თბილისის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 9 თებერვალს მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ინტერპრესნიუსი“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 9 თებერვალს, 20:59 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა, 1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა.
შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა. კერძოდ, გაეწია ექიმების კონსულტაცია, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რის შედეგადაც რაიმე ცვლილება არ გამოვლენილა.
ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჰემოდინამიკა სტაბილურია, მსჯავრდებული იმყოფება სედაციის ქვეშ.
მომხდართან დაკავშირებით გუშინვე დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველოს მიერ (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები; შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები და დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ის ექიმი, რომელმაც მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
შოთა შანიძეს 2009 წლის 11 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 19-109 მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 19-109 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად 33 წლით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი 2010 წლის 30 მარტს უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო 2010 წლის 01 ივლისს - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
2015 წლის 15 დეკემბერს შოთა შანიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ და 117-ე მუხლის მე-8 ნაწილებით გასამართლდა (2014 წლის 4 მარტს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმე). ამავე სასამართლოს მიერ პირველი და მეორე საქმის განაჩენთა ერთობლიობით და ამნისტიის გათვალისწინებით, შოთა შანიძეს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მიმდინარე წლის 3 იანვარს, შოთა შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა, ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას, მსჯავრდებულმა შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა და ითხოვდა მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. მსჯავრდებულმა შანიძემ შიმშილობა შეწყვიტა 7 თებერვალს“, - ნათქვამია განცხადებაში.