ახალი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ათასობით სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება ხვდება ავარიაში და, შედეგად იღუპებიან ადამიანები. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა ჩვენგანი თუ ფიქრობს, ტრანსპორტში ჩაჯდომისას უსაფრთხო ადგილის არჩევაზე. როგორც წესი, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას კომფორტს ვუთმობთ და ვცდილობთ დავსხდეთ ფანჯარასთან, ჩავსხდეთ მატარებლის მაინცდამაინც წინა ვაგონში და ა.შ. მაგრამ თუ თქვენთვის ავარიისას გადარჩენა უმთავრესია და კომფორტზე მაღლა საკუთარ სიცოცხლეს აყენებთ, ამ სტატიაში შემოგთავაზებთ - როგორ უნდა აირჩიოთ სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტში შედარებით უსაფრთხო ადგილები.
1. მსუბუქი ავტომობილი
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსუბუქ ავტომობილში ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება უკანა სავარძლის შუა ნაწილი. 2006 წელს, ბუფალოს უნივერსიტეტის მიერ, 60 000 ფატალური შედეგით დასრულებული ავტოკატასტროფის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკანა შუა ადგილზე მსხდომ მგზავრებს გადარჩენის 86%-ით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე წინ მსხდომთ და 25%-ით მეტი, ვიდრე უკანა გვერდით ადგილებზე.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს კანონზომიერება მოქმედებს მხოლოდ უსაფრთხოების ქამრის შეკვრის შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ქამარი შეკრული არ გაქვთ, უკანა შუა ადგილზე დაჯდომის შემთხვევაში საფრთხე 3-ჯერ იზრდება. ამასთან, ამ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ წინ მჯდომი ადამიანისთვისაც.
2. ავტობუსი
საქალაქთაშორისო ავტობუსიც საკმაოდ სახიფათო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება. რისკი განსაკუთრებით მატულობს ზამთარში, როცა ტრასა მოყინულია და გვერდით თოვლის დიდი საფარია. თუმცა ავტობუსშიც შეიძლება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ადგილების არჩევა.
პირველ ყოვლისა, არასოდეს დაჯდეთ პირველ და ბოლო სამ რიგში - შეჯახების შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ გადავარდეთ საქარე მინიდან ან უკნიდან მიგაჭყლიტოთ. ამასთან, მოერიდეთ ფანჯარასთან ჯდომას - ავარიის დროს ჩამსხვრეულმა შუშამ შეიძლება სახე და ხელები დაგიზიანოთ ან უფრო უარესი, არტერია გადაგიჭრათ.
საუკეთესო ვერსიაა სალონის შუაში, მარჯვენა რიგში, ფანჯრისგან მოშორებით ადგილები აირჩიოთ. უსაფრთხოდ მიიჩნევა ასევე გასასვლელთან ახლოს მდებარე ადგილები, რადგან ასე საშუალება გექნებათ ავარიის ადგილი სწრაფად დატოვოთ.
3. მატარებელი
მატარებელში უსაფრთხო ადგილის არჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა აქაც არის რამდენიმე ზოგადი წესი. შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ პირველი და ბოლო ვაგონით მგზავრობას, რაც უფრო ახლოს იქნებით მატარებლის შემადგენლობის ცენტრთან, მით უფრო უსაფრთხო იქნება თქვენი ადგილი. ასევე აირჩიეთ ვაგონის შუაგულისკენ მოთავსებული კუპე - მე-5 ან მე-6.
თუ დაძინება კუპეში ზედა საწოლზე გიწევთ, ეცადეთ აირჩიოთ მოძრაობის მიმართულებით განთავსებული, რადგან დამუხრუჭებისას გადმოვადნის ნაკლები შანსი გექნებათ.
4. თვითმფრინავი
ავიაკატასტროფების უმრავლესობა ხდება აფრენის ან დაშვების დროს და დაღუპვის მიზეზი უმეტესად არის ბორტზე გაჩენილი ცეცხლის კვამლით დახრჩობა. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში თქვენი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაასწრებთ სალონიდან.
დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს დაკვეთით ჩატარებულმა სამეცნიერო ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ ცოცხლად გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი აქვთ მათ, ვინც ზის საავარიო გასასვლელთან ყველაზე ახლოს მდებარე ხუთ რიგში.
ფანჯარასთან ან გასასვლელთან დაჯდომას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს - პირველ რიგში გადარჩება მგზავრების საშუალოდ 58%, მეორე შემთხვევაში - 65%.
5. სამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი ანუ ე.წ. "მარშუტკა" ქალაქში ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. თუმცა ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ყველაზე სახიფათოც! შედარებით უსაფრთხო ადგილად ამ ტიპის ტრანსპორტში ითვლება ადგილი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოძრაობის საპირისპიროდ იჯდეთ. შეიძლება ამგვარად ჯდომა თქვენთვის არაკომფორტული ან შემაწუხებელიც იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი შანსი გაქვთ, ავარიის შემთხვევაში, ცოცხალი გადარჩეთ. ამის მიზეზი შემდეგია: - მკვეთრი დამუხრუჭებისას მგზავრები სავარძლებიდან წინ გადავარდებიან, თქვენ კი მხოლოდ საზურგეს მიაწვებით. უფრო უკეთესია, თუ ამგვარი ზურგშექცევით დასაჯდომი ადგილი მძღოლის უკან იქნება, რადგან მძღოლი ინსტიქნტურად შეეცდება საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას (ეს უკვე კვლევებით დამტკიცებულია) და საჭეს მართავს ისე, რომ მანქანა მისი მხრიდან ნაკლებად დაზიანდეს.
მეორე უსაფრთხო ადგილად ითვლება სალონის შუაში, ფანჯრებიდან მოშორებული ადგილები. ხოლო ყველაზე სახიფათო კი არის მძღოლის გვერდით და სულ უკანა სავარძლები. ამ შემთხვევში, სიკვდილის საფრთხეა წინ შეჯახებისას ან მაშინ, თუ უკნიდან დიდი სიჩქარით მომავალი ტრანსპორტი "დაგარტყამთ".
არსებობს მითი, რომ ავტომობილის ფერს შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს სადაზღვეო თანხაზე. თქვენი აზრით რა ახდენს გავლენას ავტომობილის სადაზღვეო თანხის განსაზღვრაზე? ეწვიეთ ჩვენს ონლაინ კალკულატორს და მარტივად განსაზღვრეთ თქვენი ავტომობილის სადაზღვეო ღირებულება