ავტორი:

ცხოველების მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელი მკაცრდება - რას ითვალისწინებს ცვლილება კანონში

ცხოველების მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელი მკაცრდება - რას ითვალისწინებს ცვლილება კანონში

პარლამენტს 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები მკაცრდება.

სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ხორციელდება. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ცხოველისა და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

ამასთან, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება მშობლის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი პირის მიერ ჩადენილი ამ ქმედებისათვის - ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვანის მშობელი ან მისი შემცვლელი შესაძლოა 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდეს.

რაც შეეხება “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, ცხოველის მოკვდინება “ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული აღარ იქნება და სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება. უფრო კონკრეტულად, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის წესით დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 1-წლიდან 2-წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

“დღეის მდგომარეობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა არის შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა (40 ლარი). შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი - 2 შემთხვევა; 2016 წელი - 0; 2017 წელი - 0; 2018 წელი - 3 შემთხვევა. “სისხლის სამართლის კოდექსის” 259-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი დანაშაულის რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი - 19 შემთხვევა; 2016 წელი - 15 შემთხვევა; 2017 წელი - 23 შემთხვევა; 2018 წელი - 58 შემთხვევა”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს