ავტორი:

"ზოგს ქუდი ჰგონია და უთქვამთ, მათხოვეო" - როგორ უვლიან დრედებს და რა რეაქცია აქვთ უცნაური ვარცხნილობის ადამიანებზე საქართველოში

"ზოგს ქუდი ჰგონია და უთქვამთ, მათხოვეო" - როგორ უვლიან დრედებს და რა რეაქცია აქვთ უცნაური ვარცხნილობის ადამიანებზე საქართველოში

ბოლო დროს ჩვენში ორიგინალური ვარცხნილობით არაერთ ადამიანს შეხვდებით. მათ შორის არიან აფრიკული ნაწნავებისა და დრედების მქონენიც, რომლებიც საკუთარი ვარცხნილობით ყურადღებას მართლაც იქცევენ. მოკლედ, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი გემოვნება, ხასიათი და აქედან გამოდინარე, ვარცხნილობაცაა...

რატომ გადაწყვიტეს ასეთი ვარცხნილობის ტარება, არის თუ არა ის კომფორტული, როგორ უვლიან და როგორ ხვდება საზოგადოება მათ იმიჯს, ამ თემაზე სწორედ ისინი გვესაუბრებიან, ვინც ამ ეტაპზე აფრიკული ნაწნავებითა თუ დრედებით გადაწყვიტა ცხოვრება.

პეპილოტ/პეპი (სოფიო ტუსიშვილი), დიზაინერი:

"ძალიან სწორი და სტრუქტურულად მყარი თმა მაქვს, მთელი ბავშვობა ხან კარეს და ხან გრძელ თმას ვატარებდი და ისე მქონდა მობეზრებული ერთი და იგივე ვარცხნილობა, რომ როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, დამოუკიდებლად მიმეღო გადაწყვეტილება, ძალიან მოკლედ შევიჭერი. შემდეგ კი ათასგვარი ექსპერიმენტის პერიოდი დაიწყო, - ვცდილობ, განსხვავებული ვარცხნილობა და ფერი მქონდეს.

მქონია წითელი, ჟოლოსფერი, მელნისფერი, ქერა, ვარდისფერი, სპილენძისფერი-ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, ძალიან წვრილად დახვეული, გვერდებაპარსული, გვერდებაპარსულზე ჟოლოსფერი და მთავარი სიამაყე - ცისარტყელის ფერები ყველა ერთად", - ამბობს პეპი, რომელიც ახლა თმას ცოტახანს ასვენებს, მორიგი ექსპერიმენტებისთვის იზრდის. ამ პერიოდში კი სჭირდებოდა ისეთი შემცვლელი, რომლითაც სარკეში ჩახედვის შემდეგ, სიამოვნებას მიიღებდა და ალტერნატიული გზები მოძებნა.

"ამ ძებნის პერიოდში ჩემს განსაკუთრებულ ნაწნავ-დრედებს გადავაწყდი, რომელიც თმაზე უმტკივნეულოდ და ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე მაგრდება. მისი მოძიება რთული აღმოჩნდა, გამოწერა მომიხდა, თან, სრული ექსპერიმენტი იყო, - არ ვიცოდი, მომიხდებოდა თუ არა, რამდენად შევეგუებოდი... ასევე იყო ჩემი გამოცდილი სტილისტისთვისაც, ერთად ვისწავლეთ როგორ უნდა დამაგრებულიყო... ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად ვამაგრებთ. ახლა უკვე თამამად შემიძლია თქმა, რომ სხვადასხვა "ფორმით" ყველა სათანადო ვარიაცია გვაქვს მოსინჯული - დაწვნით დაწყებული, ნემსით და ძაფით მიკერებით დამთავრებული. თავიდან 3 საათზე მეტი დაგვჭირდა, ახლა უკვე საათზე ჩამოვედით", - გვიხსნის რესპონდენტი, რომელსაც ძალიანაც მოსწონს საკუთარი აფრიკული ნაწნავები. ამბობს, რომ გაკეთებიდან 2-3 დღის შემდეგ იხსნის, რადგან ის მჭიდროდ ჩაწნილ თმაზეა დამაგრებული და არც ისე მარტივია ჰიგიენური პროცედურების ჩატარება. თავად მასალა არის სინტეპონის მსგავსი და დასველება პრობლემა არ არსებობს. მოუხერხებელია მისი დიდი ხნით ტარება, თუმცა იმდენად შეეგუა ახალ იმიჯს, იხსნის თუ არა, თითქმის მეორე დღესვე, ისევ იმაგრებს. იმდენი ხანია ატარებს, სხვადასხვა ვარცხნილობაც მოუფიქრა - "სულ აწეული მაქვს ან ნახევრად აკეცილი და გაყოფილი ორ "კოსად".

