კიმო კუმპულაინენმა.
ფინურ სკოლაში პირველი აკადემიური წელი დაიწყება 2019 წლის სექტემბერში და სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს. 2021 წელს კი დასრულდება 7 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოიცავს სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს და მასწავლებლების ტრეინინგ ცენტრს.
„ჩვენ, ფინელ პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ ღიად ვითანამშრომლოთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან საქართველოში და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, იმისათვის რომ განვახორციელოთ გრძელვადიანი პროექტები და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განათლების განვითარებაში.“ - აცხადებენ „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგში“.
ცნობილია, რომ ფინეთი ლიდერობს ახალგაზრდა ინოვაციური დამწყები კომპანიების წარმატებული პროექტებით, რომელთა უმრავლესობა მილიარდიან კომპანიებად ჩამოყალიბდა. აღნიშნული მაჩვენებლები არის მთავარი მოტივატორი ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისთვის განახორციელოს ფინური საერთაშორისო სკოლის პროექტი საქართველოში.
R
ავტორი: თეკლე ჯანელიძე