ავტორი:

ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც საქმე "ქურდებში გაურჩიეს" - "ქურდული შეკრების" ახალი დეტალები

ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც საქმე "ქურდებში გაურჩიეს" - "ქურდული შეკრების" ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. "ქურდულ შეკრებაში" მონაწილე 5 პირი დააკავა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქესა და ბიზნესმენს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით "ქურდული შეკრება" გაიმართა, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წევრები მონაწილეობდნენ.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელსაც მოქალაქემ დავა "ქურდებში გაურჩია" ჯენერი მესხიაა. იგი შპს "აპოლოს" 100%-იანი წილის მფლობელია. მას მოქალაქე მერაბ კაჭკაჭიშვილთან დავა, სავარაუდოდ, თანხასთან დაკავშირებით ჰქონდა, რომლის მოგვარებაც კაჭკაშიშვილმა "ქურდებს" სთხოვა.

"ქურდულ შეკრებაში" კაჭკაჭიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: ირაკლი მოსაშვილი, ლაშა სირბილაძე, ირაკლი რიჟამაძე და შაქრო ქარელიშვილი.

ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.

სულხან ჯაფარიძე

სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა. პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა, მათ 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდ" სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

ნახეთ ვიდეო: თბილისში 5 "კანონიერი ქურდი" დააკავეს - როგორ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია დედაქალაქში

პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“-განაცხადა კახა საბანაძემ.

"სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას სთხოვდა" - ფეხბურთელი გოგონები ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ექსკლუზივი: "ამ დღეში ჩამაგდო მამაკაცმა, რომელმაც მუცელში მყოფი შვილი მოკლა და ციხეშიც არ გაუშვეს" - ძალადობის მსხვერპლი ქალის მძიმე ინტერვიუ

"დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა" - შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა