ე.წ. მატროსოვის ციხის პატიმრებს სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, „მატროსოვი“ ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მისი სხვა ადგილას გადატანა იგეგმება.
რაც შეეხება იმას, ე.წ. მატროსოვის შენობას დაანგრევენ, თუ არსებული კონსტრუქციის რეაბილიტაცია მოხდება, უწყებაში არ აკონკრეტებენ. ხოლო შეკითხვაზე: სად მოხდება იმ მსჯავრდებულების გადაყვანა, რომლებიც სასჯელს №9 დაწესებულებაში იხდიან, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი „ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია“.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში, იგივე „მატროსოვის ციხეში“, სასჯელს ძალოვანი უწყების თანამშრომლები და სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები იხდიან, მათ შორის ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გოგა ონიანი, ირაკლი ფირცხალავა. ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.