"იყო ერთი, თვეების, უსაყვარლესი ბოკვერი. სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ და ბევრჯერაც ამ ბოკვერს. ვეფხვებს რომ ვეფერებოდი, თვითონაც გრძნობდნენ და თავიანთი ჟესტებით გამოხატავდნენ სიყვარულს" - იტალიაში მცხოვრები, ულამაზესი ქართველი ნინო ყვავაძე გვიამბობს, როგორ დაუმეგობრდა ტაილანდში ვეფხვებს.
- უკვე რამდენიმე წელიწადია იტალიაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მყავს ულამაზესი ქალიშვილი – მარიამი. დავამთავრე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი. რაც შეეხება ვეფხვებთან დამეგობრებას, ეს ყველაფერი ტაილანდში მოგზაურობის დროს, ქალაქ ჰუა-ჰინში დაიწყო. გვითხრეს, რომ ცხოველების ზოოპარკი აუცილებლად უნდა გვენახა. ყველა ქალაქს თავისი ზოოპარკი აქვს, მოთვინიერებული ცხოველებით. ზოოპარკში რომ შევედით, ვიკითხეთ, თუ იყო შესაძლებელი გალიაში შესვლა და ცხოველების შეხება, მოფერება. ნანახით აღფრთოვანებული დავრჩით: ეს ამხელა ვეფხვები საცოდავად იყვნენ წამოწოლილები.
- მაინც შიში არ იყო მათი დანახვისას?
- შესვლის მომენტში იყო შიში, მაგრამ მერე გამიქრა. ადამიანზეა დამოუკიდებული, ზოგი გალიის მიღმა ეფერებოდა. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ცხოველები, თუმცა არასდროს მქონია ასეთი ახლო კონტაქტი, განსაკუთრებით ვეფხვებთან. მაინც ადვილად გადავლახე ბარიერი! ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. შემდეგ ბევრჯერ ვიყავი მისული, მაგრამ ზოგჯერ იყო ფოტოების გადაღების საშუალება და ზოგჯერ - არა. იქ იყო ერთი, თვეების უსაყვარლესი ბოკვერი. სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ და ბევრჯერაც ამ ბოკვერს. ვეფხვებს რომ ვეფერებოდი, თვითონაც გრძნობდნენ და თავიანთი ჟესტებით გამოხატავდნენ სიყვარულს... ტაილანდში ზოოპარკებს რაც შეეხება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყველა ქალაქს აქვს თავისი ზოოპარკი. ძალიან კარგად უვლიან ცხოველებს და საუკეთესო პირობებში აცხოვრებენ.
ტაილანდი საოცარი ქვეყანაა! განსაკუთრებით მომეწონა დედაქალაქი - ბანგკოკი. ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ზამთარში უფრო ცივია და ზაფხულში უფრო ცხელი, ვიდრე ბანგკოკი... აღმაფრთოვანა ხალხმა, კულტურამ კერძებმა... ალბათ არასდროს, არცერთ ქვეყანაში არ დამიგემოვნებია იმდენი თევზის სახეობა, რამდენიც ტაილანდში! ტაილანდში იყო ჩემი ყველაზე გრძელვადიანი მოგზაურობა, რომელიც დაიწყო 27 ოქტომბერს და გაგრძელდა 17 დეკემბრამდე. შორეულ მოგზაურობას დიდი დრო სჭირდება, ყველა ქალაქის დათვალიერება და გაცნობა ბევრ დროს მოითხოვს. თან ზამთრის სუსხიან პერიოდში რა ჯობია ზღვის ტალღებს, მხურვალე მზეს და პალმებს. ვყოფილვარ იტალიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, მაგრამ უფრო შორეული ქვეყნები მიზიდავს! ახლო პერიოდში ავსტრალიის მონახულებას ვაპირებ.
პირველად წლების წინ იტალიაში, ქალაქ რომში ვიმოგზაურე. ეს არის ქალაქი, რომელსაც ვერ ამოწურავ, ბოლომდე ვერ შეიცნობ! უცნაური სურვილი გიჩნდება ადამიანს, ძველი ქალაქის ქუჩებში უსასრულოდ იხეტიალო და მერე დაღლილ-დაქანცული, სადღაც შორეულ წარსულში გაუჩინარდე. ეს ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო და განსაკუთრებული ემოციით და გულისფანცქალით ველოდებოდი. რომში მოგზაურობა რომ ყველას ოცნებაა და მარადიული ქალაქია ეს ვიცით, ამიტომ ბევრს არ გავაგრძელებ: ცენტრი ძირითადად ტურისტების თავმოყრის ადგილია, რომელთა სიმრავლესაც ეს ქვეყანა ნამდვილად არ უჩივის. ყველაზე სახალისო ჟესტების ენით სარგებლობაა. რას იზამ, როცა სხვა გამოსავალი არ არის. არც შენ იცი იტალიური და არც მათ რაიმე სხვა ენა. ეს მომენტები ყველაზე მკვეთრად მახსოვს, ხელებით რომ ვუხსნიდი ადამიანებს, სად მინდოდა წასვლა. რაც შეეხება ესპანეთს, პატარა კუნძულს იბიცას გამოვარჩევდი. ეს არის მზის ზღვის და სიყვარულის ქალაქი, ულამაზესი ბუნებით.