ავტორი:

ვინ არის მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული "პალმა ჯუმეირას" ქართველი კონსტრუქტორი - "სამწუხაროა, რომ მას საქართველოში არ იცნობენ"

ვინ არის მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული "პალმა ჯუმეირას" ქართველი კონსტრუქტორი - "სამწუხაროა, რომ მას საქართველოში არ იცნობენ"

"სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ამ "მერვე საოცრების" შესახებ არსებულ უამრავ ინფორმაციაში ხშირად არ არის მითითებული ოთარ ზალდასტანიშვილის ვინაობა. სწორედ მან მოახერხა იმ კონსტრუქციის დაპროექტება, რომლის წყალობითაც ყურეში ნიადაგის დამაგრება მოხერხდა, რათა მიწა ზღვას არ წაეღო. სამწუხაროა ისიც, რომ ოთარ ზალდასტანიშვილი თავისი გენიალური კონსტრუქციის შედეგების ნახვას ვერ მოესწრო. უფრო სამწუხაროა ის, რომ საქართველოში ასეთ დიდ პიროვნებას არ იცნობენ" - ამბობს ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი, რომელიც ოთარ ზალდასტანიშვილზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის:

- მას შემდეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფლიოს შვიდი საოცრების სია შედგა, არაერთხელ იყო ამ სიის შეცვლის და შევსების მცდელობა. XXI-ე საუკუნის "მსოფლიოს მერვე საოცრებად" მიჩნეულია სპარსეთის ყურეში განხორციელებული პროექტი "პალმა ჯუმეირა", ეს არის ზღვაში განლაგებული პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულები, რომელიც ასევე ხელოვნური ატოლით არის შემოფარგლული. როგორც აღმოჩნდა, ადამიანის ხელით შექმნილი ეს მეორე ძეგლია, დიდი ჩინური კედლის შემდეგ, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. ამ უნიკალური პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია პრესის, ტელევიზიის, ინტერნეტის საშუალებით და ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ამ პროექტის ავტორი ჩვენი თანამემამულე, ემიგრანტი ოთარ ზალდასტანიშვილია. საქართველოში უკეთ იცნობენ ოთარის ძმას, ამერიკელ ბიზნესმენ გივი ზალდასტანიშვილს, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და 2001 წელს ამერიკული აკადემიაც დააარსა. გივი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საარქივო კომისიის წევრი იყო.

ოთარის და გივის მამა სოლომონ ზალდასტანიშვილი ეროვნული არმიის პოლკოვნიკი, დამოუკიდებლობის კომტეტისა და სამხედრო ცენტრის წევრი და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. აჯანყების დამარცხებისა და სისხლში ჩახშობის შემდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყო. სოლომონმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ერთად საიდუმლოდ დატოვა საქართველო და თურქეთის გზით საფრანგეთში გაიხიზნა. მალე საფრანგეთში ოჯახის წევრები, მეუღლე მარი ხირსელი და შვილები გივი და ოთარიც ჩავიდნენ. გივი 5 წლის იყო, ოთარი 2-ის, როცა საქართველოდან წაიყვანეს. საფრანგეთში 17 წელი იცხოვრეს, მაგრამ ბავშვებმა ქართული ცნობიერება და ენა შეინარჩუნეს. ყოველ კვირას დედა ქართულ სადილს ამზადებდა და მათ ოჯახში ქართველები იკრიბებოდნენ. II მსოფლიო ომის დროს უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად სოლომონიც ჩაება ტყვეთა გათავისუფლების კამპანიაში. ქართველ ტყვეთა გასათავისუფლებლად რუმინეთშიც ჩავიდა და 500 ქართველის ბანაკიდან გამოყვანას დიდი ბრძოლით მიაღწია, მაგრამ დაავადდა და 1941 წელს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით გარდაიცვალა.

ძმები, ოთარ და გივი ზალდასტანიშვილები

- ამერიკაში როგორ აღმოჩნდნენ ზალდასტანიშვილები?

- სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლემ და ვაჟმა გივიმ 1947 წელს დატოვეს ევროპა და ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც უკვე ცხოვრობდა ოთარი. საფრანგეთში სკოლადამთავრებულმა გივიმ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ გივიმ ბიზნესს მიჰყო ხელი. გივიზე სამი წლით უმცროსი ოთარი 1922 წელს თბილისში დაიბადა, პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ სწავლა სორბონის უნივერსტეტში გააგრძელა. გატაცებული იყო დიდი ქართველი მეცნიერების, მუსხელიშვილისა და ვეკუას შრომებით და მათ თეორიებზე დაყრდნობით 1952 წელს სახელგანთქმულ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში.

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, 1949 წელს ოთარ ზალდასტანიშვილმა მუშაობა ბოსტონში, სამშენებლო კომპანიაში დაიწყო. 1952 წელს კომპანიის პარტნიორი გახდა, 1964-89 წელს კი - პრეზიდენტი, 1989-1997 წლებში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით 25 ინჟინერი სხვადასხვა დიდ სამშენებლო პროექტებს ახორციელებდა. ზალდასტანიშვილს შესრულებული აქვს პროექტების რეკორდული რაოდენობა - 1000-ზე მეტი ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მათ შორისაა: ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მოიჰანის აუდიტორიის აღდგენის პროექტები, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, მაღლივი შენობები საფრანგეთში, ალჟირში, ერაყში და ბოლოს, "ჯუმეირას" გენერალური გეგმა საუდის არაბეთში. ის იყო პიონერი სამშენებლო კონსტრუქციების ტექნიკის განვითარებაში, რომლის მეშვეობითაც ავტოსტრადის ზედა სივრცის გამოყენება შესაძლებელი გახდა. მის სახელს მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ინოვაციები უკავშირდება.

პალმა ჯუმეირა - ხელოვნური კუნძულები დუბაიში

რაც შეეხება "ჯუმეირას", მას "პალმა" ეწოდება იმიტომ, რომ 2 დაშორებული კუნძული დუბაის სანაპიროსთან 17-ტოტიან პალმის ხეს ქმნის. იგი ნახევარმთვარის ფორმის რიფებით არის გარშემორტყმული, თვითონ არქიპელაგი 200 კუნძულისაგან შედგება. არქიპელაგზე 100 ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, ათასი ვილა, პენტჰაუზი და 5.000 კერძო ბინა. პალმაზე ბევრ ცნობილ პიროვნებას აქვს საკუთრება. ერთ-ერთი პირველები იყვნენ ბექჰემები, რომლებმაც აპარტამენტებში 12 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ბოლო წლების საოცარი სანახაობაა "პალმაზე" მოწყობილი საახალწლო ფეიერვერკებია.

ხედი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ამ "მერვე საოცრების" შესახებ არსებულ უამრავ ინფორმაციაში ხშირად არ არის მითითებული ოთარ ზალდასტანიშვილის ვინაობა. სწორედ მან მოახერხა იმ კონსტრუქციის დაპროექტება, რომლის წყალობითაც მოხერხდა ყურეში ნიადაგის დამაგრება, რომ მიწა ზღვას არ წაეღო. უფრო სამწუხაროა ის, რომ საქართველოში ასეთ დიდი პიროვნებას არ იცნობენ. მის გარდაცვალებას მხოლოდ ერთი ქართული გაზეთი გამოეხმაურა მოკრძალებული ნეკროლოგით. ოთარ ზალდასტანიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში 2005 წელს გარდაიცვალა, იგი მაუთ ობურნის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მსოფლიოს უამრავი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე დაესწრო.