საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია "მაგთიკომს" 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ შპს "მაგთიკომისა" და “სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს.
აღნიშნული მხოლოდ კომპანია "სილქნეტმა" გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ "მაგთიკომმა" თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, "მაგთიკომს" ტარიფების გაძვირება გაუჩერა.
"გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, იმისთვის რომ აბონენტები არ დაზარალდნენ.
კომისიის გადაწყვეტილებით "მაგთიკომს" პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაში დატოვოს", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.