ბრიტანელმა გოგონამ შამიმა ბეგუმმა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ორ მეგობართან ერთად რამდენიმე წლის წინ შეუერთდა, იმშობიარა. BBC წერს, რომ ახალშობილი ბიჭისა და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბეგუმი სირიაში 4 წლის წინ, 15 წლის ასაკში გაემგზავრა. გასულ კვირას გამოცემამ The Times მას ლტოლვილთა ბანაკში მიაგნო, გოგონამ განაცხადა, რომ ქმარი უგზო-კვლოდ დაიკარგა, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად სოფელში კი მისთვის ცხოვრება უკვე აუტანელი იყო. ამიტომ გაქცევა გადაწყვიტა და თავი ბანაკს შეაფარა. შამიმა იმედოვნებს, რომ ახალშობილ ბიჭთან ერთად ბრიტანეთში დაბრუნებას შეძლებს.
Sky News-ის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სირიაში გამგზავრება შეცდომა იყო, ბეგუმი პასუხობს:
„გარკვეულწილად კი, მაგრამ არ ვნანობ, რადგან პიროვნულად შემცვალა. უფრო ძლიერი გავხდი. დავქორწინდი. ჩემი ქმრის მსგავსს დიდ ბრიტანეთში ვერავის ვნახავდი. მყავდა შვილები და კარგად ვცხოვრობდი, თუმცა მერე ყველაფერი შეიცვალა და მივხვდი, რომ ვეღარ გავუძლებდი“.
ბეგუმი ორ თანაკლასელთან, კადიზა სულთანასთან და ამირა აბასთან ერთად სირიაში 2015 წელს გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, კადიზა სახლის აფეთქების დროს გარდაიცვალა, ალმირას ბედი კი უცნობია.
Sky News-მა ბეგუმთან ინტერვიუ მისი მშობიარობიდან რამდენიმე საათში ჩაწერა. შამიმამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრიტანეთში დაბრუნება და რეაბილიტაცია მარტივ პროცესად არ მიაჩნია.
„ჯერ კიდევ მესმის თავს ზემოთ ვერტმფრენების ხმა, მუდმივად მახსენდება შიმშილი... ჩემთვის ძალიან შოკისმომგვრელი იქნება დიდ ბრიტანეთში დაბრუნება და ცხოვრების ახლიდან დაწყება,“ - აღნიშნა შამიმამ.
19 წლის გოგონა ამბობს, რომ თავდაპირველად სირიაში ცხოვრება არ გასჭირვებია და მოკვეთილი თავების ნახვაც არ იყო აღმაშფოთებელი.
„წინასწარ ვიცოდი ამ ყველაფრის შესახებ და არ ყოფილა რთული. გამგზავრებამდე რელიგიური გავხდი, მითხრეს, რომ ისლამი ამ ყველაფერს უშვებს და ჩემთვისაც მისაღები იყო,“ - განაცხადა გოგონამ.
შამიმა მიიჩნევს, რომ ხალხს მის მიმართ სიმპათია უნდა გაუჩნდეს.
„სირიაში რომ ჩავედი, 4 წლის განმავლობაში დიასახლისი ვიყავი - მთელ დროს სახლში ვატარებდი, ვზრუნავდი ქმარსა და შვილებზე. არაფერი საშიში არ ჩამიდენია, არასოდეს მიმიღია მონაწილეობა პროპაგანდაში და არ მომიწოდებია ვინმესთვის, სირიაში ჩამოსულიყვნენ. ვერასოდეს დამიმტკიცებენ, რომ რამე ცუდი მაქვს ჩადენილი,“ - განაცხადა ბეგუნმა.
მისი ოჯახის ადვოკატმა, მოჰამედ რასნიმე აკუნჯიმ Radio 4-ს განუცხადა, რომ ოჯახი შვილის გამოჩენით და მისი უპრობლემო მშობიარობით ძალიან ბედნიერია. თუმცა, იმის გამო, რომ შამიმას მანამდე სირიაში ორი შვილი გარდაეცვალა, მშობლებს სურთ, რაც შეიძლება მალე დააბრუნონ ის სახლში.