მოვლაც მარტივია - ნაწნავები სარეცხ მანქანაში სპეციალურ ბადეში ირეცხება, ეს იმისთვის, რომ ძალიან არ დაზიანდეს... ჯერჯერობით ისევ პირვანდელი სახე აქვს. თმის ფერს როდესაც ვარჩევდი, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, სახალისო ფერი და ყველაზე მეტად რა ფერიც მიყვარს, ჩემი თმის ფერებიდან (და არამარტო) ჟოლოსფერია, - დასძენს პეპი და გვიყვება იმაზეც, თუ როგორ ხვდება საზოგადოების ნაწილი მის ვარცხნილობას. “ვინც მიცნობს, არც გაკვირვებიათ მორიგი სიახლე, თუმცა უფრო მეტ ყურადღებას უცხო საზოგადოებაში ვიქცევ, ინტერესდებიან, კომპლიმენტებს არ იშურებენ, მეკითხებიან დეტალებს, ძალიან დიდ პოზიტივს ვგრძნობ და მთავარიც ესაა...

ერთადერთი კურიოზული ამბავი ისაა, რომ ზოგს ქუდი ჰგონია და უთქვამთ, - მეთხოვებინა... თუმცა, როდესაც ადამიანებს თვალებში გაურკვევლობას ვამჩნევ, მაშინვე იმის დემონსტრირებას ვახდენ, რომ თმაა და ვიშლი.

ჯერ არავინ შემხვედრია მსგვასი თმით, სავარაუდოდ, არც შემხვდება, რადგან ძალიან დამღლელი პროცესია მისი მოხსნა-გაკეთება, სალონში საათობით ჯდომაც, არც თავად სალონებს აქვთ ადგილზე ნიმუში, რომ სურვილი გაგიჩნდეს ჩემსავით გარისკო. მას მერე კი, რაც იგებენ, რა პროცედურებია საჭირო, რომ ჩემს ლამაზ დრედებს მოვუარო, აღარავის უჩნდება სურვილი, ეს ვარცხნილობა გაიკეთოს. წელიწადზე მეტია გასული და ჯერ არ მომბეზრებია".

გიორგი მარგველაშვილი, ხმის რეჟისორი:

"ამ დრედებს 6 თვეა ვატარებ, იმიტომ გავიკეთე, რომ ძალიან მიყვარს შამანური სიმბოლოები. ძველებს ყოველთვის სჯეროდათ იმის, რომ თმაში იყო ძალიან დიდი ძალა, - თმა დიდ ენერგიას ატარებს და მისი მოჭრა ამიტომ არ შეიძლებოდა. გრძელ თმას ისიც ახასიათებდა, რომ თავისით ადვილად იდრედებოდა. მოკლედ, დრედი თავზე დამოკლებული გრძელი თმაა. ისე, ყოველთვის გრძელ თმას ვატარებდი...

