დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით 254 ბავშვს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც მათ 10%-ს სისხლში 10 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტი ტყვიის შემცველობა დაუდგინდა, ხოლო 33%-ს 5 მიკროგრამი და მეტი.
ტყვიის გავრცელება ბავშვების ორგანიზმში შეიძლება, როგორც სამშენებლო, ისე სათამაშოების საღებავიდან ხვდებოდეს ან გადადიოდეს მშობლის ორგანიზმიდან ორსულობის დროს.
ქვეყნის პირობებში პრობლემის მასშტაბი რომ დავინახოთ, ამისთვის საჭიროა უფრო დიდი კვლევის ჩატარება. პორტალზე “იდეა ქალაქის მერს” მოქალაქეთა ჯგუფმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით - მერიამ ორგანიზება გაუწიოს ორსულებსა და ბავშვებში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის კვლევით პროგრამას. ინიციატივის ავტორი დავით ჯორბენაძეა.
ინიციატივის ავტორის მოთხოვნით, აუცილებელია მერიამ დააფინანსოს თბილისში მცხოვრებ პირველ და მეორე ტრიმესტრში მყოფი ორსულებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის და სხვა მძიმე მეტალების განსაზღვრის მუნიციპალური პროგრამა. იმისთვის რომ ქალაქის მერიამ პროგრამა დააფინანსოს, აუცილებელია ინიციატივას ბევრმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი. გადადით ბმულზე და დარეგისტრირდით ინიციატივის მხარდამჭერებს შორის.
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბავშვის ორგანიზმში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას?
ტოქსიკოლოგ ინგა ღვინერიას განმარტებით, ტყვია, რომელიც ბავშვის ორგანიზმში როგორც საკვებიდან და წყლიდან, ისე გარემოში არსებული ნივთებიდანაც შეიძლება მოხვდეს, ბავშვის ზრდა-განვითარებას უშლის ხელს, განსაკუთრებით მძიმედ კი ნერვულ სისტემაზე აისახება.
"ძნელი განსასაზღვრია, თუ ტყვია რა ტიპის საკვებში შეიძლება იყოს, თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნულ მეტალს მკვეთრი ფერის საღებავი შეიცავს, თუმცა აქ ხარისხსაც გააჩნია, მნიშვნელობა აქვს ვისი შემოტანილია. მკვეთრად შეღებილი სათამაშოები შეიცავენ ტყვიის დიდ რაოდენობას, ეს საკვებსაც ეხება და ამის კლევას სურსათის უვნებლობის სააგენტო ატარებს.
ტყვია გარემოში შეიძლება გაჩნდეს გამონაბოლქვისა და სამშენებლო სამუშაოების შედეგადაც. ტყვიის მიმართ ბავშვები ძალიან მოწყვლადი კონტიგენტია, რადგან ისინი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს, დედის ორგანიზმიდან იღებენ ტყვიას, ამიტომ ამ მხრივ ორსულები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობაზე ორსულთა გამოკვლევა არ ხდება, როცა ის პლაცენტარულ ბარიერს ადვილად გადის და ჩვილის ორგანიზმში, მაგალითად, თავის ტვინსა და ძვლებში გროვდება, შესაბამისად, ბავშვი უკვე იბადება გარკვეული რაოდენობით ტყვიის კონცენტრაციით და შემდეგ ემატება გარემოდან მიღებული ტყვია.
მეტალი დედის რძითაც გადადის. ბავშვის ორგანიზმში მეტალი სათამაშოებისა და შესახვევი მასალებიდანაც ხვდება. ასევე დედები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ რემონტის დროს ჩამონაფხეკი ბავშვმა პირში არ ჩაიდოს, რადგან შეიძლება, ის ტყვიას შეიცავდეს", - აღნიშნავს ინგა ღვინერია.