ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" გულახდილ ინტერვიუში ამბობს, რომ ზღაპრულ ცხოვრებაში გაზრდილს, თავი ისევ პრინცესა ჰგონია და რეალური ცხოვრების დანახვა უჭირს. ვისთან ცხოვრობს ის ქმართან დაშორების შემდეგ, რის გამო სჭირდება საყვარელი მამაკაცი გვერდით და რა თემაზე საუბარს არიდებს თავს მამასთან - ჯემალ სეფიაშვილთან, ამას "თბილისელებთან" ინტერვიუდან შეიტყობთ.
"ბრჭყვიალა ბავშვობა მქონდა, გათამამებული ვიყავი, თუმცა ისე, რომ ზღვარს არ გადავდიოდი და დღესაც ასეთი გათამამებული ვარ. ჩემი მშობლებისთვის და განსაკუთრებით მამისთვის, ჯემალ სეფიაშვილისთვის, დღესაც პრინცესა ვარ, რომელსაც ბრჭყვიალა, ზღაპრულ ფერებში აცხოვრებს. ჯემალი ზედმეტად გიჟი მამაა და სულ ცდილობს, რაღაცები ამარიდოს, "შემფუთოს", დამიცვას, გამილამაზოს ყოფა. მამა ის ერთადერთი მამაკაცია, ვისიც მჯერა, ვენდობი და ვეყრდნობი.
...პრინცს აღარ ველოდები. ხშირად მეკითხებიან, რომ გამოჩნდეს მამაკაცი, კიდევ თუ შექმნი ოჯახსო. ალბათ, არა, თუმცა დავფიქრდები. არასოდეს მისაუბრია სხვის პირადზე, არ განმიხილავს სხვისი ბედ-იღბალი. ყველა ისე აწყობს თავის პირადს, როგორც უნდა. მთავარია, მე ისე გავიარე ჩემი ცხოვრების გზა, ჩემი შვილები თავაწეულები ივლიან. ძალიან ცუდია, ორი ოჯახი რომ დამენგრა, მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან კარგი მამები ჰყავთ. ჩემი ოცნება იყო, ერთადერთი მამაკაცი მყვარებოდა და ერთი მამა ჰყოლოდათ, მაგრამ ესეც არ გამომივიდა და გული მტკივა.
არ მსიამოვნებს, როცა ვამბობ - ჩემი შვილების მამები-მეთქი. ერთხელ მინდოდა შემექმნა ოჯახი და ცხოვრების ბოლომდე, მის გვერდით ვყოფილიყავი. არასდროს ვყოფილვარ პრაგმატული. ჩემთვის მთავარი გიჟური სიყვარული იყო, რომელიც, ასევე, არ გამოვიდა. მამაზეც ძალიან იმოქმედა ჩემი ოჯახების დანგრევამ. ამაზე მასთან არ ვსაუბრობ. ათი ქმარი რომ მყავდეს, ჯემალისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის მთავარია, მე - მისი ცისანა, ბედნიერი ვიყო!
იცით, რაზე მწყდება გული? მტკივნეული ერთი წელი გავიარე და აღმოჩნდა, რომ თურმე ადამიანებს თავისი პირადი ცხოვრება არ გააჩნდათ და ჩემი პირადით იყვნენ დაინტერესებული. გადახედონ ჩემს ცხოვრებას, როგორ ვიწვალე, როგორ მიყვარდა, რა რთული პერიოდები გამოვიარე, როგორ განვიცდი… ისიც კი გავიგე ჩემზე - ალბათ, ვიღაც ჰყავს, თორემ რატომ დაანგრევდა ოჯახსო. ამდენი ხანი გავიდა და თუ დამალული მყავდა, ვეღარ გამოჩნდა? დიახ, მინდა, გვერდით მყავდეს ადამიანი, ვისაც თავს დავადებ და მეტყვის: ნუ ნერვიულობ, ცისანა, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ასეთი გამოჩნდა, ნამდვილად არ დავმალავ.
- მიუხედავად ბევრი საქმისა, როგორ ახერხებ, სულ ფორმაში იყო?
- ბუნებით პრანჭიკელა ვარ და ჩემი დილა თავის მოწესრიგებით იწყება. ზოგადად, არ მიყვარს ძილი, ასე მგონია, ძილში დროს ვკარგავ და თუ დავიძინე, ღამითაც კი გადაპრანჭულს მძინავს.
- ის თუ გაქვს გათვითცნობიერებული, რომ მალე ახალგაზრდა ბებიაც უნდა გახდე?
- ძალიან მინდა ბებია გავხდე, გავერთობი, რძალს და შვილს კი ვაფრთხილებ, ჩემგან ბავშვის გაზრდა გამორიცხულია-მეთქი, მაგრამ როგორ არ გავზრდი? ვგიჟდები პატარებზე და მათ სუნზე, სახლში რომ ტრიალებს. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩემი პატარა გოგო 5 წლისაა და ისაა ჩემი მზე, ენერგია, მუხტი და სტიმული. შვილებთან ურთიერთობა ყველა პრობლემას მავიწყებს.
ნონა დათეშიძე, ჟურნალი "თბილისელები"