ჩემი ეს ვარცხნილობა 8 საათის განმავლობაში კეთდებოდა, რთული იყო, მაგრამ გავუძელი, 2 ადამიანი მუშაობდა, მთლად სასიამოვნო პროცესიც არაა, ცოტას გწიწკნის, მაგრამ გასაძლებია. თმა ამ დროს იძიძგნება და ერთმანეთშია ჩახვეული. ჩახვეული თმა ჯანმრთელი არ არის, თუმცა თანდათან ახალი და ჯანმრთელიც მოდის. მალე იზრდება, იმ მკვდარ თმას აღარ სჭირდება მოვლა და თავისით კვდება. შესაბამისად მოვლაც მარტივია. მხოლოდ საშინელებაა მისი გაშრობა. ხალიჩასავით გვიან შრება... საზოგადოებას ასეთი ვარცხნილობა აღარ უკვირს, მაგრამ ნაკლები სიყვარულით რომ ხვდებიან, ფაქტია... რას ვიზამთ?!"

ეკა გადახაბაძე, "kvirispalitra.ge"-ს ჟურნალისტი:

"გრძელ თმას სულ ვატარებდი, არასდროს ვიჭრიდი და წელამდე მქონდა. მერე კარე შევიჭერი და სხვა ვარცნილობამაც დამაინტერესა, როგორ მექნებოდა, თან, რომ მეუბნებოდნენ, - აწერული თმა გიხდებაო, ეს მაძლევდა სტიმულს, სულ აწეული მქონოდა.

ამასობაში აფრიკული ვარცხნილობის სტილმაც დამაინტერესა, რადგანაც იმ პერიოდში აფრიკელ გოგონებს ვხატავდი, ამის გამო ინტერნეტში მათ ფოტოებს ვაკვირდებოდი. მოკლედ, გადავწყვიტე, გამეკეთებინა, მაგრამ ხელობა ძვირი ღირს - 300 ლარი და ზემოთ. რუსთავში საკმაოდ კარგ სპეციალისტს მივაგენი, რომელმაც ნახევარ ფასად გამიკეთა. 6 საათი დასჭირდა. თავიდან მეგონა, თავი ძალიან დამეჭიმებოდა, მაგრამ მაინც გავრისკე, თუმცა ასე არ მოხდა. მოკლედ, თმის ხარისხზე არ უმოქმედია.

ამასთან, ძალიან კომფორტულია, ყველა მეკითხებოდა, როგორ ვუვლიდი, ძირითადად, ყველას დაბანის პროცესი აინტერსებს. აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვიბან, უბრალოდ, თმის გაშრობის პროცესია ხანგრძლივი, რადგანაც ნაწნავები ძაფებისაა, რომ სველდება, მძიმდება. მოკლე ნაწნავიც შემეძლო, გამეკეთებინა, მაგრამ გრძელი უფრო ლამაზია. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, კონსერვატორული სტილი მქონდა და უცებ აფრიკულ ნაწნავებში რომ დამინახეს, ყველას გაუკვირდა, ხელის მოკიდებას ცდილობდნენ, მაგრამ არ შეიძლება, ადვილად ილახება, იშლება და თან, ჭუჭყიანდება", - გვეუბნება ეკა, რომელსაც შარშან ამ ვარცნილობის დაშლის შემდეგ, წელს ისევ მოუნდა ნაწნავების გაკეთება და ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა - საკუთარი ხელით დაიწნა. რაც მართლაც ურთულესი რამ არის. როგორ შეძლო? დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ გამოუვიდა.

"ხომ მახსოვდა, შარშან როგორ გამიკეთეს 120-ზე მეტი ნაწნავი და როცა მათ ვიშლიდი, დეტალებს ვაკვირდებოდი, თუ როგორ იყო ძაფები თმაში ჩამაგრებული.

მოკლედ, ვიყიდე ძაფები და დავიწყე, ოღონდ, რადგან დიდი დრო უნდა - სამი დღის განმავლობაში, ნელ-ნელა, საღამოობით ვიკეთებდი... სახლში ჩემებს თავიდან არ უდოდათ, რომ გამეკეთებინა, მაგრამ ახლა ძალიანაც მოსწონთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს