ავტორი:

რას პასუხობს სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლის ბრალდებებს სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორი

რას პასუხობს სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლის ბრალდებებს სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა სამსახურიდან გამათავისუფლა - აღნიშნული განცხადება დღეს სოციალურ ქსელში ორგანიზაციის ყოფილმა თანამშრომელმა ლიკა კასრაძემ გაავრცელა. იგი ორგანიზაციას ორმაგ სტანდარტებსა და შრომით ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის გაყალბებაში ადანაშაულებს. რას უკავშირდება კასრაძის სამსახურიდან გათავისუფლება - კითხვებით AMBEBI.GE-მ სიდა-ს აღმასრულებელ დირექტორს სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

ზურაბიშვილის განმარტებით, ლიკა კასრაძე 6 მარტამდე რჩება ორგანიზაციის თანამშრომლად, თუმცა ამის შემდეგ მისი სამსახურიდან გათავისუფლება არანაირად არ უკავშირდება მის ორსულობას, არამედ განპირობებულია იმ პროექტის დასრულებით, რომელზეც აღნიშნული თანამშრომელი იყო დასაქმებული.

"ლიკა კასრაძე ჩვენთან ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მუშაობდა. მისი სამუშაო ამ ორგანიზაციისა და ამ პროექტის ფარგლებში ამოიწურა, შესაბამისად, ამის შესახებ გაფრთხილებული იყო ეს ადამიანი 5 თვით ადრე. მას ვესაუბრეთ ოქტომბრის დასაწყისში, მას და სხვა თანამშრომლებსაც, ვინც ამ პროექტში იყვნენ ჩართულები და შევატყობინეთ, რომ პროექტი სრულდებოდა, შესაბამისად, მათ წინასწარ მივეცით ინფორმაცია, რომ დაეწყოთ ალტერნატიული სამსახურის ძებნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცდილობდით ფონდების მოძიებას და ამ თანამშრომლების შენარჩუნებას" - განმარტა სიდა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა AMBEBI.GE-სთან საუბარში და აღნიშნა, რომ თანამშრომლის ორსულობის შესახებ იანვარში შეიტყო.

„მან იანვარში მითხრა, ორსულობის შესახებ და ამის შემდეგ, პირველი ნაბიჯი ჩემი მხრიდან ის იყო, რომ მივმართე კონკრეტულ დონორს, რომლის ფარგლებშიც ის იყო დასაქმებული და ვთხოვე რამდენად შესაძლებელი იქნებოდა, რაღაც თანხები მოგვეძიებინა ამ პროექტის ფარგლებში, რათა ორსული თანამშრომელი შეგვენარჩუნებინა. ამაზე პასუხი მივიღეთ, რომ სამწუხაროდ, ამ პროექტის ბიუჯეტი აღარ არსებობდა, შესაბამისად, აღარანაირი თანხა არ იყო და ამ პროექტის ფარგლებში ის ვერ დარჩებოდა.

შევეცადე ლიკა კასრაძისთვისაც შემეთავაზებინა, რომ ის ორი თვე რაც იყო დარჩენილი მოგვეძიებინა ფონდები და გვეპოვა რაღაც გამოსავალი. თუმცა მან ყველაფერზე უარი მითხრა“ - განმარტა სიდა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილეთ ეხებოდა ლიკა კასრაძის დეკლარირებულ და რეალურად მიღებულ ანაზღაურებას შორის ცდომილებას - დაახლოებით 35 ათასი ლარით, რაზეც სიდა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გვიპასუხა, რომ თანამშრომელმა ამ საკითხით ორგანიზაციას იანვარში მიმართა, ახლა კი ამ საკითხს პროკურატურა იძიებს.

"პირველი რაც გავაკეთე, მივმართე შემოსავლების სამსახურს და გამოვითხოვე ამონაწერი ლიკა კასრაძის მიერ ორგანიზაციიდან მიღებული შემოსავლების შესახებ. ეს ამონაწერი შევადარეთ ლიკა კასრაძის მიერ მიღებულ შემოსავლებს, ორგანიზაციიდან გადარიცხვების გზით და აღმოჩნდა, რომ 2015-დან 2017 წლის ჩათვლით განსხვავებული იყო თანხები მის მიერ რეალურად მიღებულ თანხასა და დეკლარირებულ თანხას შორის" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის ლიკა კასრაძის სახელით, თუმცა სხვა პიროვნების ხელმოწერით გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება.

ლიკა კასრაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან მისი გათავისუფლებისას მოყვანილი არგუმენტები მისთვის არადამაჯერებელი და არასაკმარისია, რადგან მას ხელშეკრულება არ ეწურება, იმ მარტივი მიზეზით, რომ სამსახურთან პირადი ხელმოწერით დამტკიცებული შრომითი ხელშეკრულება არც აქვს გაფორმებული და ამასთანავე პროექტი, რომელშიც ის არის დასაქმებული, აგვისტოში სრულდება. გათავისუფლებულ თანამშრომელს აქვს დამატებითი კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ამოიწურა აგვისტომდე გაწერილი პროექტის ბიუჯეტი ახლა.

"დღემდე არ დამჭირვებია ჩემი კონტრაქტების მოძიება, მაგრამ როდესაც დავდექი გარკვეული სირთულეების წინაშე, გადავწყვიტე ამომეღო ის კონტრაქტები, რომლებიც ორგანიზაციაში ჩემი სახელით ინახებოდა. თუმცა, წავაწყდი სხვა ხელმოწერით არსებულ კონტრაქტებს, ეს არის მთლიანობაში 5 კონტრაქტი აქედან ერთზე მაქვს ხელი მოწერილი მე, დანარჩენზე - არა. ახლანდელ ხელმძღვანელთან დავაფიქსირე კიდეც, რომ მე არ ვაგებ პასუხს იმ კონტრაქტებზე, რომლებზეც ხელი მოწერილი არ მაქვს, შესაბამისად როდის მიმთავრდებოდა შრომითი ხელშეკრულება არ ვიცი.

ერთი ვიცი, რომ პროექტი, რომელშიც დასაქმებული ვარ, მთავრდება 2019 წლის აგვისტოში. ოფიციალური ახსნა იყო ხელმძღვანელის, რომ ამ პროექტის ფარგლებში თანხა ამოიწურა და ის თანხას ვეღარ გადაიხდიდა. დღეს უკვე ეჭვი მიჩნდება ამ თანხებთან დაკავშირებითაც - რატომ არის ნაკლები თანხა, ვიდრე უნდა ყოფილიყო“ - განაცხადა ლიკა კასრაძემ და აქვე განმარტა, რომ მოქმედმა ხელმძღვანელმა, იმ პროექტის თანამშრომლები, რომელიც აგვისტოს თვეში სრულდება, სხვა პროექტებზე გადაანაწილა, თუმცა მის შემთხვევაში მსგავს პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია.

ლიკა კასრაძე სახალხო დამცველისთვის მიმართვას და სასამართლოში შრომით დავასაც აპირებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